რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდებზე“ ნადირობის ახალი სეზონი გაიხსნა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ დაუმატეს სასჯელი „თენგო ფოთინსკის“ და რა ელის „სვანს“

როგორც მოგეხსენებათ, პირველი ქვეყანა, რომელმაც ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი დასჯადი გახადა, საქართველო იყო. საქართველოს შემდეგ, იგივე კანონი შემოიღეს რუსეთსა და უკრაინაში, მაგრამ ისე ჩანს, რუსეთის ფედერაციაში, გისოსებს მიღმა მყოფი „კანონიერი ქურდების“ თავისუფლებაზე გაშვებას არ აპირებენ, რისი ნათელი მაგალითიც თენგიზ გიგიბერიას საქმეა.

 

ე.წ. კანონიერი ქურდი „თენგო ფოთინსკი“ სასჯელს უკვე 19 წელია იხდის. ორი წელი მან წინასწარი დაკავების იზოლატორებში გაატარა (?!), ხოლო დანარჩენი 17 - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. რაც მთავარია, 2011 წლიდან, ის სამარტოო საკანში ზის და ზის სწორედ იმიტომ, რომ ციხის ადმინისტრაციამ ჩათვალა, „თენგო ფოთინსკი“ საერთო საკანში გადაყვანის შემდეგ, მთელ ციხეზე კონტროლს დაამყარებდა. ჰოდა, ახლა, როცა მას სასჯელის ვადა გაუვიდა და ყველა ვარიანტში, უნდა გათავისუფლებულიყო, ახალი ბრალი - „კანონიერი ქურდობა“ წაუყენეს.

როგორც რუსული მედია წერს, გიგიბერიამ სასამართლო პროცესზე არ უარყო, რომ სტატუსს ფლობს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ამ სტატუსის გამოყენების შესაძლებლობა, უბრალოდ, არ ჰქონია, რადგან სამარტოო საკანში იჯდა, ვერ და არ აძლევდა ვინმეს მითითებას, არ ჰქონდა „ობშჩიაკი“ და ვერ ერეოდა ციხის ცხოვრებაში.

სასამართლომ მისი სიტყვები გაითვალისწინა და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა „კანონიერი ქურდი“ გაამართლეს კანონის მიღების შემდეგ, თუმცა პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა და სხდომები ზემდგომ ინსტანციაში გაგრძელდა. შედეგად, მომდევნო სასამართლო პროცესზე, პროკურატურამ წარადგინა მტკიცებულება, რომ გიგიბერია ციხეს ადვოკატის მეშვეობით აკონტროლებდა და ამის დასტურად, მისი ერთ-ერთი ადვოკატის მიერ ციხეში განხორციელებული ვიზიტების ოდენობა დაასახელა - წლის განმავლობაში, 114 ვიზიტი და რაც მთავარია, გიგიბერიას ნახვის შემდეგ, ადვოკატი იმავე დაწესებულებაში, სხვა პატიმრებსაც ხვდებოდა და ის „სხვები“ ციხის „მაყურებლები“ იყვნენ.

პროკურატურა „კანონიერი ქურდისთვის“ დამატებით თერთმეტწლიან სასჯელს ითხოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულის მისჯის შემდეგ, „თენგო ფოთინსკის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30 წლის გატარება მოუწევდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, პრაქტიკულად, სრულად დააკმაყოფილა და გიგიბერიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ეს უსამართლობაა, ასე არ შეიძლება, 19 წელია, კაცი ციხეშია და კიდევ 9 წელი დაუმატეს. ციხეში ყოფნის პერიოდში, მას შვილი გარდაეცვალა, ახლა კი თავისუფლებაზე, ორი შვილი და ავადმყოფი ცოლი ელოდება, თუმცა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა, რომ შვილებმა - მამა, მეუღლემ კი - ქმარი ვერ ნახოს. გადაწყვეტილება უსამართლოა“, - განაცხადა სასამართლოზე მყოფმა თენგიზ გიგიბერიას ძმამ.

სავარაუდოდ, გიგიბერიას ადვოკატები მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, თუმცა ძალზედ საეჭვოა, ზემდგომმა ინსტანციამ მსჯავრდებულისთვის პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს.

გიგიბერია ერთადერთი ქართველი არ არის, რომლის წინააღმდეგაც გასულ კვირას რუსეთის სასამართლომ იმსჯელა. უახლოეს მომავალში, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“, დავით გერლიანის პროცესი დაიწყება.

2021 წლის მარტში, რუსეთის ფედერაციამ „კანონიერი ქურდ“ დავით გერლიანზე (მეტსახელად, „სვანი“) საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას ბრალი გამოძალვასა და კრიმინალურ სამყაროში უმაღლესი იერარქიული საფეხურის დაკავებაში ედებოდა. მაშინ ითქვა, რომ გერლიანმა რუსეთიდან გასვლა მოახერხა და იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა საქმეში ინტერპოლი ჩართო, მაინც საეჭვო იყო, რომელიმე ქვეყანას თავი შეეწუხებინა და გერლიანი ჯერ დაეკავებინა, შემდეგ კი რუსეთისთვის გადაეცა. მით უმეტეს, რომ ის დღემდე, საქართველოს მოქალაქეა.

ამის მიუხედავად, „კანონიერი ქურდი“ ეგვიპტელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ადვოკატების მცდელობის მიუხედავად, რუსულმა მხარემ მოახერხა და მისი ექსტრადაციის საკითხი შეათანხმა. შესაბამისად, გერლიანი რუსეთის ფედერაციაში გადააფრინეს, სადაც მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი, სასამართლო განხილვა კი მალე დაიწყება.

როგორც იქაური ძალოვნები ამბობენ, საუკეთესო შემთხვევაში, გერლიანს ათწლიანი სასჯელი ელოდება.

ვერ გეტყვით, „კანონიერი ქურდების“ თემის გააქტიურება უკრაინა-რუსეთის ომის ბრალია, თუ სხვა რამის, მაგრამ ფაქტია, ბოლო პერიოდში, როგორც ჩვენთან, ისე რუსეთსა და ევროპაში, მათთან დაკავშირებული პრების დაკავებაც აქტიურად მიმდინარეობს და ზოგადად, „კანონიერ ქურდებსაც“ გვარიანად დევნიან. არაფერს ვამბოთ საქართველოზე, სადაც კრიმინალური სამყაროს წევრობისა, თუ გარჩევებში მონაწილეობისთვის, პრაქტიკულად, ყოველკვირა აკავებენ ათზე მეტ პირს, მაგრამ თითქმის იგივე ხდება ევროპის ქვეყნებში, თანაც ისე, რომ არც სპეცოპერაციები ტარდება და არც სხვა, ხმაურიანი ღონისძიებები.

თუ გახსოვთ, თავის დროზე, ესპანეთში, საფრანგეთსა თუ იტალიაში, წელიწადში ორ-სამჯერ ისეთი სპეცოპერაციები ტარდებოდა, მთელი ეროპა საუბრობდა და ეს „ღონისძიებები“, სწორედ ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ იყო მიმართული. ახლა კი, ლამის 4 წელი გავიდა, ასეთი რამ არ მომხდარა. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ევროპელებმა კრიმინალი დაამარცხესო, მაგრამ არა. მათ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს და ხმაურიანი სპეცოპერაციებისა და დიდი თანხების დახარჯვის ნაცვლად, ორ-სამ ადამიანს აკავებენ, ციხეში ისტუმრებენ და მერე იწყება ხანგრძლივი სასამართლო გარჩევა. გირაოთი გამოშვებულ პირებს მუდმივად აკონტროლებენ და მათაც ზუსტად იციან, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და გირაო, შესაძლოა, ციხემ შეცვალოს. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, ევროპაში რამდენიმე ასეული პირია, რომლებსაც სასამართლო პროცესი ელოდებათ და თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში, გაამართლებენ, მაგრამ...

„უბრალოდ, ეჭვი აქვთ, რომ რაღაცას ვაფუჭებთ, არ აქვთ მტკიცებულება, ამიტომ მარტივად წაგვიყენებენ ხოლმე ბრალს. შემდეგ იწყება პროცესი და ასე იწელება სამი-ოთხი წლის განმავლობაში. შედეგად, ეს სამი-ოთხი წელი უნდა იჯდე უქმად და ჩუმად, თორემ საუკეთესო შემთხვევაში, სამაჯურს გაგიკეთებენ, უარეს შემთხვევაში - დაგიჭერენ და სასამართლოს ციხეში დაელოდები“, - გვეუბნება ესპანეთში მცხოვრები ქართველი.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ეჭვმიტანილი პირები იმ ხნის განმავლობაში, უბრალოდ, ვერაფერს აკეთებენ, მაგრამ აქვთ შანსი, მიმართონ სასამართლოს თხოვნით, შეწყდეს ძიება, ისინი ქვეყანას დატოვებენ და დაბრუნების შანსი სამი წლის განმავლობაში არ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ეჭვმიტანილ პირებს სამი წლით იშორებს, დაბრუნების შემთხვევაში კი, ყველაფერი ახლიდან იწყება. ამ პრაქტიკის გამოყენება დაიწყო ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა და დიდი შანსია, ევროპის ყველა ქვეყანამ მიბაძოს, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ასეთი მიდგომა ამართლებს, თანაც საჭირო აღარაა, ასობით სამართალდამცავის მოცდენა, ტელეფონების მოსმენა, დევნა, თვალთვალი, სპეცოპერაციის დაგეგმვა და ა.შ. გაჩნდა ეჭვი, წაუყენე ბრალი და დამთავრდა, სამი-ოთხი წლით პიროვნება განეიტრალებულია.

როგორც გვეუბნებიან, ყველაფერი ეს, ევროპის ქვეყნებში მყოფი საქართველოს პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს და ქართველი ძალოვნების მუშაობითა და მათთან თანამშრომლობით, ევროპელები ძალიან კმაყოფილები არიან.

საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კონკრეტული პირები უკვე ადგილობრივი პოლიციის ყურადღების ქვეშ ექცევიან და ისინი აქაც იძულებულნი ხდებიან, ან კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ, ან ჩაიდინონ დანაშაული და ასეთ შემთხვევაში, ციხე არ ასცდებათ.

სამწუხაროდ, გასულ კვირას, წინა პლანზე კვლავ წამოიწია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა. 14 წელს მიუღწეველი პირები შედიან მაღაზიებში, იპარავენ ყველაფერს, რისი წაღებაც კი შეიძლება და რატომღაც გვგგონია, რომ ამ სქემის უკანაც გამოცდილი კრიმინალები დგანან. სხვაგვარად, წარმოუდგენელია, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი წინასწარ ათვალიერებდეს მაღაზიას, გეგმავდეს მის გაქურდვას, იქცეოდეს ისე, რომ კვალს არ ტოვებდეს და შემდეგ ამ ნაქურდალს ისე მარტივად ასაღებდეს, სამართალდამცავებს სერიოზული ძალისხმევა დასჭირდეთ მათ გამოსავლენად.

თუ ძალოვნები მათ უკან მდგომ სრულწლოვან კრიმინალებს გამოავლენენ, კრიმინალური დაჯგუფების შექმნის მუხლით უნდა გაასამართლონ და სასჯელიც სოლიდური, ორნიშნა მისცენ, რადგან ერთია, როცა თავად იპარავ და მეორე, როცა ამისთვის არასრულწლოვნებს იყენებ.