120 ახალი სტატია

ბზობის აღნიშვნის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში, ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა. იგი აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა, მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი, იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ საკუთრ სამოსს, ზოგი პალმის ტოტებს, ყვავილებს უგებდა.

 ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა. ამაზე წმინდა მამები, ასეთ განმარტებას აკეთებენ, რომ ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას.

ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე იერუსალიმს, რომ მისგან მთელი „გოდების“ კედელიღა დარჩებოდა და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელ დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.

 ქრისტიანულ სამყაროში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და დამკვიდრდა. მართლმადიდებლურ სამყაროში ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები მზის ამოსვლამდე უნდა მოიჭრას. მოჭრილ ტოტებს აკურთხებებ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას იგი სახლებში მიაქვთ.

 ბზობა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრამდე, მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეების მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 როგორ აღნიშნავენ საქართველოს კუთხეებში ბზობის დღესასწაულს?

 რაჭა-ლეჩხუმში ბზობას ეკლესიაში მიდიოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მიტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს

სამეგრელოში ბზობა-ბაიაობას ბაიას ყვავილს იყენებდნენ, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: „ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით“. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ.

ქართლში მღვდელი ტყიდან მოტანილ ბზას აკურთხებდა და ხალხს დაურიგებდა. ხალხი ამ დღეს თევზს ჭამდა. მიცვალებულების მოსახსენებლად ზურგიელს ხარშავდნენ. ვისაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, დიდ ორაგულს მოხაშავდა და ეკლესიაში წაიღებდა. თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, „დაპურებული“ იყო და, ხალხის რწმენით, პურის თავთავი კარგად დაისხამდა. ქართლში წირვა-ლოცვაზე სიარულს ბზობიდან იწყებდნენ (ყოველდღე დადიოდნენ), ოთხშაბათიდან კი „დაიუქმებდნენ“. ქართლში ვნების ოთხშაბათს ბზობის ოთხშაბათსაც ეძახდნენ.

კახეთში ბზობას საქმის კეთება იცოდნენ – ყველაფერი ბარაქიანი იქნებაო. უფრო თესავდნენ: სიმინდს, ლობიოს, კიტრს – ბზასავით დაისხამსო. მოგეხსენებათ, ხარება და ბზობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვას, შესაძლოა ხარება წინ უსწრებდეს ბზობას ან პირიქით. თუ ხარება ბზობას მოსდევს, ხალხის თქმით, თევზით არ ხსნილდება, რაც საეკლესიო ტიპიკონს სრულად შეესაბამება.

გუდამაყარში ბზას ბავშვებს თმაში უკეთებდნენ, ყვავები დაიმალებიანო. ზოგი ბზას კვერცხებზე ცვლიდა.

ხევში ბზობას „ბზობა-კაზარობას“ ეძახდნენ. მოხევეები ამ დღეს უქმობდნენ, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მღვდელი მათ ბზით ასხამდა ნაკურთხ წყალს. ხევში ბზის მაგივრობას ტირიფი ასრულებდა.

ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში ხარობს ბზა. ამ სოფელში იყო პატარა კოშკი – წმინდა გიორგის სალოცავი. გადმოცემის მიხედვით, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას ბზა სჭირდებოდა და ფშავ-ხევსურეთში ის არ იყო, ქრისტიანობის განსამტკიცებლად თამარ მეფეს წმინდა გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. აქვე ქრისტიანული ეკლესიაც მდგარა. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ხატი ბზიანაში პირუტყვის შეყვანას კრძალავდა. ვისი პირუტყვიც ბზიანაში შევიდოდა, ხატი მას დაამიზეზებდა ანუ ავად გახდიდა, ან საქონელს უზარალებდა, ან სხვა რამეს შეამთხვევდა. დაზარალებულს ხატისთვის ერთი საკლავი და სანთელ-საწირის მიტანა ევალებდა.

 დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებისა. ბზობის გამო დიდ-მარხვის მე-6 შაბათი თევზით ხსნილია.. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

 ბზის ზოგიერთი ჯიში გადაშენების პირასაა, რის გამოც პატრიარქი ბზობის დღესასწაულისთვის მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებას სთხოვს, იგი აღნიშნავს, რომ ეკლესიაში შესაძლებელია ნაკურთხი ბზის შეძენა.

 

 

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი