მკვლელობა მატარებელში - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც მცირეწლოვანი ბავშვი მოსაკლავად გაიმეტა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთი პერიოდი, საქართველოში მატარებლით მგზავრობა თითქოს მოდიდან გადავიდა. იმის მიუხედავად, რომ „ელექტრიჩკები“, პრაქტიკულად, 90-იანებშიც კი არ გაჩერებულან, ხალხი მათ ნაკლებად ენდობოდა. ადრე კი, მატარებელი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო და მოქალაქეები არა მარტო ქალაქიდან ქალაქში, არამედ, რესპუბლიკიდან რესპუბლიკაშიც კი ამ ტრანსპორტით მგზავრობდნენ. სამი ან ოთხდღიანი მოგზაურობა საინტერესო თავგადასავალსაც გიქადდათ და ზოგადად, მატარებლით მგზავრობა მაშინ ცალკე ფილოსოფია გახლდათ.

ახლა, მატარებლით მგზავრობა, განსაკუთრებით ზაფხულში, ისევ ძალიან პოპულარულია და მხოლოდ ამ ტრანსპორტის უსაფრთხოების გამო კი არა, უფრო იმიტომაც, რომ ვაგონები ბევრად მოწესრიგებული და კომფორტულია. ადრე, მატარებლებში, ათასი წვრილმანის „ლევად“ გამყიდველებს თუ ნახავდით, ახლა ისინიც აღარ არიან, რადგან რეალურად, არც არავის სჭირდება ბანქო - შიშველი ქალების გამოსახულებით, უცხოური ფილტრიანი სიგარეტი, ან გნებავთ, საღეჭი რეზინი...

 

„1982 წელი იდგა. მატარებელი, რომელიც ბაქოდან დედაქალაქში უნდა შესულიყო, რუსთავს გადიოდა. სწორედ იქ, მტკვრის პირზე თევზაობდა პირი, რომელმაც დაინახა, რომ მატარებლიდან რაღაც დიდი გადმოაგდეს. შორიდან ვერ გაარჩია, რა იყო, იფიქრა, ვინმეს ჩემოდანი ხომ არ გადმოუვარდაო და ადგილამდე მივიდა. ადგილზე კი გარდაცვლილი ქალი დახვდა. მეთევზემ მაშინვე რუსთავის განყოფილებაში დარეკა, იქიდან კი უკვე სამინისტროში დარეკეს. როგორც წესი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობები განსაკუთრებულ კონტროლზე იყო, რადგან არსებობდა მითითება - საბჭოთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოა! ადგილზე გასულებს რაციით გადმოგვცეს - თბილისამდე, იმავე მატარებლიდან კიდევ ერთი მგზავრი გადმოაგდეს, 10 წლის გოგონა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ქალისგან განსხავებით, ბავშვს სიცოცხლის ნიშნები ეტყობოდა, თუმცა ექიმები გადაჭრით ვერაფერს ამბობდნენ. ქალი გაგუდული იყო, ბავშვს კი თავში მძიმე საგანი ჰქონდა ჩარტყმული. გამოძიებამ მალე დაადგინა, ისინი დედა-შვილი იყვნენ, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში მოდიოდნენ და თან დიდი თანხა მოჰქონდათ. ქალს თბილისში ქმარი ელოდა, რომელსაც ამ თანხით მანქანა უნდა ეყიდა. როგორც გაირკვა, წყვილი სამუშაოდ აზერბაიჯანში იყო მივლინებით, იქ ორი წლის განმავლობაში დარჩნენ, თანხა დააგროვეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, ავტომობილი ეყიდათ. ქმარი თბილისში წამოვიდა, როცა სასურველ ავტოს მიაგნო, ცოლს შეეხმიანა, მან ფული აიღო და შვილთან ერთად, საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ ადგილამდე ვერ ჩამოაღწია.

„ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რაც გადამოწმების შედეგად გაირკვა - ოჯახის წევრების გარდა, არავინ იცოდა, რისთვის მიდიოდა ქალი და ჰქონდა თუ არა დიდი ოდენობით თანხა. აზერბაიჯანში ოჯახის უახლოესმა მეგობრებმა, საქართველოში ნათესავებმა, დედ-მამიშვილებმაც კი არ იცოდნენ, რომ წყვილს ავტომობილის შეძენა სურდა. ეს ავტომატურად გამორიცხავდა, რომ ქალს ვინმე წინასწარ აჰყოლოდა. ყველაფერი ეს, უფრო სპონტანურად დაგეგმილ მკვლელობას ჰგავდა, მაგრამ როგორ?! ხომ გამორიცხული იყო, რომ ქალს, მატარებელში გაცნობილი პირველივე შემხვედრისთვის გული გადაეშალა და თანხის შესახებ მოეთხრო? ერთადერთი იმედი ბავშვი იყო, რომელიც ექიმებს აზრზე ვერ მოჰყავდათ და რაც ყველაზე ცუდი გახლდათ, დიდ იმედსაც ვერ იძლეოდნენ, თანაც ხომ არსებობს რაღაც ინტუიცია და დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერ ამაში, ქმარი უბრალო იყო და იმის მიუხედავად, რომ რეალურად, ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად, სწორედ ის უნდა მყოლოდა, ამ ხაზს არც განვიხილავდი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ამ დროს ექსპერტიზის დასკვნაც მოვიდა - გარდაცვლილ ქალს ხელში მატერიის ნაგლეჯი უპოვეს, ამ მატერიის პერანგები კი მატარებლის გამცილებლებს ეცვათ. დაკითხეს ყველა, ვინც იმ დროს მატარებელში მუშაობდა, ყველას შეუმოწმეს პირადი ფორმა, მაგრამ არცერთი მათგანი დაზიანებული არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ყველა გამცილებელი, ლამის ბოლომდე გააშიშვლეს კიდეც, თუმცა ნაკაწრი ან სისხლჩაქცევა არცერთს აღენიშნებოდა. ამასობაში, ექიმებმა კიდევ ერთი დასკვნა დადეს - მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, ბავშვი ასეთ მდგომარეობაში დარჩებოდა, ერთი თვის შემდეგ კი, თუ ცოცხალი იქნებოდა, მის გაღვიძებას შეეცდებოდნენ, ამიტომ გამოძიება მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული დარჩა.

მომხდარიდან ათი დღის შემდეგ, თბილისში, ცენტრალური ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა კაცს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს, ოქროს ყელსაბამი შეხსნეს და ჯიბეებიც ამოუცარიელეს. ყველაფერი ეს მკვლელობის განყოფილებას არ დააინტერესებდა, რომ არა ერთი ფაქტი - ექსპერტიზის დასკვნით, მამაკაცის თავზე მიყენებული დაზიანება ძალიან ჰგავდა 10 წლის გოგონას თავზე მიყენებულ ჭრილობას. ექიმები თითქმის ასპროცენტიანი სუზუსტით ამბობდნენ, რომ დარტყმა ერთი და იმავე ბლაგვი საგნით განხორციელდა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა კაცი გადარჩა, აზრზეც ორ დღეში მოვიდა და ჩვენებაც მისცა. მისი თქმით, თავს... გამცილებლის ფორმაში ჩაცმული კაცი დაესხა.

„ლიანდაგებზე, მოკლე გზით გადავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჩემსკენ გამცილებლის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი მოდიოდა, რომელსაც ხელში სპეციალური, ზოლიანი ჯოხი ეჭირა - სწორედ ისეთი, როგორიც გამცილებლებს აქვთ, რომლითაც მატარებელს წასვლას ანიშნებენ. მამაკაცმა გვერდით ჩამიარა, მერე თავში ტკივილი ვიგრძენი და გრძნობა დავკარგე. მის გარდა, იქ არავინ იყო და ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ მან მომაყენა დარტყმა“, - ასეთი ჩვენება მისცა დაზარალებულმა.

სამართალდამცავებმა გადაამოწმეს - მატარებელი, რომლიდანაც დედა-შვილი გადმოაგდეს, თბილისის ვაგზალზე აზერბაიჯანიდან იმ დლითი შევიდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავე სწორედ აღნიშნულ მატარებელში უნდა ეძებნათ და რაც მთავარია, უკვე იცოდნენ - ის იყო მამაკაცი და საკმაოდ ძლიერიც. ახლიდან დაიწყო ყველას შემოწმება, ოღონდ ამჯერად არა დაკითხვებით, არამედ, მათი პირადი საქმეების შესწავლით. როგორც მოსალოდნელი იყო, წარსულში რაიმე დანაშაული ერთსაც არ ჰქონდა ჩადენილი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გამცილებლებად არ აიყვანდნენ. დაიწყეს მათი ცხოვრების წესის შესწავლა და აღმოაჩინეს, რომ გამცილებლების უფროსს, პრაქტიკულად, ყველა იმ ქალაქში, სადაც ჩერდებოდნენ, მეგობარი ქალი ჰყავდა და მათ ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა. საჩუქრებს შორის, ოქროს ნივთები ჭარბობდა - საყურეები, ბეჭდები... მისი ხელფასი კი ამის მეათედსაც არ ეყოფოდა. სამართალდამცავებმა კარგად იცოდნენ, რომ მატარებლის გამცილებლები „ჩალიჩობდნენ“, ცოტა ფულსაც აკეთებდნენ, მაგრამ იმდენს არა, რამდენიმე საყვარლის შესანახად ჰყოფნოდათ... პირდაპირ მისი დაკავება არ გამოდიოდა, თვალთვალიც რთული იყო, რადგან მატარებელში უცხო თანამშრომელი ეჭვს გამოიწვევდა. გადაწყდა, მისი ოთახი გაეჩხრიკათ და მატარებლიდან მოტყუებით გაიყვანეს, მის ოთახში კი ექსპერტები შევიდნენ.

„სამალავს მალე მივაგენით. იქ, დაახლოებით, 14 ათასი მანეთი, ოქროს ნაკეთობები და რაც მთავარია, ის ნივთები იყო, რომლებიც ახალგაზრდა კაცმა დაკარგა. იქვე ვნახეთ გამცილებლის ჯოხი, ხელში ავიღე და მივხვდი, რით ესხმოდა თავს საკუთარ მსხვერპლს დამნაშავე. ხის ჯოხის ნაცვლად, ხელში მძიმე, რკინის მეტალი შემრჩა, რომელიც შეღებილი იყო. დაკავება უკვე შეიძლებოდა და მკვლელი მარტივად ავიყვანეთ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მკვლელი მიხვდა, რომ ვეღარ გამოძვრებოდა და დანაშაული აღიარა. მთავარი ის გახლდათ, საიდან გაიგო, რომ ქალს თან დიდი ფული ჰქონდა. სამართალდამცავები მისი „პადელნიკების“ გამოაშკარავებას ცდილობდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. როგორც ჩანს, დამნაშავე მარტო მოქმედებდა.

„ბავშვი დედას ესაუბრებოდა და სიხარულით ეუბნებოდა, ამ ფულს რომ ჩავუტანთ მამიკოს, რამდენ ხანში ვიყიდით მანქანასო?! მივხვდი, თან სოლიდური თანხა ჰქონდათ. არც შევმცდარვარ, 7 ათას მანეთამდე ჰქონდათ. ბავშვის მოკვლა არ მსურდა, მაგრამ დამინახა და იძულებული გავხდი, რკინის ხელჯოხი მისთვისაც დამერტყა. რაც შეეხება მამაკაცს, როცა გავცდი, მაშინ დავინახე, რომ მსხვილი ძეწკვი ეკეთა და დანაშაულიც სპონტანურად ჩავიდინე“, - ეს არის ამონარიდი ჩვენებიდან.

იმის მიუხედავად, რომ რვათვიანი წვალების შემდეგ, ის ბავშვიც გარდაიცვალა, სასამართლოს მკვლელისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა უკვე მისჯილი და... განაჩენს აღარ გადახედეს.