როგორ გაეხვა შარში ახალგაზრდა ქალი და ვინ აიღო ქრთამი დოკუმენტის გაყალბებაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრე ასე იყო - ჰყავდა თუ არა მამაკაცს ცოლი, ან იყო თუ არა ქალი გათხოვილი, მარტივად გაიგებდი, თუ მის პასპორტს ჩახედავდი. პასპორტში არა მარტო ის იწერებოდა, ვისზე იყო დაქორწინებული, არამედ, შვილების დაბადების თარიღი და მათი გვარ-სახელები. ყველაფერი ეს, მკაცრად კონტროლდებოდა, სხვათა შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკაში, ეს პრაქტიკა დღემდე არსებობს. საქართველოში კი, ბოლო პეერიოდში, იმდენად გახშირდა ოჯახების შექმნა-დანგრევის შემთხვევები, რომ ქართულ პასპორტებში ადგილიც არ დარჩებოდა. ისე, კომუნისტების დროს, ოჯახის დანგრევა მთელი პროცესი იყო, ამხანაგური სასამართლო, სახელმწიფო დონეზე აყვანილი ტრაგედია. დიდი იყო შანსი, რომ იმ საწარმოს ხელმძღვანელი მოეხსნათ, სადაც ოჯახის დანგრევის „შემოქმედი“ მუშაობდა, აქაოდა, შენს თანამშრომელს ვერ ჩაუტარე აღმზრდელობითი გაკვეთილები და ვერ აუხსენი, რომ ოჯახი არ უნდა დაენგრიაო. ქორწინებაც ერთგვარი რიტუალი იყო, მმაჩის ბიუროში ხელმოწერით, სურათების გადაღებით, მეჯვარეებთან ერთად სავალდებულო ცეკვა-თამაშით...

 

მაშინ არ არსებობდა კომპიუტერული არქივები და ამიტომ, პასპორტში არსებული ჩანაწერი ქორწინების შესახებ იმას ნიშნავდა, რომ კაცს ან ქალს მეორედ დაქორწინების უფლება არ ჰქონდა, თუმცა აუცილებლობას წარმოადგენდა ისიც, რომ ქორწინებაზე განაცხადი, ყველაზე ცოტა, ერთი თვით ადრე შეეტანა წყვილს და ადგილობრივ არქივში ზერელედ, მაგრამ მაინც ამოწმებდნენ, იყო თუ არა რომელიმე ქორწინებაში. ამისთვის სპეციალური კადრიც კი ჰყავდათ, რომელიც არქივში იქექებოდა და ეს ამბავი ძირითადად წარუმატებლად სრულდებოდა - არავინ რისკავდა, ერთხელ თუ იყო ქურწინებაში, მეორედაც ექორწინა. ეს სისხლის სამართლის დანაშაული გალხდათ.

„ჩემი ცოლის დაქალები“ პოპულარული სერიალია და სწორედ ჩემი ცოლის დაქალი დამადგა სამსახურში, მიშველე, შვილს საქვეყნოდ თავი მოეჭრაო. მისი ქალიშვილი რომ თხოვდებოდა, ვიცოდი, ჩემი ცოლიც დაპატიჟებული იყო ქორწილში და წავიდა კიდეც, მე საქმის გამო ვერ მოვიცალე. ჰოდა, ხელმოწერის ცერემონიალზე, მმაჩის ბიუროში უთხრეს, რომ გოგონას ქორწინების უფლება არ ჰქონდა, რადგან უკვე დაქორწინებული იყო სხვა მამაკაცზე და ის სხვა... ყაზახეთის მოქალაქე გახლდათ. სასიძომ იქ ამბავი ატეხა... სადედამთილომ სარძლო ლამის თმით ითრია, გოგონა ტიროდა, რაღაც შეცდომააო, მაგრამ მისი საპასპორტო მონაცემები რომ დაუდეს წინ, გული წაუვიდა. საქმემ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ დედა მანამ არ დარწმუნდა შვილის სიმართლეში, სანამ ექიმთან არ წაიყვანა და „საქალწულე აპკის“ სიმრთელე არ დაადგინა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სიძე იმ საღამოს, უპატარძლო ქორწილში დათვრა, შემდეგ მანქანის საჭეს მიუჯდა და ხეს შეასკდა. ახლა, უმძიმეს მდგომარეობაში, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სიკვდილს ებრძოდა, ბიჭის მშობლები კი ყველაფერში გოგოს ადანაშაულებდნენ და იმუქრებოდნენ, ეს თუ დაიღუპება, გოგოსაც ზედ მივაყოლებთო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სისხლის სამართლის საქმე მშობლის განცხადების საფუძველზე აღიძრა და თან მშობელი გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გოგონა მართლაც იყო ქორწინებაში და მეორედ აპირებდა დაქორწინებას, პასუხისგება მას მოუწევდა. დედა დათანხმდა, რადგან ბოლომდე იყო დარწმუნებული საკუთარი შვილის უდანაშაულობაში. პირველ რიგში, ის დოკუმენტი გამოითხოვეს, რომელშიც მითითებული იყო, რომ დაახლოებით, ექვსი თვის წინ, გოგონამ იქორწინა. გამომძიებელი მიხვდა, რომ დოკუმენტი ყალბი გახლდათ, რადგან ვითომ ხელმოწერის პერიოდი ემთხვეოდა შვებულებას, რომელშიც მისი ოჯახის წევრები, დაქალსა  და მის შვილებთან ერთად, დასასვენებლად ზღვაზე იყვნენ და გოგონა იმ პერიოდში აფხაზეთში, სასტუმროში ცხოვრობდა და დედაქალაქში ვერ ჩამოვიდოდა. ამასთან ერთად, იმავე სასტუმროში ცხოვრობდა მისი მომავალი საქმრო, ის, რომელიც ახლა სიკვდილს ებრძოდა. გამომძიებელმა ბიჭის მშობლები დაიბარა, დოკუმენტი ანახა და გაახსენა, თუ სად და ვისთან ერთად იყო მათი შვილი დასასვენებლად იმ პერიოდში, რომელშიც ვითომ გოგონა გათხოვდა. მშობლები მიხვდნენ, რომ გამომძიებელი მართალი იყო, რომ გოგონას ცილი ტყუილად დასწამეს და უფლება მისცეს, საქმრო საავადმყოფში მოენახულებინა, ეგებ, მისი ხმის გაგონებამ გამოჯანმრთელების პროცესს რამე შემატოსო. ახლა ის იყო გასარკვევი, თუ ვინ გააფორმა ფიქტიური ქორწინება და რაც მთავარია, ვინ გაატარა რეგისტრაციაში. საინტერესო იყო ყაზახი მამაკაცის მოძებნაც, რომლის საპასპორტო მონაცემებიც იყო მითითებული და მოძმე რესპუბლიკაში მოთხოვნა გაიგზავნა, საიდანაც პასუხი მოვიდა - ყაზახი მოქალაქე ახლაც თავის ქვეყანაში ცხოვრობს, ჰყავს ცოლი და 6 შვილი. კანონიერი მეუღლის გარდა, სხვა ქორწინება არ უფიქსირდება. რაში სჭირდებოდა 6 შვილის მამას, სხვა რესპუბლიკის მოქალაქეს, საქართველოში ქორწინება, ვერავინ ხვდებოდა, თუმცა ყაზახმა სამართალდამცავებმა ისიც დაადასტურეს, რომ იმ პერიოდში, ქართველი ძალოვნებისთვის საინტერესო პირი, საქართველოში ერთწლიანი მივლინებით იმყოფებოდა, თუმცა მივლინების დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და იმავე საწარმოში გააგრძელა მუშაობა, სადაც მანამდე მუშაობდა. კრიმინალურ წრეებთან მისი კავშირი არ დასტურდებოდა.

„ჩემთვის საინტერესო პიროვნების უკეთ შესასწავლად, აქაურ საწარმოში მივედი. მძიმე მრეწველობა მაშინ, საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში არ იყო განვითარებული და ამიტომ, მივლინებით ხშირად აგზავნიდნენ ადამიანებს, საქმე რომ ესწავლათ, ან პირიქით, ესწავლებინათ. ყაზახეთის მოქალაქე სასწავლებლად იყო ჩამოსული და მისი ხსენება ყველას გაუხარდა, წესიერი კაცი გახლდათ, მშვიდი, ცოტა გულუბრყვილო, მაგრამ ძალიან მონდომებულიო. ექვსი შვილის სურათი სულ თან დაჰქონდა, ცოლის სურათი კი არ ჰქონდა, ლამაზია და თვალი ეცემაო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

კადრების განყოფიელბიდან მისი პირადი საქმე გამოითხოვეს, სადაც დანომრილ გვერდებს ერთი ფურცელი აკლდა. დაიბარეს კადრების განყოფილების გამგე და მკაცრად ჰკითხეს, რომელი ფურცელი გააქრო მან პირადი საქმიდან. გამგემ ჯერ მხრები აიჩეჩა, არ ვიციო, მაგრამ მერე, როცა მიხვდა, რომ შეიძლებოდა სისხლის სამართლის პასუხხისმგებლობა დამდგარიყო, დაიწყო:

„ჩვენს ოთხ თანამშრომელს ბინები მისცეს, ქარხანას ეკუთვნოდა, რიგში იდგნენ და სახელმწიფოსგან ერგოთ. ახალსახლობაზე ყველა ვიყავით, ჩვენი ყაზახი სტუმარიც და მას ხუმრობით შევთავაზეთ, საქართველოში თუ მოიყვან ცოლს და აქ თუ დარჩები საცხოვრებლად, ბინას შენც მოგცემენო. მერე ბინის ფასებით დაინტერესდა, უთხრეს, რომ არაოფიციალურად, მაგრამ ბინის გაყიდვა მაინც იყო შესაძლებელი, მთელი საღამო თითებზე რაღაცას ანგარიშობდა და ერთ კვირაში, ქორწინების მოწმობა მოიტანა, ვიღაც ქართველ გოგოზე უქორწინია. მაშინ აუხსნეს, რომ გაეხუმრნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, რომ მას ცოლ-შვილი უკვე ჰყავდა და ის უბრალოდ, ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდა. დანაღვლიანდა, ამ საბუთის გაკეთება 500 მანეთი დამიჯდაო, თქვა და ხელი ჩაიქნია. რა თქმა უნდა, ყალბ საბუთს საქმეში ვერ ჩავდებდი, არადა, გვერდები დანომრილი იყო, დოკუმენტიც კანცელარიას გატარებული ჰქონდა და ის, უბრალოდ, გადავაგდე“...

ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა. გამომძიებლები მმაჩის ბიუროში მივიდნენ იმის გასარკვევად, თუ ვინ აიღო ქორწინების ყალბი საბუთის დამზადების სანაცვლოდ 500 მანეთი და მალევე მიაგნეს - ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ბეჭედთან ჰქონდა წვდომა, სულმა წასძლია და საბუთი გააკეთა. რაც შეეხება გოგონას საპასპორტო მონაცემებს, როგორც გაირკვა, ის შემთხვევით, საერთო მეგობრის სუფრაზე ნახა, გოგოს ასაკი ჰკითხა, მერე ვითომ არ დაიჯერა და გოგონამაც საკუთარი პასპორტი უჩვენა. მან კი მონაცემები დაიმახსოვრა, ხელმოწერაც შეძლებისდაგვარად მიამსგავსა და ყალბი დოკუმენტი ოფიციალურად გაატარა, მერე კი არქივში ჩადო, რომელიც არქივარიუსმა აღმოაჩინა და ოფიციალური ქორწინებისთვის მისულ გოგოს ცხვირზე ააფარა.

ყველაზე საინტერესო მაინც ამ ისტორიის ფინალი იყო. მმაჩის ბიუროს თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და 3 წლით პირობითი სასჯელი მისცეს, ქართველმა სამართალდამცავებმა ყაზახეთში ცნობა აფრინეს, რომ მათმა მოქალაქემ საქართველოში ყალბი საბუთი შეიძინა, რომ ქრთამი მისცა, მაგრამ 6 შვილის მამა იქ არავის დაუსჯია. რაც შეეხება წყვილს, ბიჭი ორ თვეში ფეხზე დადგა, თუმცა ქორწინებაზე უარი გოგონამ თქვა.

„ჩემი ცოლის დაქალის შვილმა საქმროს განუცხადა, რომ ოჯახი, პირველ რიგში, ურთიერთნდობაზე უნდა იყოს აგებული და ის არ ენდო, არ დაუჯერა სიმართლე და არ ჰქონდა გარანტია, რომ მომავალში ენდობოდა. ამიტომ, საქმროს ბეჭედი დაუბრუნა და დაემშვიდობა. ორი წელი იარა მარტოდ, ორი წელი აწუხებდა ის ბიჭი, ცოლად გამომყევიო, მაგრამ საბოლოოდ, მიაგნო თავის რჩეულს და მას გაჰყვა“, -დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე