იყო თუ არა ადრეული HOMO-ს ტვინი პრიმიტიული - უახლესი კვლევა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა სტატია The Primitive Brain of Early Homo (ადრეული Homo-ს პრიმიტიული ტვინი). სტატიაში, რომლის ავტორებიც შვეიცარიის, საფრანგეთის, ისრაელის, აშშ-ის, ისრაელის, ინდონეზიისა და საქართველოს სამეცნიერო ცენტრებს წარმოადგენენ, გაანალიზებულია აფრიკაში, აზიასა (იავა, ჩინეთი) და დმანისში ნაპოვნი ადრეული Homo-ს ტვინის აგებულება.

სტატიაში წარმოდგენილი შედეგები მიღებულია გამოსახულებების აღდგენის თანამედროვე საშუალებებით. ძირითადი კვლევები ციურიხის უნივერსიტეტში, უახლესი მეთოდით, კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებებით ჩატარდა, ევროპის სინქროტონული რადიაციის დაწესებულებაში (გრენობლი, საფრანგეთი) შეიქმნა სინქონტრონული რადიაციის მაღალი რეზოლუციის გამოსახულებები, ტვინის სამგანზომილებიანი მოდელირება კი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შეძლეს.

როგორც ცნობილია, თანამედროვე ადამიანების ტვინი განსხვავდება ადამიანის მსგავსი მაიმუნების ტვინებისგან ზომით, ფორმითა თუ ქერქის აგებულებით. ის, თუ ადამიანის ევოლუციის რომელ საფეხურზე გაჩნდა ეს განსხვავებები, მეცნიერებისთვის ათწლეულების კამათის საგანია. აქამდე ითვლებოდა, რომ თანამედროვე ადამიანის ტვინის ჩამოყალიბება დაკავშირებული იყო Homo-ს გაჩენასთან.

იმდენად, რამდენადაც ადრეული Homo-ს ტვინი ნაშთების სახით არ არის შემორჩენილი, მისი სტრუქტურის აღდგენა მხოლოდ იმ ანაბეჭდების საშუალებით არის შესაძლებელი, რომლებიც თავის ქალის შიდა ზედაპირზეა შემორჩენილი ხვეულების და ღარების სახით. სპეციალისტები შემორჩენილ თავის ქალაში სპეციალურ მასალას ათავსებენ, რომელიც ზუსტად იმეორებს ზემოხსენებულ ხვეულებს და ღარებს და გამყარების შემდეგ ტვინის მოდელად იქცევა. ამ მოდელს ენდოკასტი ეწოდება და სწორედ ის იძლევა შესასწავლი სახეობის ტვინის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას.

კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული Homo-ს ტვინები აფრიკიდან და დმანისიდან ინარჩუნებენ პრიმიტიულ, ადამიანის მსგავსი მაიმუნების შუბლის წილს, ხოლო აფრიკელ Homo-ს, რომელიც 1.5 მილიონ წელზე ახალგაზრდაა, ისევე როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელ Homo erectus-ს ბევრად უფრო განვითრებული, თანამედროვე ადამიანის მსგავსი ტვინის აგებულება აქვს.

განსხვავებები თვალსაჩინოა შუბლის წილში. ზოგადად, ტვინის ეს უბანი პასუხისმგებელია ისეთ კოგნიტურ ფუნქციებზე, როგორიცაა სოციალური ცნობიერება, მეტყველების უნარი, დაგეგმვა, თვითკონტროლი, ყურადღება, აბსტრაქტული აზროვნება, ზნეობრივი გადაწყვეტილებების მიღება და სხვა ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ფუნდამენტურად განასხვავებენ ადამიანს სხვა ცხოველებისგან.

უახლეს კვლევამდე, შუბლის წილის რეორგანიზაცია ყველაზე ადრეული აფრიკელი Homo-ს ნიშნად იყო მიჩნეული, თუმცა ირკვევა, რომ ეს ცვლილება შედარებით გვიან, მაგრამ აფრიკიდან პირველი Homo-ს გავრცელებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდა. უფრო მოკლედ, რომ ვთქვათ: ადრეულ Homo-ს თანამედროვე ადამიანის მსგავსი ტვინის აგებულება აფრიკიდან პირველი გავრცელების შემდეგ განუვითარდა – დმანისელი ჰომინიდების ქალიდან აღებული ტვინის ანაბეჭდები სწორედ ამას ადასტურებს.

დმანისის ნამარხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ამ, ისე მრავალ სხვა საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ კვლევაში მათი განსაკუთრებული მდებარეობისა (ევროპა) და ქრონოლოგიის (1,85-დან 1,77 მილიონი წლები) გამო. დმანისი წარმოადგენს ადგილს, სადაც აფრიკიდან Homo-ს პირველი გავრცელება მოხდა. სწორედ დმანისში აღმოჩენილი თავის ქალას ენდოკასტის შესწავლამ აჩვენა, რომ 1,8 მილიონი წლის წინ Homo erectus-ს ჯერ კიდევ პრიმიტიულად მოწყობილი ტვინი ჰქონდა, მაშინ, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის შედარებით გვიანდელ Homo erectus-ებს ტვინი ბევრად უფრო განვითარებული იყო. შესაბამისად, ადამიანის მსგავსი შუბლის წილი Homo-ს გვარში აფრიკიდან პირველი გამოსვლის შემდეგ განვითარდა.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა რომ „დმანისელებს“ ჰქონდათ მცირე ზომისა და პრიმიტიული ტვინი, მათ შეეძლოთ ქვის იარაღის დამზადება, ევრაზიის ახალ გარემო პირობებთან შეგუება, თავის ცხოველური საკვებით უზრუნველყოფა და ჯგუფის იმ წევრებზე ზრუნვა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო სამყაროში, სამეცნიერო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ „ახალი მონაცემების თანახმად ადამიანის ტვინის ევოლუციური ისტორია ბევრად უფრო რთული პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ“.

„იმის დადგენა, თუ ევოლუციურად როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა ტვინი, ნეირომეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვეხმარება, უკეთ გავიგოთ როგორ ვითარდება და ფუნქციონირებს ადამიანის ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც განგვასხვავებს ჩვენ ცხოველთა სამყაროს ყველა სხვა წარმომადგენლისაგან. მოცემული ნაშრომი წარმოადგენს არა მარტო უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო და ტექნოლოგიურ გარღვევას, ეს კვლევა ასევე ადასტურებს, რომ სწორი მიდგომების და სწორი მეცნიერული ხედვის პირობებში, ქართველ მეცნიერებს აქვთ ინტელექტუალური და სამეცნიერო რესურსი, გახდნენ მსოფლიო დონის თანამედროვე კვლევების მნიშვნელოვანი მონაწილენი, რაც მეცნიერთა ამ ჯგუფს ადრეც ბევრჯერ დაუმტკიცებია. მიხარია და მეამაყება მათი მორიგი წარმატება”, - ამბობს ნეირომეცნიერი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია.

სტატიის თანაავტორის, დმანისის საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის აზრით: „ეს კვლევა, ისევე როგორც 2019-2020 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც დმანისის ნამარხებიდან უძველესი ცილების გამოყოფის შედეგებს ეხებოდა, ადასტურებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დმანისის ნამარხები ახალი, დიდი სამეცნიერო აღმოჩენების შესაძლებლობებს იძლევა და რომ ის კვლავ წარმოადგენს მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების გაუნელებელი ინტერესის საგანს“.