კაცმა არასრულწლოვანს სექსუალური კავშირი აიძულა ვიდეოების გავრცელების მუქარით - საგამოძიებო სამსახური

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა კაცი, რომელმაც არასრულწლოვანს ვიდეოების გავრცელების მუქარით სექსუალური კავშირი აიძულა. მას ბრალად ედება გაუპატიურება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - კაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ დანაშაულის შესახებ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია:

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ თემქის დასახლებაში არასრულწლოვან დაზარალებულს საქმროსთან სქესობრივი აქტისას მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა".

საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში ამხილა კიდევ ერთი კაცი, რომლის მიმართაც ბოლნისის სასამართლოს გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი გაუპატიურების საქმეზე. ახლა მას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"დანაშაულში მხილებულია ბოლნისის რაიონში მცხოვრები 1985 წ-ს დაბადებული ი.ა., რომელმაც 2022 წლის 28 მაისს შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც კუთვნილი მობილური ტელეფონით მოახდინა აღნიშნული პროცესის უკანონოდ გადაღება. ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს", - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დანაშაულში ამხილეს კიდევ ექვსი კაცი - გამოძიების თანახმად, ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ, შემდეგ კი facebook-ის და watsapp-ის საშუალებით სხვა ადამიანებს უგზავნიდნენ.