56 ახალი სტატია

ქართული სოფელი, სადაც აფხაზური სიმღერის ხმა ისმის - როგორ სწავლობენ მშობლიურ ენას აჭარელი აფხაზები

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამ გაკვეთილზე, მიუხედავად ასაკისა და ცოდნისა, ყველა პირველკლასელია. ეს უცხო და ამავდროულად მშობლიური ენის კლასია, სადაც ანა-ბანას ყველა ასაკის მსურველები ერთად სწავლობენ.

„ბზიალა ფშააბეთ“ ამ სიტყვებით, ეგებებიან ბავშვები საკლასო ოთახში შემოსულ სტუმარს, რაც აფხაზურად „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“-ს ნიშნავს.

ეს აფხაზური ენის გაკვეთილია. მოსწავლეები, ძირითადად, ეთნიკური აფხაზები არიან, რომლებიც აჭარაში ცხოვრობენ.

ამ პატარა სოფლის სკოლაში აფხაზურ ენას 2016 წლიდან ასწავლიან. კლასში აფხაზ ბავშვებთან ერთად რამდენიმე აჭარელიცაა.

ფერია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,  ბათუმიდან სამ კილომეტრში მდებარეობს.  2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 1830 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებული აფხაზები, ე. წ. მუჰაჯირები დასახლდნენ. (ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, 1867 და 1877 წლებში აფხაზეთიდან თურქეთში რუსეთის იმპერიამ 50 ათასზე მეტი აფხაზი გადაასახლა).

აჭარაში აფხაზები სოფელ ფერიის  მსგავსად ხელვაჩაურის რაიონის 10-ზე მეტ სოფელსა და ბათუმის რამდენიმე უბანში ცხოვრობენ.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული წყაროების მიხედვით, აფხაზთა პირველი დასახლება აჭარაში მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. მასობრივი დასახლება კი ამავე საუკუნის 60-70 წლებში, აფხაზთა მუჰაჯირობის პერიოდს უკავშირდება. 2000 წელს, ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით,  აფხაზთა რაოდენობა აჭარაში 2 ათასს აღწევდა.

ფერიის სკოლაში მიჩვეულები არიან სტუმრებს – საქართველოში აფხაზური ენის გაკვეთილები იშვიათობაა, ამიტომ აქაურობას ჟურნალისტებიც ხშირად სტუმრობენ და პოლიტიკოსებიც.

„ვფიქრობ, აფზახური ერთ-ერთი ყველაზე რთული ენაა მსოფლიოში,“ – ამბობს 16 წლის ეთნიკური აფხაზი, რუსლან ჭოლოკავა, რომელიც აფხაზურ ენას მეექვსე კლასიდან სწავლობს.

თავიდან მშობლიური ენის შესწავლა ძალიან უჭირდა, თუმცა ანბანის სწავლის შემდეგ ალღო აუღო. ახლა უკვე სოხუმში მყოფ ნათესავებსაც  აფხაზურად ესაუბრება.

ფერიის საჯარო სკოლაში რუსლანის მსგავსად აფხაზურ ენას 26 აფხაზი და აჭარელი ბავშვი სწავლობს.

 წყარო - „ჯემნიუსი“