120 ახალი სტატია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის ფული გაფლანგეს!

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, დარღვევები პრივატიზაციასა და ავტოპარკის მართვაში - აუდიტის სკანდალური დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტით დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, 2018-2019 წლებში, ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობას ეხება. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დარღვევებით განხორციელდა. გარდა ამისა, პრობლემები გამოიკვეთა, როგორც ქონების პრივატიზაციაში, ასევე, სახელმწიფო ავტოპარკის მართვაში. მეტიც, დედოფლისწყაროს საკრებულოს არათანამდებობის პირები ხელფასსაც კი დარღვევებით, უფრო ზუსტად, უკანონოდ იღებდნენ.

 

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018-2019 წლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მაგრამ ამჯერად, კულტურის სახლის შენობის ნაწილის გადახურვა განვიხილოთ. ამ სამუშაოს შესასრულებლად, 2019 წელს, შპს „გეოინჟინერინგთან“ გაფორმდა ხელშეკრულება და ეს სამუშაო სოფელ ზემო მაჩხაანში უნდა შესრულებულიყო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს ღირებულება 10 000 ლარი იყო, თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ რეალურად, 7 800 ლარი დაიხარჯა.

„ამ სამუშაოს შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფი. ინსპექტირების ჯგუფის დადებითი შეფასებების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა მათი ღირებულება. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაო გამოავლინა. კერძოდ, შენობის ახლად გადახურული ნაწილიდან ჩამოდის წყალი და ზიანდება შენობის კედელი. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმირებული იყო მერიის წარმომადგენელი, მაგრამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

როგორც სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, ზემო მაჩხაანის კულტურის სახლის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები იმიტომ დაზიანდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მეტიც, აუდიტორების დასკვნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები ისე წარმართეს, რომ 7 800 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ჩაიბარეს, რომელიც უხარისხოდ იყო შესრულებული. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია, ხოლო კულტურის სახლს  დამატებითი რეაბილიტაცია სჭირდება.

 

ხარვეზები ქონების პრივატიზაციაში

რა თქმა უნდა, დარღვევები გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციაშიც. კერძოდ, 2018 წლის 2 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა მუნიციპალიტეტის სოფლებში სტადიონებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად. კერძოდ, სოფელ ხორნაბუჯში, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო; სოფელ სამრეკლოში - მინი-სტადიონის რეაბილიტაცია; სოფელ ზემო ქედში - „ქსნელების“ სტადიონის რეაბილიტაცია, სოფელ ქვემო ქედში - მინი-სტადიონის რეაბილიტაცია, სოფელ ფიროსმანში კი, არსებულ სტადიონზე - ფრენბურთის მოედანი, გადახურული ტიპის სატრენაჟორო მოედანი და მოედნის განათების მოწყობის სამუშაოები. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა შეესრულებინა შპს „სტანდარტი-ა“-ს, ხოლო ღირებულება - 61 000 ლარი იყო.

„საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ მიმწოდებელს აღნიშნული სამუშაოები არ შეუსრულებია. აღსანიშნავია, რომ მიზეზები, რის გამოც მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების დასრულებას, არ არის სათანადოდ არგუმენტირებული. წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას გააჩნდა ფინანსური პრობლემები. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა სამუშაოების დასრულების ვადის გასვლიდან 9 თვის შემდეგ. დედოფლისწყაროს მერიასა და შპს „სტანდარტი-ა“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები არ შესრულებულა. შესაბამისად, მერიამ პროცესი ვერ წარმართა იმგვარად, რომ დროულად დაესრულებინა სამუშაოები - მუნიციპალიტეტმა სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებისა და გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, მიმწოდებელს დაარიცხა საჯარიმო სანქცია 3 900 ლარი, რომელიც გადახდილია. ამასთან, სამუშაოების შეუსრულებლობისათვის, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მიმწოდებელი შეყვანილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილი სამუშაოების დასასრულებლად, ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა, პროექტი კი შეჩერებულია“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტმა განახორციელა 11 ობიექტის პრივატიზაცია. გასხვისებული ობიექტების ჯამური ღირებულება 62 900 ლარი იყო. მუნიციპალიტეტმა ყველა შემთხვევაში გამოიყენა საჯარო აუქციონის ფორმა. საწყისი საპრივატიზებო ღირებულების დადგენა ხორციელდებოდა აუდიტორის შეფასების საფუძველზე. ვაჭრობის პროცესი უკონკურენტო გარემოში მიმდინარეობდა და პრეტენდენტები მხოლოდ ერთი ბიჯის მომატებით იმარჯვებდნენ. შედეგად, ობიექტების ჯამური საწყისი საპრივატიზებო ფასი - 59 900 ლარი, მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, მერიამ, ელექტრონული აუქციონის ფორმის გამოყენების საშუალებით, უფრო მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ქონების გასხვისების პროცესში, ელექტრონული აუქციონის უპირატესობების ნაცვლად, საჯარო აუქციონის ფორმას ირჩევდნენ, რაც მუნიციპალიტეტის შემოსავლებზე უარყოფითად აისახა. აუდიტორების მტკიცებით, ორ შემთხვევაში, ქონების შემძენმა პირებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები - ერთ შემთხვევაში, არ არის შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, დიდი დაგვიანებით შესრულდა. მიუხედავად ამისა, მერიას არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ქონებრივი ინტერესების დასაცავად.

 

ხარვეზები ავტოპარკის მართვაში

აუდიტის შედეგად გაირვკა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, საშუალოდ, 26-30 ერთეულით აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

„საქართველოს მთავრობის რეკომენდაციისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, 2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, მიზანშეწონილი იყო 5 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 2 განპიროვნებული და 8 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხოლო 2019 წელს - 2 განპიროვნებული და 11 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით“.

სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, 2018 წელს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 23 ავტომანქანაზე, ხოლო 2019 წელს - 24 ავტომანქანაზე. პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, 26 400 ტონა საწვავი გასცეს, რაც 60 100 ლარი დაჯდა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.

 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირები ხელფასს დარღვევით იღებდნენ. კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, 92 900 ლარი მიიღეს, აქედან 2018 წელს - 47 600 ლარი, ხოლო 2019 წელს - 45 300 ლარი. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა -  ყოველთვიურად, 375 ლარის ოდენობით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ, უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მუნიციპალიტეტს არ წარმოუდგენია“.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2018-2019 წლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 92 900 ლარი გასცა, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე და საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ!

 

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია

2018-2019 წლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე არ არის დაწესებული სათანადო კონტროლი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორები მიიჩნევენ, რომ არსებობს რისკი, რათა შესაბამისი რეაგირების გარეშე, მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონება დაიკარგოს ან დაზიანდეს.