გარიგება პოლიტიკურ დემონთან - პოლიტიკის დაცემული ანგელოზების ანატომია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ფული რომ ჯოჯოხეთს ანათებს, ეს ადამის მოდგმამ იმთავიდან იცის, მაგრამ ფული ლამპარის ფუნქციას პოლიტიკაშიც ასრულებს. ახლა, შესაძლოა, ვიღაცებმა დაიწყონ, ფული და პოლიტიკა არაფერ შუაშია, პოლიტიკას ფულს „ფულოსნები“ უკავშირებენო, მაგრამ ბატონებო, აბა, კარგად დააკვირდით თუნდაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს - ყველაფერი სწორედ ფულის გამოა აზვირთებული ანუ ერთი მხარე ფულის ხარჯვის გამჭირვალობას ითხოვს, მეორე ამის წინააღმდეგია და სწორედ ამიტომ ვართ დიდი აბრაკა-დაბრის მომსწრენი. ისე, წელს საქართველოში ისეთი არჩევნები პირველად უნდა ჩატარდეს, სადაც ე.წ. პოლიტიკური ბლოკები აღარ იქნება, ესე იგი, ბლოკური გაერთიანებები კანონით აიკრძალა, თორემ აქამდე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებში პარტიები ბლოკებად გამოდიოდნენ და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ დაბლოკებაში დიდი კი არა, ძალიან დიდი ფული „იჭრებოდა“. სტატიას, რომელსაც დღეს „ვერსიის“ არქივიდან გთავაზობთ, დღევანდელ ფულაობასთან, შესაძლოა, პირდაპირი კავშირი არ აქვს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ბლოკები კანონით აკრძალულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინამდებარე წერილი პოლიტიკაში ფულის კეთების მექანიზმზე ერთგვარ წარმოდგენას მაინც შეგიქმნით, რამეთუ ფულის კეთების ალგორითმი, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, იგივე დარჩა. მაშ, ასე, დავიწყოთ.

 

***

ბლოკი სამშენებლო მასალაა, თუმცა წინამდებარე X-ფაილი არც სამშენებლო ბიზნესს ეხება და არც - საინჟინრო საქმეს. დღეს „ვერსია“ იმის გარკვევას შეეცდება, თუ რა სარგებლობა მოაქვს ბლოკს ქართული პოლიტიკისთვის, უფრო სწორად, მოჰქონდა, თორემ 2024 წლის არჩევნებზე ბლოკები უკვე კანონითაა აკრძალული. სხვათა შორის, სახელისუფლებო გუნდის ეს ინიციატივა ოპოზიციამ თავის დროზე მედგრად გააპროტესტა, რაც გასაკვირიც არ იყო, რამეთუ საქართველოს უახლესი ისტორია ნათელჰყოფს, რომ წვრილ-წვრილი სუბიექტებისთვის ბლოკი ერთგვარი ხელოვნური სუნთქვა, გნებავთ, პოლიტიკური ბოტოქსია ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ღმერთებისა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზების, ესე იგი, პოლიტიკური დემონებისგან განწირულ ისეთ პარტიებს, რომელთა არსებობაც მხოლოდ მათი ლიდერების ბიცოლა-დეიდა-მამიდებმა იციან, ეძლეოდათ შანსი, რომ არათუ საარჩევნო ბარიერი გადაელახათ, არამედ, სამთავრობო მარაქაში გარეულიყვნენ, ბრძენი დიოგენეს პოზა მიეღოთ და, მინიმუმ, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ხელი მშიერმუცელა მოსახლეობის დამოძღვრისთვის მიეყოთ.

მოკლედ, რა სარგებლობა მოჰქოდა პოლიტიკურ ბლოკს? - ამის გასაგებად, მოდით, წარსული გავიხსენოთ, მით უმეტეს, წარსული, დიდი ილიას თქმისა არ იყოს, მხოლოდ აწმყოს კი არა, მომავალსაც შობს.

ასე რომ, თქვენი ნებართვით, „ვერსია“ დროში მოგზაურობას იწყებს და „ბნელ და უკუნ“ 90-იანებში ანუ იმ დროში ბრუნდება, როცა ჩვენს ცნობიერებასა და ლექსიკონში ბლოკი, როგორც პოლიტიკური ტერმინი, პირველად გაჩნდა და, შესაბამისად, დამკვიდრდა კიდეც.

 

***

1991 წელია, 22 დეკემბერი.

მზისა და ვარდების, ან სულაც, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის, ესე იგი, საქართველოს დედაქალაქი ცეცხლის ალში ეხვევა და...

ახალ წელს ქართველები ერთმანეთის სისხლის სმით ხვდებიან.

მერე?..

მერე, რაც მოხდება, ყველამ ვიცით - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია და, შესაბამისად, მისი მთავრობაც გარბის და ქვეყნის მმართველად სამხედრო საჭო გვევლინება...

იოსელიან-სიგუა-კიტოვანის „ტრიუმვირატის“ მოწვევით, 1992 წლის მარტის დასაწყისში, მოსკოვიდან სამშობლოში, საქართველოს ცეკა-ს ყოფილი მდივანი და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე ბრუნდება. მართლია, ამ დროისთვის სამხედრო საბჭო უკვე სახელმწიფო საბჭოდაა ტრანსფორმირებული, მაგრამ ხელისუფლებაში მოსული სუბიექტების ლეგიტიმაცია მაინც ეჭვქვეშ დგას. ლეგიტიმაციისთვის ანუ სამხედრო გადატრიალების „გაპრავების“ ერთადერთი გზა არჩევნებია. ამიტომაც, 1992 წლის 1 მაისს, სახელმწიფო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოდგომაზე, კერძოდ, 11 ოქტობერს, არჩევნები ჩატარდეს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მსურველი კი, როგორც იტყვიან, „ოპტომაა“, მით უმეტეს, იმხანად მოქმედი კანონით, ე.წ. ბარიერი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ნებისმიერი შევა, ვინც მინიმალურ პროცენტულ ზღვარს გადალახავს.

ასე და ამგავარად, არჩევნებში მონაწილეობას 36 პარტია და ოთხი ბლოკი იღებს. აქედან, მანდატების უმრავლესობას, კერძოდ, 29 მანდატს შევარდნაძის ბლოკი მშვიდობა „იჯიბავს“, თუმცა მშვიდობა იმთავითვე დაშლისთვისაა განწირული.

დიახ, პოლიტიკის მორევში აღმოჩენილმა სუბიექტებმა ბლოკი მიზნის მისაღწევად გამოიყენეს - „იმელის“ პარლამენტში თავი შეყვეს თუ არა, მშვიდობაც და, უტრირებულად თუ ვიტყვით, ხალხიც ფეხზე დაიკიდეს და ზრუნვა საკუთარ თავსა და კარიერაზე დაიწყეს.

ისე, მაშინ დემოკრატიული თამაშების გამოცდილება ჩვენს ბედკრულ სამშობლოში არავის ჰქონდა, თორემ ვიღაც აუცილებლად იტყოდა, ბლოკი ტიპური სატყუარაა და ამ მეთოდზე უარი უნდა ვთქვათო, თუმცა ხომ იცით, გზა მერე გამოჩნდება, როცა ურემი გადაბრუნდება ხოლმე. მართალია, ჩვენი პოლიტიკური ურემი 25 წლის წინ, ან შეიძლება, უფრო ადრეც გადაბრუნდა, მაგრამ გზა რომ დაგვენახა, მაინც ორ ათეულ წელზე მეტი დაგვჭირდა.

ახლა, ისე არ გაიგოთ, რომ „ვერსია“ პოლიტიკოსთა თავზე თითქოს სახარებას კითხულობს და არაპროფილურ „პოლიტიკურ ბიზნესს“ ანუ ბლოკებს ცეცხლითა და მახვილით ებრძვის, მაგრამ ნათქვამია, მოყვარეს პირში უძრახეო. ჰოდა, ჩვენც სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და იმას ვამბობთ, რაც სიმართლეა - პოლიტიკური ბლოკები ხალხზე ზრუნვისთვის კი არა, ცალკეული, მეტ-ნაკლებად, ხელმოცარული პოლიტიკოსების პირადი ამბიციების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებაა და მეტი არაფერი!

დიახ, ეს მძფარი შეფასებაა, მაგრამ შევარდნაძის მშვიდობას თავი რომ დავანებოთ, ზემოთქმულის ჭეშმარიტებას შემდეგ წლებში განვითარებული მოვლენებიც ნათელჰყოფს, თუმცა თუ ნერვები გეყოფათ, მოდით, ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

 

***

ასე და ამგვარად, ცხონებული ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურმა ბლოკმა, რომელიც პოლიტისტორიაში მშვიდობის სახელით შევიდა, სული მალევე განუტევა, თუმცა თუ გგონიათ, რომ „მშვიდობისტების“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ „ბაბუს“ ზურგი აქცია, ძალიან ცდებით. დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ ბლოკი მშვიდობა მოქკავშირის ერთგვარი რეპეტიცია იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ 1995 წლის არჩევნებში, სამთავრობო გუნდმა წარმატებას უკვე ბლოკის გარეშე მიაღწია.

ამის შემდეგ, ჩვენებური პოლიტ-სამშენებლო ბიზნესი, გარკვეულწილად, სტაგნაციაში აღმოჩნდა ანუ სხვადასხვა არჩევნების დროს, პატარ-პატარა ბლოკები კი იქმნებოდა, მაგრამ წარმატებას ერთმაც ვერ მიაღწია.

ამასობაში, ახალი ათწლეულიც, ესე იგი, 21-ე საუკუნეც დაიწყო და პოლიტბლოკებსაც რენესანსი დაუდგათ. ამ მხრივ ახალ სიტყვად კი - არც მეტი, არც ნაკლები - მიხეილ სააკაშვილისა და ცხონებული ზურაბ ჟვანიას დაწყვილება იქცა. ეს ამბავი კი ასე მოხდა:

მოგეხსენებათ, ჟვანია-სააკაშვილის გუნდი, თავის დროზე, მოქაკვშირის ბირთვად და ხერხემლად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა „მონასტერი აირია“, მიშას ზესუპერ ამბიცია გაუჩნდა, ქოში უკუღმა ყარა, მოქკავშირიდან გავარდა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დააფუძნა.

მოქკავშირში დარჩენა არც ჟვანიამ ისურვა - ძველი თანამოაზრეების უმეტესობა რეტროგრადებად მონათლა და პარტია გაერთიანებული დემოკრატები დააფუძნა, რომელსაც მოგვიანებით, კერძოდ, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ბურჯანაძე-დემოკრატები ეწოდა.

მართალია, თავიდანვე ყველა, ან თითქმის ყველა, ვინც პოლიტიკურ მანიპულაციებში მეტ-ნაკლებად ერკვევა, ხვდებოდა, რომ სააკაშვილ-ჟვანიას ბოლო ერთი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერს ისეთი სახე მიეცა, რომ ექსმოკავშირელები თითქოს სპონტანურად დაბლოკდნენ. ეს დაბლოკება კი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე მოხდა, თუმცა ამას დაბლოკება კი არა, უფრო შერწყმა ერქვა, რამეთუ ჟვანიას პარტიამ არსებობა შეწყვიტა და 2004 წლის 28 მარტის არჩევნებზე, მისი წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით გამოვიდნენ.

რაც შეეხება ბლოკს, 2004-ის ვადამდელი არჩევნებით პარლამენტში, ნაციონალების გარდა, ბლოკი მემარჯვენე ოპოზიციაც შევიდა, რომელიც ახალ მემარჯვენეებსა და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს აერთიანებდა.

წესით და რიგით, მემარჯვენე ოპოზიაციას არსებობა არ უნდა შეეწყვიტა, რამეთუ ახლებიცა და მრეწველებიც მიშას იმთავითვე კრიჭაში ედგნენ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ეს ბლოკიც უსწრაფესად დაიშალა. მეტიც, ისიც გვახსოვს, ოპოზიციონერი თოფაძე პრეზიდენტ სააკაშვილს რამდენიმე ოფიციალური ვიზიტის დროს გვერდს რომ უმშვენებდა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა...

ისე, რაკიღა სიტყვა მოიტანა, ბარემ, აქვე ვთქვათ: თოფაძეს ბლოკებში გაწევრიანება, როგორც დაკვირვება ნათელჰყოფს, უკვე „ხასიათში გადაუვიდა“ - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ხომ „ოცნებას“ მიეკედლა და სწორედ ასე გახდა კიდევ ერთხელ პარლამენტარი.

ასე და ამგვარად, ლოგიკურად მივედით 2012 წლამდე, როცა ჩვენს პოლიტლექსიკონში ტერმინი „ბლოკი“ „კოალიციამ“ შეცვალა. პრინციპში, კოალიციაც იგივე ბლოკია, მაგრამ გარდერობისა არ იყოს, პერიოდულად განახლება-გადახალისება პოლიტიკასაც სჭირდება ხოლმე. ჰოდა, ალბათ, სწორედ ამ პრინციპით დაარქვეს „ოცნებას“ კოალიცია, თორემ ახლა, მოსახლეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თავად პოლიტიკოსთა აბსოლუტურმა უმრავლესობამაც არ იცის, თუ რითი განსხვავდება ბლოკი კოალიციისგან.

სამაგიეროდ, ის პოლიტელემენტები, რომლებიც ბლოკსა თუ კოალიციაში ერთხელ მაინც ყოფილან, ერთთავად ამტკიცებენ, ამა და ამ პარტიასთან მხოლოდ თემატურად ანუ არჩევნებისთვის ვერთიანდებით, თორემ ჩვენ, ჩვენი ჯვარი გვაქვს საზიდიო.

ახლა, თქვენი არ ვიცი და, მე კი ნაღდად არ მჯერა, პოლიტელემენტები ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ განცხადებით საკუთარი მიზნის ლუსტრირებას ახდენენ ანუ პრაქტიკულად, აღიარებენ, დაბლოკება იმიტომ გვინდა, პარლამენტში რომ მოვხვდეთო. აბა, თუ ასე არაა, იქნებ, ვინმემ განმარტოს, მხოლოდ არჩევნებისთვის შექმნილი ერთობა რას ნიშნავს, ან როგორ შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური ყაიდის პარტია, რომელსაც ასევე, განსხვავებული პროგრამა აქვს, ერთი ბლოკის წევრი გახდეს?

ამ დაბლოკებას შეიძლება, შემთხვევითი, ან სულაც, დაუცველი კავშირი ვუწოდოთ. ჰოდა, რა გასაკვირია, დიდი ზარ-ზეიმით, „ტრამპა-ცუმპათი“ და ძვირადღირებული ალა-ფურშეტებით შექმნილი ბლოკები სულ პანტა-პუნტით რომ იშლებიან ხოლმე?!

 

***

ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმული ნათელჰყოფს, რომ ნებისმიერ დროსა და ეპოქაში შექმნილ-წარმოქმნილი პოლიტიკური ბლოკი ტიპური ბლეფია. შესაბამისად, ალბათ, კარგიც იქნება, თუკი მსგავსი მანიპულაციები კანონის ძალით აიკრძალება, მაგრამ ასე ჩვენ, რიგითი მოკვდავები ვფიქრობთ, თორემ პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს გადასარჩენად იშვნენ, ბლოკებს ისე ებღაუჯებიან, როგორც წყალწაღებული - ხავსს. შესაბამისად, ანტიბლოკურ ინიციატივას „აინუნშიც“ არ აგდებენ და „წინ, ბლოკისკენ“ მწყობრი ნაბიჯით მიდიან.

ასე, მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია „დაწყვილდნენ“. ამ პოლიტჯვრისწერაზე ბევრს გაეღიმა, რადგან ორივე პარტია, მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ყაიდის იყო, რეიტინგებში „ბუზისტოლადაც არ ჩანდა“.

სხვათა შორის, „რესპებს“ და „თავდემებს“ ანუ უსუფაშვილისა და ალასანის ექსპარტიებს ბლოკური თანაცხოვრების გამოცდილება უკვე ჰქონდათ - 2012 წელს, ორივე კვალიფიციური სუბიექტი იმის წყალობით გახდა, რომ კოალიცია „ოცნების“ წევრი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ამ პარტიებმა საარჩევნო ბარიერიც ვერ გადალახეს.

სამაგიეროდ, ბარიერის გადალახვა პატრიოტთა ალიანსმა მოახერხა, რომელმაც კენჭი ბლოკური პრინციპით იყარა - პატრიოტების ბლოკში საარჩევნოდ თავი აკაკი ასათიანის ტრადიციონალისტთა კავშირმა, კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკურმა მოძრაობა თავისუფლებამ, კახა კუკავამ და კიდევ რამდენიმე სუბიექტმა მოიყარა, თუმცა პატრიოტული ბლოკის საარჩევნო სიის ათეული ისე იყო შედგენილ-დაკომპლექტებული, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ მართლმორწმუნე პატრიოტები გახდნენ, თუმცა წაგებულები არც ბლოკის სხვა წევრები დარჩენილან - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათ, როგორც ბლოკში შემავალმა სუბიექტებმა, საბიუჯეტო დაფინანსება მიიღეს.

აი, ბლოკის ერთ მთავარ სიკეთესაც „მივადექით“ - დიახ, დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ და მე ვიკითხოთ, თორემ თუნდაც ერთპროცენტიან პარტიებსა და მათ ლიდერებს თავი ქუდშიც აქვთ და, მინიმუმ, ოთხი წელი იმის გარანტიაც, რომ სული შიმშილით არ ამოხდებათ!

რატომ?

რატომ და, არჩევნები მოახლოვდება თუ არა, რამდენიმე პოლიტსუბიექტი სადმე, „სკუჩნი“ ადგილას „მოჯდება“, „მოშჩნ“ „ბიზნესგეგმას“ შეადგენს, მეორე-მესამე დღეს „თათარიახნად“ შექმნილ ბლოკზე საჯარო განცხადებას გააკეთებს და თუკი პოლიტიკური ღმერთები და დემონები მოწყალობას გაიღებენ, საარჩევნო ზღვარს გადალახავს და პარლამენტში ერთ-ორი კაციც (ქალი) რომ გაიყვანოს, „ადამიანურად აცხოვრდება“ - ბიუჯეტიდან „გროშებს“ მიიღებს და... ბლოკიც ჩაილურის წყალს დალევს...

ასეთი „ჩაილურწყალდალეული“ ბლოკი კი არაერთი გვინახავს - რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ პაატა ბურჭულაძის გარშემო თავმოყრილი პოლიტსუბიექტები, რომლებმაც მსოფლიო ბანის ბლოკი, უფრო სწორად, დღემდე გაურკვეველი პოლიტიკური წარმონაქმნი, სულ პანტა-პუნტით დატოვეს. 

 

***

აი, ასე: ჩვენ რაც უნდა ვთქვათ, პოლიტიკოსები მაინც თავისას „აწვებიან“: ზოგი „ბლოკისტია“, ზოგიც - „ანტიბლოკისტი“.

მაინც, რა არის ბლოკი - საფრთხე თუ შესაძლებლობა? სწორედ ეს ჰედლაინი აქვს სათაურად გამოტანილი საია-ს იურისტის, ლელა ტალიურის წერილის, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ-გვერდზე, 2017 წლის 7 აპრილს გამოქვეყნდა და რომელსაც „ვერსია“ უცვლელად გთავაზობთ.

სხვათა შორის, ეს წერილი საკითხის ერთი მხარეა ანუ ამ თემაზე სხვა აზრიც არსებობს. შესაბამისად, ისე არ გაიგოთ, რომ „ვერსია“ ბლოკების აპოლოგეტია ან - პირიქით.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დროს აღარ წაგართმევთ და ხსენებული წერილის გაცნობის საშუალებას მოგცემთ:

„საარჩევნო ბლოკები - ეს არის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისთვის, რათა მათ არჩევნებში კოალიციურად, სხვა პარტიებთან თანამშრომლობით მიიღონ მონაწილეობა. ამ მონაწილეობით მოიზიდონ მეტი ფინანსური და მატერიალური რესურსი, ვიდრე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში ექნებოდათ, გაუზიარონ  საკუთარი იდეები უფრო მეტ ადამიანს და შესაბამისად მიიღონ იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ისინი ამის გაკეთებას დამოუკიდებლად შეძლებდნენ.

ხელისუფლება საარჩევნო ბლოკების გაუქმებას გეგმავს. არგუმენტი პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაა.

კითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში ისმის, მდგომარეობს შემდეგში:  ხელისუფლების ინიციატივა რეალურად პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას ემსახურება თუ ეს არის ხელისუფლების მიერ პარტიების საქმიანობის შეზღუდვა - აუკრძალოს პარტიებს სხვა პარტიებთან გაერთიანება, თანამშრომლობა, იმაზე ძლიერად ყოფნა წინასაარჩევნო პერიოდში, ვიდრე მათ მარტო, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში ექნებოდათ?

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ხელისუფლებაში მყოფი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია, 2012 წელს, სწორედ კოალიციურ რეჟიმში, საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მყოფი მოვიდა ხელისუფლებაში. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინ ოპოზიციაში მყოფმა მმართველმა პარტიამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საკუთარი ქოლგის ქვეშ კიდევ 5 პოლიტიკური პარტია გააერთიანა და მაშინდელ მმართველ ძალას - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო არჩევნებში მოუგო.

რომ არა საარჩევნო ბლოკის ფორმატი, „ქართულ ოცნებას“ და მასთან ერთად კოალიციაში მყოფ პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლა ცალ-ცალკე გაუჭირდებოდათ. ალბათობა იმისა, რომ ეს პარტიები დამოუკიდებლად გადალახავდნენ კანონით დაწესებულ 5%-იან ბარიერს,  ძალიან დაბალი იყო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით სამჯერ შეიცვალა (1990, 2003 და 2012) და სამივე შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური ძალა საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ საარჩევნო ბლოკების არსებობა, პირიქით, აუცილებელია იმისთვის, რომ პარტიები გაძლიერდნენ, იყვნენ კონკურენტუნარიანნი და სხვა პარტიებთან თანამშრომლობით შეძლონ მეტი ხმის მოპოვება არჩევნებზე და მოსვლა ხელისუფლებაში.

საარჩევნო ბლოკების გაუქმებაზე დამატებითი არგუმენტებიც ისმის. მაგალითად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბლოკების შექმნით ახერხებენ კანონით მანიპულირებას და შედეგად, იმაზე მეტი პრივილეგიის, დაფინანსების მოპოვებას, ვიდრე ეს მათ რეალურად ეკუთვნით. უნდა ითქვას, რომ ეს არგუმენტი სიმართლესთან ახლოსაა. დიახ, ასეც ხდება, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობს არჩევნებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად დადგენილ 3%-იან ბარიერს ვერ ლახავს, სამაგიეროდ იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 300 000 ათას ლარს და ერთი წევრის ყოლის უფლებას ყველა დონის საარჩევნო კომისიაში. ისეც ხდება, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტია, ისეთ პარტიას შეიყვანს საარჩევნო ბლოკში, რომლის არსებობა ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის. რეალურად, ძლიერ პარტიას საკუთარი სახელის ქვეშ გაჰყავს ბევრისთვის უცნობი პარტია არჩევნებზე, უყოფს მას დაფინანსებას და აძლიერებს. თავის მხრივ, ბევრისთვის უცნობი პარტია მოიპოვებს რა, მაგალითად, საარჩევნო კომისიაში ერთი წევრის ყოლის უფლებას, აძლევს ამ კომისიის წევრს ძლიერ პოლიტიკურ პარტიას და რეალურად ამით ეხმარება, აძლიერებს მას. შედეგად, პარტია საარჩევნო კომისიაში იღებს იმაზე მეტი წევრის ყოლის უფლებას, ვიდრე ის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში მიიღებდა. ამომრჩეველს კი უწევს საკუთარი გადასახადების ხარჯზე დააფინანსოს ბევრისთვის უცნობი პარტიები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები რეალური პრობლემებია, საარჩევნო ბლოკები საჭიროა. საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური პარტიების გასაძლიერებლად, პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში ისმოდეს მეტი კრიტიკული აზრი, ხდებოდეს ეფექტური კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე.

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა ოფიციალურად რეგისტრირებული და ეს არ არის ნორმალური პროცესი. ამდენი პარტიიდან, 2016 წლის არჩევნებზე, მხოლოდ რამდენიმე ათეულმა მიიღო მონაწილეობა და 5%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო. მათ შორის, ორმა არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო ბლოკის სახით მიიღო. ბლოკები რომ აუცილებელია, ეს დადასტურდა 2012 წლის საპარლამენტო  არჩევნებზეც, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. და ძალიან მნიშვნელოვანი: გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს, მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა (115 მანდატი) აქვს მოპოვებული. ნაცვლად ერთპარტიული სისტემისა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს მეტი კრიტიკული აზრი და მეტი პარტია პარლამენტში.

და თუ პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ პოლიტიკური პარტიები კანონით მანიპულაციას ახდენენ და ამიტომ საარჩევნო ბლოკები უნდა გავაუქმოთ, არ იქნება სწორი ამ გზით პრობლემის მოგვარება.

რაშია გამოსავალი? ქართული დემოკრატიის მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოსავალი არა საარჩევნო ბლოკების გაუქმება, არამედ, მათი შენარჩუნებაა. კანონის ჩანაწერების გასწორებაა, ბუნდოვანი რეგულაციების ამორიცხვაა, რომ პარტიებმა საარჩევნო ბლოკების მეშვეობით ვერ შეძლონ იმაზე მეტი დაფინანსებისა და შეღავათების მიღება, ვიდრე ეს მათ ამომრჩეველმა მიაკუთვნა და ამ გზით ვერ შეძლონ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა.

ვის შეიძლება აწყობდეს საარჩევნო ბლოკების გაუქმება? ალბათ, ხელისუფლებას, რომელსაც არ სურს იხილოს პოლიტიკური ძალების გაერთიანება მის კონკურენტად.

რა შეიძლება იყოს ამომრჩევლის ინტერესში? ამომრჩევლის ინტერესში შეიძლება იყოს ქმედითი ხელისუფლება, რომელიც ამომრჩევლის ინტერესებით მოქმედებს და ძლიერი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას აკონტროლებენ.

ამიტომ, ნუ გავაუქმებთ საარჩევნო ბლოკებს, ნუ ჩავახშობთ მეტ კონსოლიდირებულ კრიტიკულ აზრს, დავტოვოთ ბლოკები და შევცვალოთ კანონი ისე, რომ არც ხელისუფლებას და არც არასახელისუფლებო პარტიებს ამომრჩეველი შეცდომაში არ შეჰყავდეთ“.

 

***

მართალია, პოლიტიკური ბლოკები ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ პოლიტსუბიექტები ახლა სხვა ფირმით ერთიანდებიან. ჰოდა, იმის თეორიული შანსი, რომ ფულის კეთდება გაგრძელდეს, რასაკვირველია, ისევ არსებობს და ალბათ, მანამდე იარსებებს, სანამ პოლიტიკური კლასი არ შეიცვლება. ეს პოლიტიკური კლასი კი მაშინ შეიცვლება, როცა პოლიტიკურ ავანსცენაზე ე.წ. „ჯენზის“ თაობის წარმომადგენლები გამოვლენ. დიახ, ეს თაობა სრულიად სხვანაირად აზროვნებს და შესაბამისად, ქვეყნის მართვასა და პოლტიკის კეთებასაც სხვანაირად დაიწყებენ. ასე რომ, დროა, ყველანი გადავდგეთ გზებიდან და ასპარეზი სწორედ ამ ახალ თაობას დავუთმოთ!

 

 

ავტორი-ნინო დოლიძე