პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

როგორც ილია თოფურიამ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება.

„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ტიტულის მიღება. წავედი საქართველოდან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით ვივსები. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. ახლა წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ილია თოფურიამ.

ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ილია თოფურია და მისი მსგავსი ადამიანები არიან ცოცხალი მაგალითები ახალგაზრდებისთვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჯილდო გადავცე ილია თოფურიას. იგი ძალიან სამაგალითოა ბევრ ასპექტში, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიო, იქნება ეს საქართველოში, საზღვარგარეთ. ილია თოფურია და მისი მსგავსი ადამიანები არიან ცოცხალი მაგალითები ახალგაზრდებისთვის. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას აკლია მაგალითები, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ მოისურვეთ, შეგინარჩუნდეთ საქართველოს მოქალაქეობა. ესეც არის სერიოზული გზავნილი მათთვის, ვინც ცხოვრობს უცხოეთში, რათა დროულად გამოთქვან მოქალაქეობის სურვილი. სხვადასხვა ფორმა არსებობს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, მინიჭების, მთავარია სურვილი, ნება და ეს ნება თქვენ გამოიჩინეთ. ეს არის ქართველობა, ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი, სადაც არ უნდა იყო და როგორი წარმატებულიც არ უნდა იყო. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.