105 ახალი სტატია

„ვის ატყუებენ - საკუთარ თავს თუ საზოგადოებას აყრიან თვალებში ნაცარს?“ - მანანა ნიკოლაიშვილი

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2020 წლის მიწურულს სასწავლო წლის პირველი სემესტრიც სრულდება. რა მდგომარეობაა დღეს პანდემიისა და ლოკდაუნის გამო დისტანციური სწავლების სფეროში, შედგა თუ არა ონლაინსწავლება საქართველოში და რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები? - „ვერსია“ განათლების ექპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ესაუბრა, რომელმაც საუბარი განათლების და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გაკეთებული მოხსენების შეფასებით დაიწყო:

„მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა ელექტრონულ ჟურნალებზე, ვირტუალურ კლასებზე და ა.შ. რაც დღეს მეასეხარისხოვანია. მთავარი ისაა, რომ მოსწავლე და სტუდენტი მოვიდეს და დაჯდეს იმ ვირტუალურ გარემოში, სადაც სწავლება მიმდინარეობს. მინისტრს იმ ტრაგედიაზე უნდა ესაუბრა, რომ დისტანციურ სივრცეში 600 000-ზე მეტი მოსწავლეა და მათგან 70% ვერ ერთვება გაკვეთილზე, იგივე სიტუაციაა უმაღლეს სასწავლებლებშიც. რის მიზეზებს ჩამოვთვლი - „უნისეფმა“ გასულ სასწავლო წელს გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომ საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ხელი არ მოუწვდება ინტერნეტზე და ტექნოლოგიურ საშუალებებზე. სამინისტრომ კარგად იცის სტატისტიკა, ყოველ დღე რამდენი ბავშვი ვერ ერთვება გაკვეთილზე თუ ლექციაზე. სოციალურად დაცულ ოჯახებად ვინც ითვლება, იმ ბავშვებსაც არ აქვთ ინტერნეტი, ტელეფონი და არც კომპიუტერი. ზოგს აქვს და უფუჭდება ან სახლში ერთი ტელეფონია, მშობელი მიდის სამსახურში და ბავშვი ვერ ერთვება ონლაინგაკვეთილში. უმეტესობას wi-fi არ აქვს სახლში და ყიდულობენ ინტერნეტპაკეტებს, რაც უჯდებათ ძვირი. ხალხი, რომელიც გროშებს ითვლის პურისთვის ამ უმუშევრობის დროს, ინტერნეტპაკეტებს ვერ შეიძენს. პერსონალური ინფორმაციაა, თორემ კონკრეტული სახელები და გვარები, მისამართები შემიძლია, დავასახელო, სადაც ვერ ერთვებიან ბავშვები ამ მიზეზების გამო. ზოგს კი ყველაფერი აქვს, ტელეფონიც, კომპიუტერიც, ინტერნეტიც, მაგრამ სახლში იმხელა ფართი არ აქვთ, რომ ოჯახში რამდენიმე ბავშვი ჩაერთოს გაკვეთილზე. ზოგის მშობელია ან ბებია-ბაბუაა მასწავლებელი ან პროფესორი, ზოგს უფროსი დედმამიშვილი ჰყავს სტუდენტი და ყველა ვერ ერთვება დისტანციურ სწავლებაში.

 გასულ წელს მყავდა მოსწავლე, რომელსაც დიდი სახლი კი აქვს, მაგრამ 9 დედმამიშვილი ჰყავს და მითხრა, მთელ სახლს ვერ ვათბობთ და ყველა ერთ ოთახში ვართ თავმოყრილიო. ამიტომ ეს ბავშვი ვერ ერთვებოდა. გვიან რეკავდა ან გარეთ გადიოდა ეს ბავშვი და კონსულტაციას ვუწევდით. თითქოს ეს არაფერია და ყველაფერი კარგად არის! ამ პრობლემებზე არ საუბრობენ!“

ნიკოლაიშვილი როგორც სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებელშიც ასწავლის და ამბობს, სტუდენტების პრობლემებიც ძალიან კარგად იცის:

„სტუდენტები, ძირითადად, სოფლებში არიან წასული იმიტომ, რომ რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები მუშაობენ და სწავლის და ქირის ფულს საკუთარი ხელფასით იხდიან. ახლა კი ეს რომ ვერ შეძლეს, წავიდნენ სოფლებში და ამ მთავრობამ არ იცის, რომ სოფლების უმეტესობაში ინტერნეტი არ არის შეყვანილი?! ინტერნეტპაკეტებს რომ ყიდულობენ, დაბალი ხარისხისაა, არადა 3 საათიანი ლექციები და ლაბორატორიული მეცადინეობები უტარდებათ ვირტუალურ გარემოში. იმდენად დაბალი ხარისხის ინტერნეტია, მეუბნებიან, ვერაფერს ვიგებთო, არადა ახალი მასალიდან წერტილ-მძიმე რომ გამოგრჩეს, იმას ვეღარ გაიგებ. მასწავლებელიც ონლაინჩართვისას ორმაგად იტვირთება, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება მასწავლებლების მხრიდან, თუმცა ვერ ესწრება საქართველოს მოსწავლეების 60-70% ! ამაზე ინდა გამოვიდეს მთავრობა და ამ პრობლემის აღმოფხვრაზე პროგრამების პრეზენტაცია უნდა გააკეთოს ბატონმა მინისტრმა და მთელმა მთავრობამ და არა ის, თუ რას გააკეთებენ 2024 წელს. იქამდე საერთოდ მივაღწევთ კაცობრიობა, ისეთი ვირუსები გვიტევს?! ან ეს მთავრობა იქნება?! - ჯერ პარლამენტი ვერ დაუკომპლექტებიათ. მე ვაცხადებ, რომ არ მინდა ასეთი პარლამენტი, ერთპარტიული, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. თითო-ოროლა კაცის შესვლა მაგათ ვერ იხსნის, უბრალოდ, აუტანელი საყურებელია, როდესაც ერთი პარტია იხილავს ერთ ხმაში საკითხს. ესენი ეწინააღმდეგებიან ღმერთის კანონებს, სამყარო ღმერთმა შექმნა ასე - დადებითი მუხტი იზიდავს უარყოფითს; არსებობს ორი სქესი - ქალი და მამაკაცი; პოზიცია -ოპოზიცია და ა.შ. ამათ კიდევ ცალ ხმაში უნდათ, ილაპარაკონ და იმღერონ იმ პარლამენტში? არ შეიძლება ოპოზიციის გარეშე, როგორიც არ უნდა იყოს ის.“

მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მოსწავლეებს კონსტიტუციით აქვთ უფლება, განათლება მიიღონ, რაც დღევანდელი რეალობის მიხედვით, დარღვეულია:

 „მოსწავლეები და სტუდენტები ვერ ესწრებიან ონლაინსწავლებას, სამართლებრივ ენაზე ვილაპარაკოთ - საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობა და განათლების მიღების უფლება არის კონსტიტუციის მთავარი მოთხოვნა. რაც ირღვევა იმიტომ, რომ ვერ იღებენ განათლებას მოსწავლეები და სტუდენტები. ხელი არ მიუწვდებათ დისტანციური სწავლების გამო განათლებაზე და არ არიან თანაბარ პირობებში. ვინც მდიდარი და შეძლებულია, არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში, ხოლო ვინც ღარიბი და ღატაკია, ვერ ერთვებიან, ანუ ვერ იღებენ განათლებას. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში არ უნდა ისმოდეს მოხსენება და კითხვები? ვის ატყუებენ - საკუთარ თავს თუ საზოგადოებას აყრიან თვალებში ნაცარს? რა, არ იციან მშობლებმა, რომ შვილები ვერ იღებენ განათლებას? არის შემთხვევები, როცა საერთოდ ვერ ერთვება ვერც მოსწავლე და ვერც სტუდენტი და ასეთები არიან ათიათასობით. 30 დეკემბრიდან არდადეგები იწყება, ე.ი. ნიშნები და ქულები იწერება და ექსპერტებმა წერილი მისწერეს ჩხენკელს ამ პრობლემებზე, რაზეც ვსაუბრობ და დაუსვეს კითხვა - მოსწავლეები, რომლებიც საერთოდ ვერ ერთვებიან საგაკვეთილო სივრცეში, როგორ შევაფასოთო, დღემდე სიჩუმეა ამ საკითხზე. ბავშვს, რომელოც საერთოდ არ გესწრებოდა, ორიანს ვერ დაუწერ და ტოვებ შეუფასებელს, მეორე სემესტრში წლიური ნიშანი აღარ გამოუვა. ე.ი კლასიდან კლასში ვერ გადავა. სამეცნიერი კუთხით რომ მივუდგეთ - რა მოსდის ასეთ დროს ბავშვს? მოსწავლე არაფერში არაა დამნაშავე, არც -სტუდენტი. მოსწავლეს, რომლის ფსიქიკაც ძალიან სათუთია, ბობოქარი და წინააღმდეგობრივია, ჰორმონალური ცვლილებების ფონზე გარდამტეხ ასაკში, ამ დროს გამოუცხადე დისტანციური სწავლება, არ შეაიარაღე და ახლა იმას ნერვიულობს, რომ შეიძლება დარჩეს კლასში. ანუ, მთლიანად წყვეტ მის თანატოლებს, სოციალურ გარემოს. ნებისმიერი ფსიქოლოგი, პედაგოგი და ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ ამ ბავშვების კლასში დატოვება არ შეიძლება. ამ ბავშვებს "გადავტეხავთ ხერხემალში", დავღუპავთ საერთოდ, გზიდან ავაცილებთ და ცხოვრებას დავუნგრევთ. არადა, ექსპერტები სვამენ კითხვას, როგორ გადავიყვანოთო? - დღემდე ვკამათობ ჩემს კოლეგებთან ამ საკითხზე. მხოლოდ ხელისუფლება არ კამათობს, ეს რა ხელისუფლებაა?! რატომ წარმოადგენენ ყველაფერს ჰარმონიულად, რა ჰარმონიული არის ცხოვრება? - არა, ცხოვრება წინააღმდეგობებით სავსეა...“

ნიკოლაიშვილი მთავრობას მიმართავს, სასწარფოდ გამოყოს თანხა დისტანციური სწავლების პრობლემების მოსაგვარებლად:

„ჩემი მიზანი ის კი არაა, რომ კლასიდან კლასში გადავიყვანოთ უცოდინარი ბავშვი, არამედ სასწრაფოდ სახელმწიფომ უნდა გამოყოს თანხა. მორჩნენ ამ კეკლუცობას და გამოყონ 100 მილიონი. 50 მილიონზე მეტი დაჭირდება იმ ბავშვების უზრუნველყოფას, რომელთაც ტექნიკური საშუალებები არ აქვთ. 20 მილიონი ინტერნეტპაკეტებისთვის უნდა გამოიყოს. აქეთ სტუდენტებს და მასწავლებლებსაც გადმოხედონ. ბევრ მასწავლებელს არ აქვს ან გადაეწვა ტექნიკური საშუალებები. ჩვენი ტექნიკით რომ ვმუშაობთ, ან მოგვცენ სკოლების ტექნიკა, ან ჩაურთონ მასწავლებლებს ულიმიტო სასაუბრო, რომ მოსწავლეებს დაურეკონ მაინც. ვინც ვერ ერთვებოდა ონლაინსწავლებაში, იმ მოსწავლეებს მასწავლებელმა გაუწიოს კონსულტაციები, ეს გაგრძელდეს ზამთრის არდადეგების დამთავრებამდე და მერეც... ამ კონსულტაციების შემდეგ მასწავლებლებმა მისცენ საშინაო და კომპლექსური დავალებები. ტელეფონის საშუალებით გამოკითხონ და ასე შეფასდებიან ეს ბავშვები. ძალიან ბევრი მეცადინეობს და სწავლობს სახლში, უყურებს ტელესკოლას და უკუკავშირი უნდა გაუკეთოს მასწავლებელმა.“

ნიკოლეიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს:

ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, თქვენ თუ აპირებთ მხოლოდ რაღაც მოგონილ უპრობლემო ცხოვრებაზე საუბარს პარლამენტის თუ სამთავრობო სივრცეში, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და თქვენ დაღუპავთ ქვეყანას, თქვენს თავებსაც და მომავალ თაობასაც!..

მე, როგორც ბიოქიმიკოსი და ახლოსმდგომი ვირუსოლოგიასთან, ვაცხადებ, რომ ეს იყო სამშობლოს ღალატი, არჩევნები რომ ჩაატარეს ამ პანდემიის დროს და არ გადაიტანეს, ფართო მასების მოძრაობამ და ერთმანეთთან კონტაქტმა განაპირობა ვირუსის აფეთქება. მეორე უდიდესი ფაქტორი იყო სკოლებისა და ბაღების, ასევე უნივერსიტეტების ამუშავება პირდაპირი კონტაქტის გზით, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს კოვიდაფეთქება, რასაც ამდენი ადამიანი ეწირება. რად გვიღირდა ეს ყველაფერი? - მინდა, მკაცრად გავაფრთხილო მთავრობა - ლაბორატორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებზე ნუ დაგყავთ სტუდენტები, მათ ხომ პროფესორ-მასწავლებლები ემსახურებიან და ისინი ხომ ასაკოვანი, რისკჯგუფში მყოფი ხალხია და რატომ კლავთ მათ..?

აუცილებლად მინდა, ვისაუბრო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზეც, ეს ბავშვები არიან აბუნტებულები და ითხოვენ სწავლის საფასურის განახევრებას, სრულ დაფინანსებას, ან დროში გადანაწილებას - სხვადასხვა ვარიანტებია და ყველა მათგანის მოთხოვნა ინდივიდუალურად უნდა განიხილონ და მრავალმიმართულებიანი სამთავრობო დადგენილება უნდა გამოიტანონ და დააკმაყოფილონ ამ სტუდენტების მოთხოვნები.“

 თათია გოჩაძე