ცოლმა ბიზნესმენი ქმარი ციანიდით მოკლა - როგორ დააღწია დამნაშავემ თავი მართლმსაჯულებას

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

90-იანი წლების გახმაურებული კრიმინალური საქმე

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 90-იანი წლების თბილისში მკვლელობით ვერავის გააოცებდით. ადამიანები ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდნენ და ხოცავდნენ ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ - ქუჩაში, რესტორნებში, სადარბაზოებში, სახლებში... სამართალდამცავები ვერაფერს ცვლიდნენ და ყველაზე მეტად საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდებოდნენ, რადგან ნებისმიერს მარტივად შეეძლო, იარაღი ამოეღო და მათი მიმართულებით დაუფიქრებლად ესროლა. იარაღი კი მაშინ ძალიან იაფი ღირდა - „კალაშნიკოვს“ 70-დან 100 დოლარის ფარგლებში იყიდდით, თავისი მჭიდითა და ტყვიებით. ე.წ. საძმოებსა თუ უბნებს შორის დაპირისპირებას ახალგაზრდები ეწირებოდნენ და განმკითხავი არავინ იყო. ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც - ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსული საქმოსანი ავტომანქანიდან გასროლით მოკლეს, თუმცა...

 „ეს არ იყო ტიპური მკვლელობა. საქმოსანმა ზუსტად იცოდა, რომ მასზე ნადირობდნენ, ამიტომ ჯავშანჟილეტი ეცვა და დაცვის ორი წევრიც ახლდა. კაცს სამი ტყვია მოხვდა, სამივე ჯავშანჟილეტში და როცა დაცვამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, თავდამსხმელები გაიქცნენ. საქმოსანი აზრზე მალე მოვიდა, გაიღიმა, ჯავშანჟილეტმა მიშველაო და... თვალები სამუდამოდ დახუჭა“, - იხსენებს პოლიციის პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილზე მისულმა ექიმმა ივარაუდა, რომ ჯავშანჟილეტმა მამაკაცი კი დაიცვა, მაგრამ ტყვიის დარტყმის ძალამ გულის გაჩერება გამოიწვია. ამას ვარაუდობდნენ მრავლისმნახველი პოლიციელებიც და იხსენებდნენ, რომ ანალოგიური შემთხვევები ადრეც ჰქონდათ, თუმცა გვამის გაკვეთამ და ექსპერტიზის დასკვნამ ყველაფერი არია - მამაკაცი ციანიდის დოზით იყო მკვდარი. ექსპერტიზის დასკვნაში ისიც ეწერა, რომ კაცი ციანიდის მიღებიდან, მაქსიმუმ, 5 წუთი იცოცხლებდა, რადგან დოზა დიდი იყო და პირდაპირ კუჭში მოხვდა. ექსპერტიზის დასკვნამ სამართალდამცავები დააიმედა  - დაცვის წევრებისგან იცოდნენ, რომ „საქმოსანი“ რესტორანში, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში სადილობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საწამლავი სწორედ აღნიშნულ დაწესებულებაში მიაწოდეს. ამიტომ, დაკითხვა რესტორნის დირექტორით დაიწყეს, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი გახლდათ.

„მკვლელი სხვაგან უნდა ეძებოთ. ეს კაცი ჩემი საქმრო იყო. ვიცი, რომ ცოლი ჰყავს, მაგრამ ცოლს შორდებოდა და მე მოვყავდი. რესტორანიც მან მიყიდა, ბინაც... გაიკითხეთ, თბილისი პატარა ქალაქია, ყველა გეტყვით, ვინ ვარ მე და ვინ იყო ეს კაცი ჩემთვის“, - განაცხადა ქალმა.

რაღა თქმა უნდა, გამომძიებლები საქმეს ბოლომდე მიჰყვნენ და ისიც გაიგეს, რომ კაცი მართლა აპირებდა ცოლთან დაშორებას და ამ ქალის მოყვანა სურდა. მეტიც, მას ადვოკატიც ჰყავდა აყვანილი და ქონების უდიდეს ნაწილს პირველ ცოლსა და შვილს უტოვებდა, ახალ ცხოვრებას კი გვარიანად შესუსტებული კაპიტალით იწყებდა. რესტორნის დირექტორმა გამორიცხა ციანიდის იქ მიღება, რადგან საყვარელ მამაკაცს საკვებს ყოველთვის პირადად უმზადებდა, პირადად მიჰქონდა და პირადად აკონტროლებდა, რომ თუ რამე მოუნდებოდა, თავადვე მიეტანა. ეს დაცვამაც დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ კაცს მარტო უყვარდა სადილობა და როცა სუფრას გააწყობდნენ, მის მაგიდას არავინ ეკარებოდა, იჯდა თავისთვის და ჭამდა, ორი მაგიდის იქეთ კი დაცვის წევრები ისხდნენ.

ქალმაც და დაცვის წევრებმაც დაადასტურეს, რომ იმ დღეს მაგიდას არავინ მიახლოვებია. წაიღეს საკვების ნარჩენები, თუმცა ციანიდი ერთ მათგანშიც არ აღმოჩნდა. ის ჭიქაც კი, საიდანაც კაცი წყალს სვამდა, სრულიად სუფთა იყო.

ამის შემდეგ გამომძიებლებმა უკვე ექსპერტებს მიაკითხეს და ახალი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. ახალი ვერაფერი გაიგეს - ექსპერტები ჯიუტაად ამტკიცებდნენ, რომ ციანიდი კაცის ორგანიზმში საკვები გზით მოხვდა და გარდაცვალებამდე, მაქსიმუმ, ხუთი წუთით ადრე მიიღო.

სამართალდამცავები იმასაც ხვდებოდნენ, რომ ასე ერთ ხმაში, ვერც დაცვა მოიტყუებოდა, ვერც - რესტორნის მეპატრონე, მით უმეტეს, რესტორნის მეპატრონეს საბაბი არ ჰქონია საყვარელი მამაკაცი მოეკლა და რაც მთავარია, ამას რესტორანში არ გააკეთებდა, სადაც ყველა მიხვდებოდა, რომ ციანიდი ორგანიზმში საკვები გზით მოხვდა.

პარალელურად, ძალოვნებმა იმდენი მოახერხეს, რომ გაიგეს დაქირავებული ქილერების ვინაობა და დააკავეს ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი, რომელსაც სურდა, რომ გარდაცვლილის ბიზნესი „დაეთრია“. მან აღიარება კი „გააკეთა“, მაგრამ არაფერი იცოდა ციანიდზე, მეტიც, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, არც ის იცოდა, ციანიდი რა იყო და რისთვის გამოიყენებოდა.

„ცოლის დაკითხვა გადავწყვიტეთ. მან არ დამალა, რომ ზუსტად იცოდა საკუთარი ქმრის განზრახვა და შეგუებული იყო, რომ გაშორდებოდა, მაგრამ მოკვლის საბაბი არ ჰქონდა, რადგან ბიზნესის უდიდესი ნაწილი სწორედ მას რჩებოდა და შვილის გაზრდის პრობლემა არ დაუდგებოდა, თანაც კაცი შვილზე გიჟდებოდა და მას უპატრონოდ არ მიატოვებდა. რა უნდა მექნა? - უკან წამოვედით და მას შემდეგ ამეკვიატა ფიქრი თუ შეგრძნება, რომ გარდაცვლილის სახლში, ცოლის დაკითხვის დროს, ვნახე რაღაც ისეთი, რაც შეიძლება, გასაღები ყოფილიყო. თავში ათასნაირად ვამუშავებდი ყველა დეტალს, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. ასეთ დროს, იმავე ადგილზე დაბრუნება არ ვარგა - ნივთებს მიაშტერდები და საბოლოოდ, აირევა ყველაფერი. ამიტომ, უნდა იფიქრო და ელოდო, როცა ტვინი თავისით ამოაგდებს იმას, რასაც ფიქრობ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილი დამარხეს, ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა, სამართალდამცავებსაც აღარავინ „აწვებოდა“, საქმე გახსენითო, ჰყავდათ შემკვეთი და შემსრულებელი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ რეალური მკვლელი თავისუფლებაზე დადიოდა.

„კუჭის ტკივილი მაწუხებდა და ცოლმა საიდანღაც აბები მოიტანა, ეს შველის, უნდა მიიღოო. ზოგადად, წამალს იშვიათად ვიღებ, არ მიყვარს და ამიტომ, აბებსაც უნდოდ შევხედე. ცოლი შემიჩნდა, დახედე მაინც, არაფრის გემო არ ექნება, კაფსულებშია წამალიო და მეც ჩავხედე. ჰოდა, სწორედ მაშინ გამინათდა გონება, დაახლოებით, ანალოგიური კაფსულები გარდაცვლილის ცოლის სახლში ვნახე. სამსახურში ენთუზიაზმით აღსავსე მივედი, დაკითხვაზე რესტორნის მეპატრონეს დავუძახე და ერთადერთი კითხვა დავუსვი - დალია თუ არა წამალი მამაკაცმა რესტორნიდან გამოსვლამდე და რა ფორმა ჰქონდა აბს?!“ - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რესტორნის მეპატრონემ პირდაპირ თქვა, ჩემს მომავალ ქმარს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ამიტომ დღეში ერთ აბს, უფრო სწორად, კაფსულას იღებდა და ყოველთვის ჭამის შემდეგო. იმ დღესაც წესისამებრ დალია და მთელი კოლოფი თან რომ არ ეტარებინა, ხელსახოც ქაღალდში გახვეული, თითო ცალობით დაჰქონდაო. სამართალდამცავები ცოლთან მივიდნენ და პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრეს, რომ მას ქმრის მკვლელობისთვის აკავებდნენ. ქალმა ყველაფერი უარყო, გამომძიებლებს ფანტაზია შეუქო, მაგრამ სამართალდამცავებს უკვე მისი მეგობარი ქალი ჰყავდათ დამუშავებული, რომელმაც აღიარა, რომ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, მეგობარს ციანიდი მისცა, რომელიც მის ლაბორატორიაში მოიპოვებოდა.

„ჩემი ქმარი არავინ იყო, საერთოდ არავინ და ბიზნესი მე დავაწყებინე, მამაჩემის ფულით. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ის ქალი არ გამოჩნდა და ამანაც განქორწინება არ გადაწყვიტა. სინდისი მაქვს და ბიზნესის უდიდეს ნაწილს შენ გიტოვებო, რომ მითხრა, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. ვერ ვაპატიებდი ასეთ შეურაცხყოფას“, - თქვა ქალმა.

სასამართლოზე კი ყველაფერი უარყო. ჩვენება შეცვალა მისმა მეგობარმაც და გამოძიებას ბრალის წარსადგენად აღარაფერი ჰქონდა. როგორც შემდეგ გაირკვა. სწორედ ქმრის ბიზნესის ნაწილი გაასხვისა ქალმა, რომ მართლმსაჯულებას ხელიდან დასხლტომოდა და ეს გადასარევად გამოუვიდა. ბიზნესმენის მკვლელობისთვის მსროლელები გაასამართლეს, ქალმა კი მშვიდად განაგრძო ქვრივის როლის თამაში და ქმრის ბიზნესის მართვა.