როგორ „გაცოცხლდა მიცვალებული“ თბლისის ერთ-ერთ სასაფლაოზე - სისხლიანი კრიმინლური ამბავი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული მხატვრული ფილმი „იმერული ესკიზები“, ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი. იქ ბევრი სახასიათო პერსონაჟი თუ ეპიზოდია, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ორი სიტყვაა - „მიცვალებული ადგა“. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიცვალებულთა გაცოცხლება წარმოუდგენელია, მაგრამ კლინიკური სიკვდილის შემთხვევები იშვიათად მაინც ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სხვადასხვა ეროვნებისა და, შესაბამისად, ტრადიციის ადამიანი ცხოვრობს, დაკრძალვის ცერემონია დღემდე სხვადასხვაგვარია...

 

„ღამის 2 საათზე, განყოფილებაში ერთ-ერთი სასაფლაოდან დარეკეს და თქვეს, რომ მიცვალებული გაცოცხლდა და საფლავიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ვინც რეკავდა, აშკარად ნასვამი იყო, მაგრამ ფაქტი უნდა გადაგვემოწმებინა და რადგან არც საქმე გვქონდა ბევრი, შემთხვევის ადგილზე ლამის მთელი განყოფილება წავედით“, -იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილზე მისულებმა ორი უგონოდ მთვრალი მესაფლავე, ნახევრად ამოთხრილი საფლავი და იქვე მჯდომი, „საკუბოვედ გამოწყობილი“ მამაკაცი ნახეს. მამაკაცს მეტყველება უჭირდა, აშკარა იყო, შოკში გახლდათ, მესაფლავეები კი არეულად ჰყვებოდნენ რაღაცას, მაგრამ აზრის გამოტანა შეუძლებელი იყო. ამიტომ, ძალოვნებმა ყველა მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადგილზე რამდენიმე ოპერმუშაკი დატოვეს და გათენებას დაელოდნენ, რათა შემთხვევის ადგილიც კარგად დაეთვალიერებინათ და რაც მთავარია, გამოფხიზლებული მესაფლავეებისთვის მოესმინათ. დილით ორივე მესაფლავე ერთსა და იმავეს ჰყვებოდა:

„შუადღეს მიცვალებული მოასვენეს, ვიცოდით, რომ უნდა დაემარხათ და საფლავიც გათხრილი გვქონდა. სულ რამდენიმე კაცი იყო, მიცვალებულის კუბო დააჭედეს, საფლავში ჩაუშვეს და წავიდნენ. იმის გამო, რომ ცხელოდა, საფლავს რამდენიმე ნიჩაბი მიწა მივაყარეთ, შემდეგ დასასვენებლად წავედით, საღამოსთვის რომ ამოგვევსო. მეგობარი გვეწვია, სასმელი მოიტანა, დალევა დავიწყეთ და ღამით გაგვახსენდა, რომ საფლავი ისევ გათხრილი იყო. წამოვედით ასავსებად და ქვემოდან ხმები შემოგვესმა. ჯერ გვეგონა, გვეჩვენებოდა, მერე ყური დავუგდეთ, ვიღაც შველას ითხოვდა, თხლად დაყრილი მიწა გადავწიეთ და კუბოს სახურავი ბარით ავხადეთ, იქიდან კი ეს კაცი ამოვიდა. შეგვეშინდა, მაგრამ არ გავქცეულვართ, მილიციაში დავრეკეთ“, - ეს იყო მესაფლავეების ნაამბობი.

„დაახლოებით, ექვსი თვის წინ, ქალი შემიყვარდა. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანელი იყო, საოცარი გრძნობა გამიჩნდა, მანამდე რომ არ მქონია არავის მიმართ. ის დედასთან ერთად ცხოვრობდა, ვუთხარი კიდეც დედამისს, თქვენი შვილი მიყვარს-მეთქი და გადაირია, ქრისტიანს სიძედ ვერ შემოვუშვებო. არადა, ქალი ქვრივი იყო, პირველი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა, ქმარი მოულოდნელად გარდაეცვალა. შეხვედრა დავიწყეთ, ჩემთან ვხვდებოდით და საბოლოოდ, დედამისიც შეეგუა იმ აზრს, რომ ქრისტიანი სიძე უნდა ჰყოლოდა. ქორწილი არ გადამიხდია, რადგან ჩემებმა გამრიყეს, ვერ აიტანეს, რომ აზერბაიჯანელი, თანაც განათხოვარი მოვიყვანე. არც იმისიანები მოსულან, როგორც ჩვენ არ გვსურდა მუსულმანი რძალი, ისე მათ არ სურდათ ქრისტიანი სიძე. ამის მიუხედავად, ერთად ცხოვრება დავიწყეთ, ხელი მოვაწერეთ და ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორ მოვხვდი საფლავში? არ ვიცი... სამსახურიდან სახლში სადილისთვის მივედი, საოცარი ხელი ჰქონდა დედასაც და შვილსაც, გემრიელ საკვებს ამზადებდნენ, ვჭამე და... მერე უკვე ის მახსოვს, რაღაც ფიცრულში რომ გავიღვიძე, სანამ არ ამომთხარეს, ვერც კი მივხვდი, რომ კუბოში ვიყავი. რა და როგორ მოხდა, არ ვიცი, როგორ მოვკვდი, ან როგორ გავცოცხლდი, ან სად არის ჩემი ცოლი... არაფერი ვიცი“, - ეს კი „მიცვალებულის“ ჩვენება გახლდათ.

რა თქმა უნდა, სამართალდამცავები მითითებულ მისამართზე წავიდნენ და შავებში შემოსილი დედა-შვილი დახვდათ. ფრთხილად გამოჰკითხეს გარდაცვლილის შესახებ და ორივემ მოთქმით ტირილი დაიწყო, სადილზე მოვიდა, მერე მოულოდნელად უგონოდ დაეცა, სასწრაფო გამოვიძახეთ, წაიყვანეს და იქიდან გარდაცვლილი გამოგვატანეს, სიკვდილის მიზეზი ნორმალურად არც გვითხრესო. გამომძიებლები გაოცდნენ, გამოდიოდა, რომ მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა და იქიდან ისე გამოატანეს, რომ „მიცვალებული“ არ გაუკვეთავთ. პათანატომი ახალგაზრდა გოგო იყო, მილიციის დანახვაზე დაიბნა და...

„იმ დღეს პაემანი მქონდა და ერთბაშად სამი მიცვალებული მომაყარეს. ერთი გავკვეთე, მეორე და მესამე ვერ მოვასწარი, პაემანზე მაგვიანდებოდა, ამიტომ დასკვნა დავწერე, სიკვდილის მიზეზად ერთში გულის უკმარისობა ჩავწერე, მეორეში აღარც მახსოვს და პაემანზე წავედი. რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის, რით მოვკდა, ეს ხომ არ იყო კრიმინალური შემთხვევა, როდესაც გამოძიებისთვის ყველა დეტალი საინტერესოა“, - განაცხადა გოგონამ.

მამაკაცს სისხლის კვლევა ჩაატარეს და მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთერება აღმოაჩინეს, ისეთი, რომელიც კონკრეტულ საწარმებში იყო და რომლის გატანაც უმკაცრესად კონტროლდებოდა. ერთი ეგ გახლდათ, აღნიშნული ნივთიერება შაქართან რეაქციაში შედიოდა და თუ დიდი დოზით შაქარი ჰქონდა მიღებული პირს, საწამლავი ეტაპობრივად, მაგრამ მაინც განეიტრალდებოდა და გადარჩენის შანსი ძალიან დიდი იყო. ამ პროცესში არსებობდა იმის ალბათობაც, რომ გული გაჩერებულიყო და ადამიანი გარდაცვლილად ჩაეთვალათ. დაზარალებულმა გაიხსენა, სანამ სახლში მივიდოდა, სამსახურში, ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღე აღნიშნეს და სამი ნაჭერი ტორტი ჭამა, შოკოლადიც იყო და ძალიან მიყვარსო, გზად კი, მსუყე ნაჭრებს გადამუშავებაში რომ დახმარებოდა, ლიმონათი დააყოლა. სავარაუდოდ, სიკვდილისგან სწორედ ამან იხსნა, მაგრამ... როგორც წესი, გასვენება რამდენიმე დღეში ხდება და მამაკაცი მეორე დღეს დამარხეს. რატომ?

„იმის მიუხედავად, რომ ქრისტიანი იყო, გადავწყვიტეთ, ჩვენი წესებით დაგვემარხა ანუ გარდაცვალებიდან მეორე დღეს, მაგრამ ქრისტიანობაც გავითვალისწინეთ და კუბოში ჩავასვენეთ, ჩვენთან კუბო არ იციან. თანაც, მის დასაფლავებაზე არც ჩვენი ნათესავები მოვიდოდნენ, არც - მისი, მოკვეთლებივით ვიყავით“, - განაცხადეს დედა-შვილმა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ „მიცვალებული“ ცოცხალი იყო.

პარალელურად, გამოძიება დედა-შვილზე მუშაობდა და მალევე დაადგინეს, რომ პირველი ქმარიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მეორეც. მეტიც, ისინი არ იყვნენ აზერბაიჯანელები, გვარი ჰქონდათ გადაკეთებული და სინამდვილეში, ბოშები გახლდნენ. უფრო ზუსტად, არც ნამდვილი ბოშები, მოლდაველები. ამიტომ, აზერბაიჯანულ წეს-ჩვეულებებზე საუბარი მათი მხრიდან, უბრალოდ, სისულელე იყო. ისიც გაირკვა, რომ დედა წლების წინ, ერთ-ერთ იმ საწარმოში მუშაობდა დამლაგებლად, სადაც მამაკაცის ორგანიზმში აღმოჩენილ საწამლავს აწარმოებდნენ. დედა-შვილი დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. გამომძიებლებს სურდათ, „გარდაცვლილის“ ეფექტიც გამოეყენებინათ და შუა დაკითხვის დროს, „მიცვალებული“ ჯერ ერთთან შეიყვანეს, მერე - მეორესთან. დედამ ემოციები მოთოკა, „სიძეს“ ჩაეხუტა, ცოცხალი ყოფილხარ, როგორ მიხარიაო, შვილმა კი ერთი შეჰკივლა და გონება დაკარგა.

„ინტუიციით ვხვდებოდით, რომ რეალური მკვლელი და ცივსისხლიანი შემსრულებელი დედა იყო, შვილს კი იყენებდა და ამიტომ, მოლაპარაკება, სწორედ შვილთან დავიწყეთ. თუ ყველაფერს აღიარებდა, მას სასჯელს მაქსიმალურად შევუმსუბუქებდით, თუ არა და, რამდენიმე ადამიანის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში დავადანაშაულებდით, დახვრეტას მოვითხოვდით და... თან ზუსტად ვიცოდით, რომ არავინ დახვრეტდა, მაშინ ქალებს კედელთან ძალიან იშვიათად აყენებდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

„დედამ წვალებით გამზარდა, განათლება არ აქვს და თუ სადმე მუშაობდა, ყველგან დამლაგებლად. მათხოვრობაც ვცადეთ, მაგრამ ფულის უდიდესი ნაწილი სხვებისთვის უნდა მიგვეცა, ბოშების მეთაურისთვის, ბარონს ეძახიან, რომელსაც კარგად არც ვიცნობდით და არც ვაღიარებდით, რეალურად, ხომ ბოშები არ ვიყავით. მერე, როცა წამოვიზარდე, ერთ კაცს მოვეწონე, ჩემს სანაცვლოდ დედაჩემს დიდი ფული მისცა და მანაც ძაღლივით გამყიდა. იმ კაცს ჩემთან ყოფნა ისე მოეწონა, ცოლად მოყვანა დააპირა, მაგრამ დედამ უთხრა, ბოშები მოგვძებნიან და თუ ჩემი გოგოს შერთვა გინდა, გვარ-სახელები უნდა გამოგვიცვალოო. აზერბაიჯანელებად დავეწერეთ და ცხოვრება დავიწყეთ. ჩემი ქმარი შეძლებული კი იყო, მაგრამ მალევე სამსახურში რაღაც შეემთხვა და ყველაფრის გარეშე დარჩა. არ ვიცი, საიდან ჰქონდა დედას საწამლავი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ის კაცი მოკვდა. მისი ქონება კი დაგვრჩა, მაგრამ მხოლოდ ორი წელი გვეყო, დედა არაფერს იკლებდა. მერე მეორედ გამათხოვა, იგივე განმეორდა, ახლა მესამედ და მიხარია, რომ ბოლო ქმარი ცოცხალია“, - განაცხადა ქალმა.

სასამართლო პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა. დედას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მან საკანში თავი მოიკლა, არ ვარ იმისთვის მზად, 15 წელი გისოსებს მიღმა გავატაროო. მის შვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ერგო და სასჯელი სრულად მოიხადა, მერე კი... როგორც აბობენ, მერე ისტორიულ სამშობლოში გაემგზავრა.

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე