ვინ გადაასწრო Forbes-ის მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არის და რას წარმოადგენს ყაზახეთში მცხოვრები ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე

 

Forbes-ის მილიარდერთა სიაში, ახალგაზრდა ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე დაწინაურდა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილსაც კი გადაასწრო. ყაზახური კომპანია Kaspi Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ლომთაძე, რომელიც ამჟამად, ალმა-ატაში ცხოვრობს, Forbes-ის სიის 596-ე ადგილს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი - 632-ე ადგილს იკავებს. Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მიხეილ ლომთაძის ქონება 5.1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ხოლო ივანიშვილის ქონება - 4.8 მილიარდ დოლარად. 46 წლის ქართველი ბიზნესმენი, ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ლომთაძე ამავე კომპანიის აქციონერიც გახლავთ.

 

Kaspi Bank-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi Bank-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე შარშან განთავსდა. 2020 წლის განმავლობაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE), ეს ყველაზე მსხვილი განთავსება იყო. Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით, სწორედ ამის შემდეგ, კომპანიის დამფუძნებლები მილიარდერები გახდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, Kaspi Bank-ის აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსება ჯერ კიდევ 2019 წელს იგეგმებოდა. ინვესტორთა შეფასებით, იმ პერიოდში, მსხვილი ყაზახური ფინანსური კომპანიის მოსალოდნელი ღირებულება 5 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, საბოლოოდ, Kaspi Bank-მა აქციების შეთავაზება გადაავადა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს კომპანიის მიერ გადადგმული კიდევ ერთი სწორი ნაბიჯი იყო, რადგან 2020 წლის მთავარმა გამოწვევამ - კორონავირუსის თანამდევმა კრიზისმა, Kaspi-ს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი უპირატესობები კიდევ უფრო კარგად დაენახა და გაცილებით მეტი მომხმარებელი მიეზიდა.

2019 წელს, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 1.3 მილიარდი დოლარი, ხოლო წმინდა მოგება 515 მილიონი დოლარი იყო. 2020 წლის პირველ ნახევარში, კომპანიამ 740 მილიონი დოლარის შემოსავალი და 286 მილიონი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

 

ცოტა რამ Kaspi Bank-ის შესახებ

Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Kaspi Bank-ის სერვისს, ყოველთვიურად, ყაზახეთის 18-მილიონიანი მოსახლეობიდან, 7.8 მილიონი იყენებს. ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად, Kaspi Bank-ის საგადახდო სისტემაზე, ყაზახეთში განხორციელებული ტრანზაქციების 66% მოდის, 33%-ს კი გლობალური ბრენდები - Visa და Mastercard-ი ემსახურებიან.

ამჟამად, Kaspi Bank-ი სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: საგადახდო პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთთან ციფრული ტრანზაქციები განახორციელონ. ამასთან, ციფრული ბანკის საშუალებით, შესაძლებელია სხვადასხვა სამომხმარებლო სესხის აღება და დეპოზიტების მართვა.

ამავდროულად, ყაზახური Kaspi მარკეტპლეისია, რომელიც მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ერთიან პლატფორმას სთავაზობს. 2019 წლის მდგომარეობით, Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი ონლაინ-მაღაზია იყო, რომელიც მთლიანი ელექტრონული კომერციის 46%-ს ფლობდა.

სამომხმარებლო სესხების ფართო არჩევანის შედეგად, Kaspi Bank-ი მცირე ზომის სესხების ბაზრის ლიდერია, მასზე მთლიანად ყაზახეთის სამომხმარებლო სესხების 32% მოდის.

თავდაპირველად, Kaspi ციფრულ პლატფორმად არ შექმნილა. მისი ისტორია 1991 წელს იწყება. ამ დროს, ყაზახური ფინანსურ ინსტიტუტს Аль Барака Казахстан-ი ეწოდებოდა. 1997 წლიდან, კომპანიამ სახელი შეიცვალა და Банк Каспийский გახდა. 2008 წლიდან, კიდევ ერთი რებრენდინგის შედეგად, Kaspi Bank-ი ეწოდა.

 

ვინ არის მიხეილ ლომთაძე

Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ყაზახურ Kaspi Bank-ს, მიხეილ ლომთაძე 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. ის საქართველოში, ბათუმში, 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს, მაგისტრის - MBA ხარისხით დაასრულა.

მიხეილ ლომთაძემ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში დაიწყო და 1995 წელს, აუდიტორული კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა. რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernest & Young-ის ჯგუფის წევრი გახდა.

2002 წლიდან, მიხეილ ლომთაძემ მაიკლ ქალვის Baring Vostok Capital Partners-ის საინვესტიციო მენეჯერის პოსტი დაიკავა და 2004 წლიდან, მისი პარტნიორი გახდა. ამის შემდეგ, Baring Vostok Capital Partners-ი, Kaspi Bank-ის ერთ-ერთ წამყვან აქციონერად და ინვესტორად იქცა.

მიხეილ ლომთაძის განცხადებით, ის ყაზახეთში, სწორედ Baring Vostok Capital Partners-ის საშუალებით მოხვდა, რომელმაც ინვესტიცია იმდროინდელ Банк Каспийский-ში განახორციელა.

„ეს იყო ჩემი, როგორც Baring Vostok-ის პარტნიორის ინვესტიცია. ჩემი ყოფილი კურსელი ჰარვარდიდან, ბანკში მუშაობდა და შემომთავაზა, ინვესტირებით დავინტერესებულიყავი. ყაზახეთში გავემგზავრე და ეს იყო „ერთი ნახვით სიყვარული“, ან შეიძლება ითქვას, პარტნიორობა პირველივე ნახვიდან. Baring Vostok-მა ინვესტიცია ყაზახეთში 2006 წელს განახორციელა. შემდეგ დაიწყო 2007 წლის კრიზისი და ყველაფერი ცუდად წავიდა. მკვეთრი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორი გავხდებოდი. აქამდე, ჩემი დიდი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, არაფრით ვუკავშირდებოდი საბანკო სფეროს. საქართველოში, პარტნიორებთან ერთად, აუდიტორული კომპანია შევქმენი, რომელიც დღეს, Ernest & Young-ის ნაწილია. შემდეგ ჰარვარდში წავედი სასწავლებლად. ვფიქრობ, გამიმართლა, ჩემს გვერდით, ყოველთვის „სწორი ადამიანები“ იყვნენ - მასწავლებლები უნივერსიტეტიდან და პარტნიორები საქართველოდან, შემდეგ პროფესორები და მეგობრები ჰარვარდიდან“, - ამბობს მიხეილ ლომთაძე.

Forbes-ის ინფორმაციით, Kaspi Bank-მა ციფრული ტრანსფორმაცია განსაკუთრებული ტემპით 2011 წლის შემდგომ დაიწყო. ელექტრონული საფულის სახით არსებულ სისტემას, მიხეილ ლომთაძის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, 2014 წლიდან, ელექტრონული კომერციის სისტემაც დაემატა.

Forbes Georgia-ს ინფორმაციით, მიხეილ ლომთაძის გარდა, Kaspi-ს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი საქართველოდან წასულმა სხვა პროფესიონალებმაც შეასრულეს. ნომერ პირველი მარკეტპლეისის დირექტორის მოადგილის სტატუსით, Kaspi-ში თენგიზ მოსიძე მოღვაწეობს, რომელიც მამუკა კვირკველიასთან ერთად, ყაზახეთში, მიხეილ ლომთაძის გუნდს თავიდანვე შეუერთდა. მამუკა კვირკველია ამ კომპანიაში IT მიმართულების განვითარებას ხელმძღვანელობს. Forbes-ის ინფორმაციით, ორივე ქართველი მენეჯერი - მოსიძეცა და კვირკველიაც Kaspi-ს აქციებს ფლობენ.