თბილისის ახალ უბანში გოგონას გვამი იპოვეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 

რა კავშირი ჰქონდა გარდაცვლილს მილიციელთან და ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ

 

ბათო ჯაფარიძე

 

არსებობს საქმეები, რომლებიც შემდეგ სახელმძღვანელოებში შეაქვთ, რადგან დამნაშავე ძალიან ჭკვიანია და იმდენად ჩახლართულ კომბინაციას აწყობს, გამომძიებლებს არაერთი ღამის გატეხვა უწევთ, რათა საქმე გახსნან. შემთხვევა, რომელსაც ახლა გიამბობთ, 80-იანი წლების გარიჟრაჟზე მოხდა, მაშინ, როცა არც მობილური ტელეფონები იყო, ყველას არც ფერადი ტელევიზორი ჰქონდა და ზოგადად, გამომძიებლები მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების იმედად იყვნენ.

 

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კრიმინალი მოხდა - თბილისის ერთ-ერთ ახლადმშენებარე უბანში, მიყრუებულ ადგილას, გოგონას გვამი ნახეს. გოგოს თავი აგურით ჰქონდა გატეხილი და სწორედ თავზე მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. იქვე, ახლოს დასრულებული კორპუსი იყო, მაგრამ გოგონას არავინ იცნობდა, თუმცა...

„იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა, ვინაობა მალევე დავადგინეთ. ერთ-ერთი განყოფილების ოპერმუშაკმა, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ფოტოები განყოფილებებში დავაგზავნეთ, თქვა, რომ მოკლული მისი საცოლე იყო. რა თქმა უნდა, ეჭვი მასზეც მივიტანეთ, მით უმეტეს, რომ ოპერმა არ უარყო, გოგოსთან იმ დროისთვის უჩვეულო, ძალზედ ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილი იყო, რომ ცოლად მოჰყავდა, ოჯახსაც გააცნო, გოგოს მშობლებიც გაიცნო და ქორწილსაც მალე აპირებდნენ. ამან ეჭვი კიდევ უფრო გაამძაფრა, ხომ შეიძლებოდა, ბიჭს რაღაც გაეგო, არ მოსწონებოდა, ან უბრალოდ, გადაეფიქრებინა და მოეკლა. მით უმეტეს, მკვლელობა უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული და მკვლელს სამხილიც არ ჰქონდა დატოვებული“, - გვიყვება შემდგომში უკვე წიგნში შეტანილ შემთხვევას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გამომძიებლებმა ეჭვმიტანილის სახლი გაჩხრიკეს, მაგრამ ამაოდ, იქ ვერაფერი იპოვეს, გარდა გოგონას რამდენიმე ნივთისა, თუმცა ოპერი არც უარყოფდა, რომ გოგო ხანდახან მასთან რჩებოდა, ისინი, პრაქტიკულად, ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა მშობლების ხათრით, სანამ ყველაფერს არ გააოფიციალურებდნენ, ერთად ღიად ცხოვრებას ერიდებოდნენ. სამართალდამცავმა ისიც თქვა, რა შეხსნეს გოგოს მოკვლის შემდეგ - მის მიერ ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი, ოქროს საყურეები, ოქროს საათი და ოქროს ყელსაბამი. რა თქმა უნდა, ყველა ამ ნივთის აღწერილობა მაშინვე დაეგზავნა შავ ბაზარზე მომუშავე ოქრომჭედლებს, გადამყიდველებს, თუმცა არსაიდან არაფერი ისმოდა, მსგავსიც კი არავის მიუტანია ანუ მკვლელმა კარგად იცოდა, რას მოიმოქმედებდა გამოძიება და ამიტომ, ხელის დაცლისგან თავს იკავებდა.

საქმეში საინტერესო ის იყო, რომ გოგონას არ ჰყავდა მტერი, გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ის ან სამსახურში იყო, ან მამაკაცთან, რომლის ცოლობასაც აპირებდა, დანარჩენ დროს კი, უბრალოდ, გზაში ატარებდა სამსახურამდე ან საქმრომდე რომ მისულიყო. არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა ან ფლირტი ვინმესთან, მას ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა, სახლში ნაყიდი ჰქონდა მომავალი ოჯახისთვის საჭირო პირველადი მოხმარების ნივთები - ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგალი. ჰო, მის ბინაში სამართალდამცავებმა 3 ათასი მანეთიც იპოვეს, კი გაუკვირდათ, მაგრამ ოპერმუშაკმა თქვა, მეუბნებოდა, დანაზოგი მაქვს, მთელი ცხოვრება ვაგროვებდი და როცა დავქორწინდებით, იმ ფულით „სტენკა“ უნდა ვიყიდოო... გამოძიება ჩიხში შევიდა და იმის მიუხედავად, რომ საქმრო ყოველთვის მზად იყო, კოლეგებს დახმარებოდა და ნებისმიერი სამუშაო შეესრულებინა, მისთვის საქმე არ იყო, რადგან გამომძიებლებმა, უბრალოდ, არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. და სწორედ მაშინ, როცა ყველა ძაფი თითქოს გაწყდა... აფეთქების ხმა გაისმა. ყველასთვის მოულოდნელად, ნივთმტკიცებების საცავი იმ განყოფილებაში აფეთქდა, სადაც მოკლული გოგოს საქმრო მუშაობდა. საცავის მცველი და იქ შემთხვევით მყოფი სამართალდამცავი, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ, თუმცა ორივემ სერიოზული დამწვრობა მიიღო. აფეთქების დროს, გარდაცვლილის საქმრო განყოფილების ეზოში იდგა, მან დარეკა სახანძროში, მან პირველმა მოახერხა, სტენდიდან ცეცხლმაქრის ჩამოხსნა და პირველი შევარდა მეგობრების დასახმარებლად. როცა სახანძრო მოვიდა, ცეცხლი სწორედ მისი ძალისხმევით, უკვე ლიკვიდირებული იყო.

„გულწრფელად გეტყვი, თავიდან ვიფიქრე, რომ ის ამ აფეთქებას ელოდა და იმიტომ არ დაიბნა. რაღაცნაირად, ინტუიციით, იმ გოგოს მკვლელობასა და ამ აფეთქებას ერთმანეთს ვუკავშრდებდი და ამ კავშირს ერთადერთი კვეთა ჰქონდა - ოპერმუშაკი. ამიტომ, ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ ის 48 საათით დამეკავებინა და თანხმობაც მივიღე. 48 საათი დაკავებული თითქმის უწყვეტად წინ მეჯდა და ბევრს, ძალიან ბევრს ვსაუბრობდით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საცავში... ცეცხლმაქრი აფეთქდა. საქმე შემდეგში მდგომარეობდა - მილიციის ეკიპაჟი ერთ-ერთი ბაზრის შესასვლელთან გამოიძახეს, იქ ერთმანეთს ბაზრის დარაჯი და ვიღაც კაცი ეჩხუბებოდნენ, კაცი ამტკიცებდა, დარაჯმა ჩემი მანქანა დაჭეჭყა და ეს სწორედ ცეცხლმაქრით ჩაიდინაო, დარაჯი კიდევ გიჟდებოდა, რა ცეცხლმაქრი, მეძინა და რომ გამოვედი, ეს კაცი დამეტაკა, ჩემი მანქანა რატომ დაჭეჭყეო. როგორც მერე გაირკვა, კაცმა მანქანა სწორედ დარაჯის ჯიხურის წინ გააჩერა, თავად ბაზარში შევიდა და როცა იქიდან გამოვიდა, ვიღაც გამვლელმა უთხრა, დარაჯმა შენი მანქანა ცეცხლმაქრით დაჭეჭყაო და ცეცხლმაქრიც დაანახა. მერე ყველაფრი აირია და ვიღაცამ მილიციაში დარეკა, თუმცა ვინ, არავინ იცოდა. ჰოდა, სამართალდამცავებმა დაკავებულები დაკითხვაზე მეორე დღისთვის დაიბარეს, მანამდე კი ცეცხლმაქრი, როგორც ნივთმტკიცება, ისე წამოიღეს და ოთახში შეიტანეს. იმ საღამოს ექსპერტიზა ვერ ჩატარდებოდა და ყველაფერი მეორე დღისთვის გადაიდო. ექსპერტები ამტკიცებდნენ, ბომბი სწორედ ცეცხლმაქრში იყო დამონტაჟებული საათის მექანიზმით და შეტანიდან, დაახლოებით, ორ საათში აფეთქდაო ანუ ვიღაცამ ზუსტად იცოდა, რას იზამდნენ სამართალდამცავები, მაგრამ... რა უნდოდა მას, ვინც ბომბი დაამონტაჟა? ვინმეს მოკვლა? ეს თითქმის გამორიცხული იყო, რომ კონკრეტული ადამიანის მოკვლა ასე ეცადათ. საცავის მორიგეც კი, დღის განმავლობაში, ადგილზე ძალიან იშვიათად იყო და მით უმეტეს, იმის გათვლა, რომ კონკრეტული ადამიანი, კონკრეტულ დროს შევიდოდა საცავში, წარმოუდგენელი გახლდათ.

„ადამიანის მოკვლა კი არა, რომელიმე ნივთმტკიცების განადგურება სურდათ, იქ ხომ ლამის ყველაფერი დაიწვა?!“ - მიაძახა გამომძიებელს დაკავებულმა ოპერმუშაკმა და მაძებრებმა ერთმანეთს გადახედეს - ის ცამდე მართალი იყო. სასწრაფოდ, ყველა საქმე ამოიღეს და მათ შორის ისეთები გამოარჩიეს, სადაც ნივთმტკიცებად ისეთი ნივთი გადიოდა, რომელსაც ცეცხლი გაანადგურებდა, თორემ დანას, პისტოლეტს ან რკინის ნაჭერს ცეცხლი ვერაფერს დააკლებდა, მით უმეტეს, ის მალე ჩააქრეს. ყველაზე საინტერესოც სწორედ აქ დაიწყო - ერთადერთი ნივთი, რომელიც განადგურდა, თავშალი იყო. თავშალი ოპერმუშაკებმა მაშინ იპოვეს, როცა გამოძახება მიიღეს - ერთ-ერთ კორპუსში ასაკოვანი ქალი დანით დაჭრეს და როგორც ჩანს, თავშალი სწორედ თავდამსხმელს  ეკუთვნოდა, რადგან იგი დაზარალებულს ჰქონდა ჩაბღუჯული ხელში და სავარაუდოდ, დამნაშავემ ვეღარ წაართვა. ასაკოვან ქალს საკუთარი თავშალი ეკეთა ანუ ორი თავშლით გარეთ არ გამოვიდოდა და ძალოვნებისთვის ერთადერთი ნივთმტკიცება ეს იყო. რაც ყველაზე საინტერესო გახლდათ, როცა მილიციაში მოქალაქეებმა დარეკეს, ოპერ-ჯგუფთან ერთად, გარდაცვლილი გოგონას საქმროც იყო გასული. კვანძი კი შეიკრა, მაგრამ...

გამომძიებლებმა დაჭრილი ქალის გარემოცვის შესწავლა დაიწყეს. ის უკვე შინ იყო გაწერილი და ამიტომ, სახლში მიაკითხეს. მან ჯიუტად იგივე გაიმეორა, რაც ადრე - არ დამინახავს, თავს ვინ დამესხა, ვიღაც ბიჭი იყო, ფულს მართმევდაო და სამართალდამცავებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ტყუოდა - ბიჭი თავშალით არ იქნებოდა. ქალს შვილი, რძალი და 3 შვილიშვილი ჰყავდა, მაგრამ ისინი ცალკე ცხოვრობდნენ. მილიციის თანამშრომლები შვილის დასაკითხად წავიდნენ.

„ქალები ჩაცმას დიდ ყურადღებას აქცევენ, ცდილობენ, ერთ ფერში ჰქონდეთ კაბა, ჩანთა, ფეხსაცმელი... ჰოდა, როცა დასაკითხად წავედით, ჩემი ყურადღება რძლის კაბამ მიიპყრო. მე დამწვარი თავშლის ფოტო ნანახი მქონდა და მაშინვე დავასკვენი, ამ კაბას სწორედ ის თავშალი მოუხდებოდა-თქო. მერე... მერე მეზობლები დავკითხეთ, ოღონდ არაოფიციალურად და რამდენიმემ დაადასტურა, რძალს დედამთილი რომ მოეკლა, არ გაგვიკვირდებოდა, ერთმანეთს ვერ იტანდნენო. ქმარი კი პროფესიით ქიმიკოსი იყო, შესაბამისად, ბომბის დამზადება მარტივად შეეძლო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ძალოვნები არ აჩქარდნენ, დაჭრილის შვილის ფოტო იმ კაცს ანახეს, რომელიც ბაზარში დარაჯზე იწევდა, მანქანა დამიჭეჭყაო და მან მაშინვე ამოიცნო პირი, რომელმაც დარაჯზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავეს და რაც მთავარია, დაკავებული მოკლული გოგონას თანაკლასელი იყო. მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ერთ-ერთ ქურთუკზე გოგონას სისხლის ლაქები აღმოჩნდა. რამეს დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.

„დედაჩემმა და ცოლმა არაერთხელ იჩხუბეს. ბოლოს რაზე იკამათეს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცოლი დახვდა და დანა დაარტყა. დედა საავადმოყოფოში მიყვანისთანავე ვნახე და პირობა მომცა, რომ მისი შვილიშვილების დედას ციხეში არ გაუშვებდა, მაგრამ მას ინსტიქტურად ხელში დარჩა სამხილი, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიყვანდა ძალოვნებს ჩემი ცოლის კვალზე. ეს სამხილი უნდა გამექრო და დავიწყე იმ სამართალდამცველის ძებნა, ვინც ფულის სანაცვლოდ, ამას იზამდა. ამ ძებნაში, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი თანაკლასელი ერთ-ერთი ის თანამშრომელი იყო, ვინც ინციდენტის დროს, ადგილზე მოვიდა. კლასელს შევხვდი, ავუხსენი ჩემი გასაჭირი და თავშლის სანაცვლოდ, 5 ათას მანეთს დავპირდი. 3 ათასი მივეცი, 2 მერე უნდა მიმეცა და იმან კიდევ გადამაგდო. ჰო, გადამაგდო, ბოლო შეხვედრისას ასე მთხრა, ჩემი საქმროა, ვერაფერს ვეტყვი, ვერც ფულს დაგიბრუნებ, უკვე დავხარჯე, მოკლედ, კარგად იყავიო. გამწარებულზე ჩავარტყი აგური, მოკვლა არ მინდოდა“, - დაასრულა მოყოლა დაკავებულმა.

სასამართლომ მას გაუფთხილებლობით მკვლელობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის ცოლს, დედამთილის დაჭრისთვის, მხოლოდ პირობითი სასჯელი ერგო, რადგან... ქუჩაში 3 ბავშვი რჩებოდა