ირაკლი ღარიბაშვილს ახალი, სპეციალური მრჩეველი ჰყავს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა მისიით ჩამოვიდა სლოვაკი ვაზილ ჰუდაკი საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახალი მრჩეველი ჰყავს. სლოვაკეთის ეკონომიკის ექსმინისტრი, ვაზილ ჰუდაკი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, ამიერიდან ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალური მრჩეველი იქნება უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში, საჭიროა ეკონომიკის აღდგენის ახალი გეგმა. მისივე განმარტებით, ამ გეგმაში უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სპეციალური მრჩევლის ძირითადი ფუნქცია, სწორედ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა იქნება.

 

რა მიმართულებით იმუშავებს სლოვაკი მრჩეველი

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ვაზილ ჰუდაკი იმუშავებს უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის; მას ურთიერთობა ექნება ევროკავშირთან; საერთაშორისო სავალუტო ფონდთან; მსოფლიო ბანკთან; ევროპის საინვესტიციო ბანკთან; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მეტიც, ვაზილ ჰუდაკი იმუშავებს საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან; საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.

რაც მთავარია, ვაზილ ჰუდაკი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ და პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე, ხოლო მათ განხორციელებაში ჩართავს უცხოელ ინვესტორებს - როგორც, ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი, ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით... ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკა სწრაფად უნდა აღდგეს, ჩვენს მოქალაქეებს კი მეტი დასაქმება და მეტი შემოსავალი სწირდებათ. აქედან გამომდინარე, შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია და მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში, მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ასევე, ფინანსთა მინისტრად. მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში, როგორებიცაა  „ჯეი პი მორგანი“ და „სითი ბანკი". ასევე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ვაზილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. როცა ბატონი ვაზილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიენტი იყო, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვაზილი, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინეს. ბატონმა ვაზილმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანაა, ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება...

ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს პოლიტიკა, სწორედ ბატონი ვაზილის ხედვითა და პროფესიული რჩევებით განხორციელდება. ასე, რომ მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ვაზილს ამ შეთავაზების მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, ის იმუშავებს, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე, მთავრობის ხელშესაწყობადაც.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო არის ძალიან ახლოს ჩემს გულთან და როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში - ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი, როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველოს ეკონომიკაში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის და მთავრობის ხელშესაწყობად.

ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ერთად, ევროპაში, გლობალურად, კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს უკეთესი ხარისხი შევქმნათ, შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში. უკვე ბრძანა ბატონმა პრემიერმა, რომ ევროკომისიის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვარ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით. ეს არის გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტი. 50 მილიარდი ევრო გამოიყო ამ პროგრამისთვის. ორი ძირითადი ასპექტი გააჩნია ამ პროგრამას, ერთი გახლავთ გაციფროვნება და მეორე - მწვანე ან გარემოსდაცვითი მიმართულება, კლიმატის ცვლილების დაძლევა. ეს არის საქართველოს მიმართულებებიც - გახდეს უფრო ციფრული, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, ამით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. ამ პროცესში, ყველა ამ გამოწვევასთან ბრძოლის საქმეში, ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრს შევხვდი, სხვადასხვა გამოწვევა და სხვადასხვა საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არაა საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც იყოს ჩართული. სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზაცია - საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ამას ვხედავ საჯარო და კერძო პარტნიორობის გზითაც, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება. მე ნამდვილად დიდი პატივი მაქვს, რომ ამ რანგში ვიმსახურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და საქართველოს, ქართველ ხალხს ვემსახურო, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა და ამ მისიას ძალიან სერიოზულად ვუდგები“.

 

ვინ არის ვაზილ ჰუდაკი

ვაზილ ჰუდაკს, როგორც საჯარო, ასევე, საერთაშორისო საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველია ეროვნული განვითარების ფონდის შექმნის საკითხებში.

2006 წლიდან 2010 წლამდე, ვაზილ ჰუდაკი იყო ამერიკული მრავალეროვნული საინვესტიციო ბანკის CITIGROUP-ის ვიცე-პრეზიდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებში (პრაღა/ლონდონი); 2010-2011 წლებში, მუშაობდა ამერიკულ საინვესტიციო ბანკში - J.P. MORGAN CHASE (ლონდონის ოფისი), სადაც აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჯარო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით; 2012 წლიდან 2015 წლამდე იყო სლოვაკეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი; 2015-2016 წლებში - სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა; 2016-2019 წლებში - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

2019 წლის ნოემბრიდან, ვაზილ ჰუდაკი სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრის GLOBSEK-ის პროექტების მმართველია და იმავდროულად, ბუდაპეშტის (უნგრეთი)  აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. 2021 წლის თებერვლიდან, ჰუდაკი ჩეხეთის განვითარების ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრია. პარალელურად, ჩეხური საინვესტიციო ფონდის 4gimel-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს.

ვაზილ ჰუდაკი დაიბადა 1964 წლის ოქტომბერში, ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. დამთავრებული აქვს ჩეხეთის ჩარლის უნივესიტეტი და ჰარვარდის ბიზნესსკოლა.

გარდა ამისა, ვაზილ ჰუდაკი იყო ევროკავშირის საბჭოს ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; ევროკავშირის ბიუჯეტის მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირში იმ დროს, როდესაც ამ ორგანიზაციას სლოვაკეთი პრეზიდენტობდა; ჰუდაკი იყო სლოვაკეთის საინვესტიციო ჰოლდინგის, ასევე, სლოვაკეთის საგარანტიო და განვითარების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია EASTWEST INSTITUTE-ის ვიცე-პრეზიდენტი.

 

მცირე და საშუალო ბიზნესს ინვესტიციები სჭირდება

6 მაისს, ევროკავშირში, მცირე და საშუალო საწარმოების სპეციალურ წარმომადგენლად, სწორედ ვაზილ ჰუდაკი წარადგინეს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ პრემიერის გადაწყვეტილებას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

„ვერსიასთან“ საუბრისას „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა“, მიხეილ ჭელიძემ აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ინვესტიციები წყალივით და ჰაერივით სჭირდება:

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან დღეს ყველაზე მეტად, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება საერთაშორისო დახმარება. ვფიქრობთ, პატარ-პატარა ინვესტიციები შემოვა, მაგრამ დიდი რაოდენობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მცირე და საშუალო ბიზნესს ახლა ყველაზე მეტად უჭირს. დიდმა ბიზნესმა, ასე თუ ისე, კრიზისის გადალახვა შეძლო, ხოლო რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, რაოდენობრივად, 30%-იანი შემცირება გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა კომპანია, რომელიც დაიკეტა და გაჩერდა, მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდა. სწორედ ეს კომპანიები უნდა აღდგეს, აღდგენას კი ინვესტიციები სჭირდება“.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე, იმავდროულად, „მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. „ვერსიასთან“ საუბრისას, ნინო ზამბახიძემ განაცხადა, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა ორინტირებული:

„პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დაუდგა, უცხოური ინვესტიციების შემოდინება, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენაა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი ცნობადი სახეა. როდესაც უცხოელი შენი ქვეყნის ელჩი და თან პრემიერის მრჩეველია, ვფიქრობ, ეს კარგი სიგნალია ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნებისთვის, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ქვეყანა. ამავდროულად, ჩვენი ინტერესია, უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს მხოლოდ ეკონომიკას კი  არ აჯანსაღებს, ჩვენს უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს - ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოდის, როდესაც ბევრი საერთაშორისო, დასავლური ორგანიზაციები არიან ქვეყანაში ფეხმოკიდებულნი, ცხადია, უსაფრთხოების კუთხითაც დაცულები ვართ“.