104 ახალი სტატია

რატომ ვერ ხედავენ ოპონენტები თავდაცვის სამინისტროს მზარდ ბიუჯეტს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამირან სალუქვაძე: „ძალიან უსინდისო უნდა იყო, რომ ეს მასშტაბები ვერ დაინახო!“

„2007 წელს, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდი ლარი იყო, 2021 წელს კი სამჯერაა შემცირებული. ბოლო ათი წელია, ეს ფული ჯარში მხოლოდ კვებაზე, ადმინისტრაციულ ხარჯებზე იხარჯება და არა - იარაღის შეძენასა და ჯარის აღმშენებლობაზე“, - ეს ყოფილი „გირჩელი“ ეპისკოპოსის, ნიკა ობოლაძის სიტყვებია, რომელიც ახლა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ახალი სახე გახლავთ. მან ეს „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომელიც ერთი კვირის წინ, ჩემმა კოლეგამ ჩაწერა. ნიკა ობოლაძე ის „გირჩელი“ ეპისკოპოსი გახლდათ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ შარვლის ჩახდა და ოკუპანტისთვის შიშველი უკანალის მიშვერა ეგონა. უხეშობისთვის მკითხველს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ უფრო მშვიდად, თანაც გამართული სალიტერატურო ლექსიკით ნამდვილად ვერ ავხსნი, რას ნიშნავდა თავის დროზე, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მოტივით, „ბიბლიური თავისუფლების“ შექმნა ანუ თუ „გირჩში“ გაწევრიანდებოდით და რაც მთავარია, მათი ეპისკოპოსი ახალ „რელიგიას“ გაზიარებდათ, ჯარში არ იმსახურებდით.

დიახ, ყველაფერი ეს, იმ ქვეყანაში ხდებოდა, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ „გირჩის“ მიმდევრებს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალურ ქსელში, საკუთარი გვერდის ავატარზე, ქართულ-ინგლისურად მიწერილი „რუსეთი ოკუპანტია“ ჰგონიათ, სამწუხაროდ...

 

თავდაცვის მზარდი ბიუჯეტი

რაც შეეხება თავდაცვის ბიუჯეტს, დეტალურად გაგაცნობთ, რა ოდენობის დაფინანსებას იღებდა სამინისტრო ბოლო ცხრა წლის მანძილზე - 2012 წლიდან დღემდე. თუმცა მანამდე, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც თუ ჩასაფრებული არ ხართ, ან უარესი - მტრის წისქვილზე არ ასხამთ წყალს, თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, თქვენც თავისუფლად ნახავთ:

„ვაშინგტონი, 20 ნოემბერი, 2017 წელი - სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის, დაახლოებით, 75 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და მართვადი გამშვები დანადგარების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ოთხასათი (410) ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტისა და სამოცდათორმეტი (72) მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა (ორი სათადარიგო ჯაველინის ბლოკ 1 გამშვები დანადგარის ჩათვლით); ასევე, გათვალისწინებულია ათი (10) ძირითადი უნარების საწვრთნელი მოწყობილობა; სამოცდაათამდე (70) სიმულაციური ჭურვი; აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორის ტექნიკური დახმარება; ტრანსპორტირება; სხვა ლოგისტიკური და პროგრამული დახმარება. მთლიანი მიახლოებითი ღირებულება შეადგენს 75 მილიონ აშშ დოლარს“.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს საერთოდ რომ არ გავეცნოთ, მხოლოდ ეს ინფორმაციაც საკმარისია, რათა ნიკა ობოლაძე სიცრუეში ვამხილოთ, მაგრამ აუცილებლად გაჩვენებთ, როგორ იზრდებოდა წლიდან წლამდე ამ უწყების დაფინანსება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2012 წელს - თავდაცვის სამინისტრო, დაახლოებით, 712 მილიონი ლარით დაფინანსდა; 2013 წელს - დაახლოებით, 640 მილიონი ლარით; 2014 წელს - დაახლოებით, 639 მილიონი ლარით; 2015 წელს - დაახლოებით, 654 მილიონი ლარით; 2016 წელს - დაახლოებით, 722 მილიონი ლარით; 2017 წელს - 691 მილიონი ლარით; 2018 წელს - დაახლოებით, 724 მილიონი ლარით; 2019 წელს - დაახლოებით, 812 მილიონი ლარით; 2020 წელს - დაახლოებით, 889 მილიონი ლარით.

 

დარგის სპეციალისტის შეფასება

პროფესიონალი სამხედრო ექსპერტი, ბრიგადის გენერალი, სამხედრო მფრინავი, ამირან სალუქვაძე „ვერსიასთან“ ინტერვიუში, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს და ბოლო წლებში, უწყების მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს განიხილავს.

 

- ბატონო ამირან, ბოლო ათი წლის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შემცირდა, თუ პირიქით - გაიზარდა?

- საერთოდ, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი პერიოდულად, 2008 წლის აგვისტოს ომის წინა წლებიდან იზრდებოდა, ციფრიც კი გვახსოვს - მილიარდნახევარი ლარი, ეს იყო უწყების ბიუჯეტი 2007 წელს. თუმცა მეორე მხრივ, არანაკლებ საინტერესოა, როგორ იხარჯებოდა ეს თანხა, ამიტომ სანამ რაღაცის ჩხრეკას დაიწყებენ, ჯერ საკუთარი გამოჩხრიკონ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რაც ისედაც კარგად იცის ყველამ, ვინც საქმეშია ჩახედული და ახლოსაა თავდაცვის სფეროსთან, ვსაუბრობ ტექნიკის შესყიდვებზე - უხეშად რომ გითხრათ, ლარიანს 2.00 ლარად ყიდულობდნენ. ამის უამრავი მაგალითებია, მაგრამ ეს საქმე თაროზე უდევთ და უმჯობესია, ჩამოიღონ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარია, იმ რესურსების სწორად წარმართვა, რომელიც ჩვენსავით, ეკონომიკურად არც ისე მდიდარ სახელმწიფოს გააჩნია, ესაა მთავარი და ამ  მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და არა იმაზე, რომ გაზრდილი ციფრი რამის მაჩვენებელი იყოს.

სპეციალისტებმა ისიც კარგად იციან, თუ რა მდგომარეობაში დატოვეს ჯარი 2012 წელს. დეტალებში არ შევალ, ამ ინფორმაციებს გრიფით საიდუმლო ადევს, მაგრამ ჩემი კონტაქტებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიცოდი და მეცოდინება, რა ხდებოდა ჯარში, რა ხდება ახლა და რა მოხდება მომავალში. ამიტომ, ბევრი სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ - არც ომის წინა და განსაკუთრებით, არც ომის შემდგომ პერიოდებზე.

მე ვიცი, რა მდგომარეობაში დარჩა ჯავშანსატანკო ტექნიკა, მარაგი ნაწილები, აკუმულატორები, საავიაციო ტექნიკა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ათასობით ოფიცერი დაითხოვეს თავდაცვის ძალებიდან, რომელსაც ადრე შეიარაღებული ძალები ერქვა. მხოლოდ ომის წინა პერიოდში, 7 000-ზე მეტი ოფიცერი გაუშვეს ჯარიდან...  შესაბამისად, არ მგონია, რომ დღეს, ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა და ზედაპირული საუბარი მათთვის მომგებიანი იყოს, უმჯობესია, კონსტრუქციულ დიალოგში შევიდნენ თავდაცვის სამინისტროსთან.

- როგორც ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტმა, ზუსტად ვიცი, როგორ იზრდებოდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წლიდან წლამდე, მაგრამ თუ შეიძლება, აგვიხსენით, რა გაკეთდა ამ ხნის მანძილზე უწყებაში ანუ რაში დაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები.

- რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსებას, ამ ციფრების ანალიზს სერიოზული მუშაობა სჭირდება, მაგრამ ვისაც აინტერესებს, კარგად ხედავენ, რამდენი რამ გაკეთდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდს. მეტსაც გეტყვით, მთელი 30 წლის მანძილზე, მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის სამინისტროში არ განხორციელებულა! სხვათა შორის, აკრიტიკებდნენ კიდეც, უმჯობესია, ეს თანხები საბრძოლო მზადყოფნის მიმართულებითა და ტექნიკის შესაძენად გამოიყენონო, მაგრამ ეს სამუშაოები, ფაქტობრივად, დასასრულს უახლოვდება. თუ არ ვცდები, 100 მილიონი ლარი გამოყვეს ამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. დეტალურად რომ აგიხსნათ, ერთდროულად ყველა ტერიტორია, რისთვისაც 250 ადგილმდებარეობა შეარჩიეს, ევროსტანდარტების შესაბამისად გაარემონტეს. თუ ადრე, პირობითად, ვაზიანსა და ახალციხეში, ოფიცრები და ჯარისკაცები სხვადასხვა პირობებში მსახურობდნენ, დღეს უკვე ასეთი სხვაობები აღარ არის - არც საბრძოლო ბრიგადებში, არც სასწავლო ნაწილებში, არც ლოგისტიკის უზრუნველყოფის ნაწილებში. გიმეორებთ, მხოლოდ ბოლო ორწლიან პერიოდზე გესაუბრებით.

ვისაც მხოლოდ ციფრები აინტერესებს, ამ ცხრა წლის მანძილზე, ყველაზე მცირე ბიუჯეტი იყო 640 მილიონი ლარი, მაგრამ წლევანდელი ბიუჯეტი, დაახლოებით, 820 მილიონი ლარია... რომელ კლებაზეა საუბარი? ეს ბიუჯეტი იყო საშუალოდ, ომის წინა პერიოდშიც, თუ არ ჩავთვლით იმ წელს, როდესაც დაფინანსებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა. საინტერესოა, რამდენად ეფექტიანად დაიხარჯა ეს მილიარდნახევარი ლარი იმიტომ, რომ დაკარგულ მილიარდთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს! დიახ, მილიარდი ლარია დაკარგული თავდაცვის სამინისტროდან და რაზე ვსაუბრობთ, საერთოდ?!

- ისევ იმ მასშტაბურ პროექტს დავუბრუნდეთ, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო. ეს პროექტი ჯარისკაცების ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს, ხომ?

- თავდაცვის ძალების მთავარ მიმართულებაა წვრთნები - საბრძოლო მზადყოფნა, ასევე, შეიარაღებისა და ტექნიკის მზადყოფნა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მასშტაბურად მიმდინარეობს საბრძოლო ტექნიკის აღდგენა, იქნება ეს საავიციო, თუ ჯავშანსატანკო. ჩვენ ვნახეთ, რამდენი სატვირთო ავტომობილი შეისყიდა სამინისტრომ, ბოლო შესყიდვით, 300 სატვირთო ავტომობილი შეისყიდეს. აღარაფერს ვამბობ აღჭურვილობასა და შეიარაღებაზე, რომელიც აშშ-მ გადმოგვცა, ვგულისხმობ ჯაველინებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყველა ინფორმაცია არ არის ღია და ვცდილობ, მხოლოდ ის გითხრათ, რისი თქმაც საჯაროდ შეიძლება.

ახალ მინისტრს არ ვიცნობ, მაგრამ თავდაცვის ძალებთან აქტიურად ვმუშაობ. გარკვეულ სპეციალობაში, ვგულისხმობ საჰაერო თავდაცვას, შემიძლია საკუთარი თავი პროფესიონალად ჩავთვალო, ამიტომ ეს მიმართულება მუდმივად ჩემი თვალთახედვის არეალშია. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი ძვირადღირებული სახეობაა და სერიოზული, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა დიდ თანხებს უკავშირდება. სხვა მხრივ, გაცილებით უკეთაა საქმე, იგივე შვეულმფრენთა პარკის აღდგენა მიმდინარეობს. კარგად გაიხსენონ, რა მდგომარეობაში დატოვეს ეს პარკი ომის შემდეგ. ახლა, ამ მდგომარეობის მასშტაბური გამოსწორების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან უსინდისო ან მიკერძოებული უნდა იყო, რომ ეს მასშტაბები ვერ დაინახო!

- ჯარისკაცებისა და ოფიცრების პირობების გაუმჯობესების კონტექსტში უნდა განვიხილოთ სამხედრო ქალაქის მშენებლობაც, ხომ?

- რა თქმა უნდა! სამხედრო ქალაქის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებგვერდზე გავეცანი და სრული მოწყობა მიმდინარეობს, დაწყებული გარე პერიმეტრით - ღობეებითა და ვიდეოსათვალთვალო სისტემით, დამთავრებული ყაზარმებით, შტაბებით, მოკლედ მთელი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიდის. კეთდება სავარჯიშო ცენტრები ანუ თანამედროვე სპორტული დარბაზები, რაც ჩემს პერიოდში, ჯარში არ ყოფილა.

ვინაიდან ფინანსებს შეეხეთ, მინდა, ერთი პრობლემა გაგაცნოთ - თავდაცვის ძალებში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდნენ, რა ინფრასტრუქტურა გააჩნიათ, რათა გარემონტებული ობიექტები შეინახონ. თუ წლიდან წლამდე, კაპიტალურად გარემონტებულ სამხედრო ქალაქებს ნორმალურად მოვემსახურებით, უფრო დიდხანს შევძლებთ მათ შენარჩუნებას. დღეს, ეს პრობლემაა და არ ვიცი, თავდაცვის სამინისტრო ამას პრობლემად აღიქვამს, თუ არა. კარგია, რომ ამ თემას შეეხეთ, ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ სამინისტროს წინაშე, რათა დახარჯული თანხა მაქსიმალურად მეტხანს იყო ეფექტიანი. დღეს გაკეთებული სამხედრო ქალაქი, ხვალ რომელიმე მინისტრმა, ან თავდაცვის ძალების მეთაურმა რომ გააუქმოს, გამოდის, ის თანხა წყალში გადაყრილა. შესაბამისად, ამაზეც უნდა ვიფიქროთ.

- ბატონო ამირან, მართალია, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ოპონენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ლარამდე მაინც უნდა გაიზარდოს, რათა რეალურად, საქმე გაკეთდეს. უკაცრავად, მაგრამ ეს მხოლოდ დიდი რიცხვების ბრახა-ბრუხი მგონია და ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ, არ მეთანხმებით?

- შენ მუდმივად ეკონომიკაზე მუშაობ, მაია და ფინანსური საკითხები კარგად გესმის. დიახ, გეთანხმები, ეს არაკვალიფიციური მიდგომაა, რადგან ამოცანებიდან გამომდინარე კი არ ითვლიან, კონკრეტულად რა თანხა დასჭირდება თავდაცვის ბიუჯეტს, არამედ, ციფრებს ასახელებენ. იქნებ, ორი ან სამი მილიარდია საჭირო, ან თუნდაც 1 მილიარდ 115 მილიონი ლარი სჭირდება?  კი, ბატონო, გამიხარდება, თუ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება, როგორც სამხედრო პირი, ამის წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო, მაგრამ მთავარია და ოპონენტებსაც ამისკენ მოვუწოდებ, რომ საქმიანები, კვალიფიციურები და კონსტრუქციულები ვიყოთ. ბიუჯეტის მატებას მოვესალმები, მაგრამ ნამდვილად ვერ ვხედავ ტენდენციას, რომ თავდაცვის დაფინანსება მცირდება, პირიქით, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, იზრდება - თითქმის 200 მილიონი ლარითაა მომატებული ბიუჯეტი.