არსებობს თუ არა ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელური გარიგებები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ექსკლუზიური დეტალები

უახლოეს დღეებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პრემიერ-მინისტრს და საზოგადოებას ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს. მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, 2 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და წამლების ფასზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში მედიკამენტების ფასები საკმაოდ მაღალია, რაც სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება:

„ამის გამო, ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე - მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე, მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ გამოსავლის გზებიც დავსახოთ. არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია! არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება! ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ყველაფერი ეს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მართალია, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შუალედური მონიტორინგის ანგარიში ჯერ არ წარუდგენია, მაგრამ „ვერსიასთან“ ინტერვიუში, სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ამ ანგარიშის დეტალებს ექსკლუზიურად გვიმხელს.

 

- ბატონო ირაკლი, ვიდრე ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შედეგების საბოლოო დასკვნას მოამზადებთ, მითხარით, რა მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა?

- უახლოეს დღეებში, ამოვწურავთ საბოლოო კონსულტაციებს რამდენიმე დაინტერესებულ მხარესთან და უწყებასთან, რადგან მონიტორინგის მთავარი ნაწილი ჩვენი რეკომენდაციებია. სწორედ რეკომენდაციებით უნდა ვუპასუხოთ იმ პრობლემას, რაც ფაქტებსა და ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა, ვგულისხმობ ძალიან კონტრასტული მარჟებს მედიკამენტების ფასებზე, რაც რეალობაა. პრინციპში, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მონიტორინგში გარკვეული სურათია, სადაც ჩანს, რომ მომხმარებლებს იმაზე მეტის გადახდა უწევთ მედიკამენტებში, ვიდრე უფრო გახსნილი და კონკურენტული ბაზრის პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენი მონიტორინგის ნაწილი, რასაც განვასაჯაროვებთ, შუალედურ შედეგზე იქნება ორიენტირებული, რომლის მთავარი ნაწილი რეკომენდაციები იქნება.

აქვე, იმასაც გაგიმხელთ, რომ ჩვენი მონიტორინგი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ერთია ბაზრის ზოგადი ეკონომიკური ანალიზი - როგორია ბაზრის სტრუქტურა, როგორია კომპანიების მდგომარეობა, გვაქვს თუ არა დომინირებული მდგომარეობები. ამ ნაწილში, შემიძლია გითხრათ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება - არიან კომპანიები, რომელთა წილები ბაზარზე საკმაოდ მაღალია. მეორე მიმართულება ის გახლავთ, რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი 6 ჯგუფის მედიკამენტები ავიღეთ, რაც ჯამში, 100 დასახელებას გულისხმობს და მონიტორინგში, მათი ფასწარმოქმნის ანალიზს წარმოგიდგენთ. სრულყოფილ ანალიზს წლის ბოლოს შემოგთავაზებთ, მაგრამ რამდენიმე მიმართულებას ამ ანგარიშშიც ავსახავთ. ამ ნაწილში, ზუსტად უნდა ვთქვათ, როგორია საბაზრო და არასაბაზრო ფაქტორების წილი, ასევე, როგორია კონტრასტული მარჟების წილი. შესაძლოა, სადღაც 20% და 10%, სადღაც - 200% ან 400%-ია, ამიტომ ჩვენ უნდა ავხსნათ, რამდენად სწორი პრაქტიკითაა ეს მარჟები მიღებული.

მონიტორინგის მესამე მიმართულება გახლავთ კანონმდებლობის ანალიზი და ამას რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი უპასუხებს, სადაც ვიტყვით, რა იქნება საჭირო ბაზრის უფრო მეტი გახსნილობისა და მეტი კონკურენტუნარიანობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი გადასახედიდან. პირდაპირ გეუბნებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფასების მაკონტროლებელი არ გახლავთ, მაგრამ თუ ფასწარმოქმნაში არასაბაზრო ფაქტორების წილია და თუ ამას კონკურენციის კანონმდებლობა ფარავს, ამ ნაწილში, ჩვენი გადასახადედიდან დანახულ საკითხებს ავსახავთ, ცხადია, კანონმდებლობასთან მიმართებაში.

საბოლოო ჯამში, ჩვენი აზრით, ფარმაცევტულ ბაზარს უფრო მეტი გახსნილობა სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება შეეძლებათ, თუ უფრო კონკურენტული და გახსნილი ბაზარი იქნება. ბაზრის უფრო მეტ გახსნილობას, უფრო მეტი სისტემური მიდგომები სჭირდება, როგორც კანონმდებლობის, ასევე, სხვადასხვა საკითხების გათვალისწინებით. სწორედ ეს საკითხები აისახება ჩვენს მონიტორინგში. უფრო კონკრეტულ დეტალებზე, ანგარიშის განსაჯაროვების შემდეგ ვისაუბროთ.

- როდის წარადგენთ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშს?

- ყველა დაინტერესებულ მხარესთან საბოლოო კონსულტაციებს ამოვწურავთ და უახლოეს დღეებში წარვადგენთ.

- ამბობთ, ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა შეინიშნებაო და ეს იმას ნიშნავს თუ არა, რომ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ცალკეულ კომპანიებს შორის, კარტელური ან თუნდაც ოლიგოპოლიური შეთანხმება ფიქსირდება?

- არა, ნამდვილად არ ნიშნავს. შესაძლოა, ბაზარზე ერთი კომპანიის ან კომპანიების ჯგუფის დომინირებული მდგომარეობა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დარღვევას აქვს ადგილი. თუ დომინირებული მდგომარეობის გამოყენება ხდება ბოროტად ან თუ რამდენიმე მოთამაშის შეთანხმებულ ქმედებას აქვს ადგილი, ამას შესაბამისი ფაქტები და მტკიცებულებები სჭირდება, რისთვისაც ცალკე აღებული მოკვლევის პროცესია საჭირო. თუ მონიტორინგი აჩვენებს, რომ რაღაც ნაწილში, შესაძლებელია მოკვლევის ეტაპზე გადასვლა, მერე ამ მიმართულებითაც შეიძლება მუშაობა. თუმცა, როგორც გითხარით, ამ ეტაპზე, მონიტორინგის მიზანი ბაზრისა და მისი კონკურენტუნარიანობის შეფასება, ასევე, რეკომენდაციების პაკეტის წარდგენაა, თუ რა სჭირდება ბაზარს უფრო მეტი გახსნილობისთვის.

- 6 ჯგუფის მედიკამენტების მონიტორინგის დროს თუ გადააწყდით კონკრეტულ ფაქტებს, როდესაც ამა თუ იმ წამლის ფასი 300 და 400%-ით იყო გაზრდილი?

- ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო შედეგებს დაველოდოთ, სადაც ყველაფერი დეტალურად იქნება აღწერილი. იმიტომაც გითხარით, ბაზარი საკმაოდ კონტრასტულია-თქო, რომ პროცენტული ფასნამატებია. ამიტომ, გთხოვთ, ანგარიშის განსაჯაროვებას დაველოდოთ. შესაძლოა, ამ მონიტორინგში მედიკამენტების ყველა ჯგუფის კვლევა ვერ მოესწროს, რადგან ამისთვის, წლის ბოლომდე გვაქვს დრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ანგარიშში კონკრეტული მაგალითები იქნება და საზოგადოება შეიტყობს, სად ვხედავთ პრობლემურ წერტილებს.