რუსეთში ბევრმა საბუთების და სქესის შეცვლა გადაწყვიტა - ტრანსგენდერი ადამიანები და მობილიზაცია

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამ ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს დოკუმენტების შეცვლისკენ უბიძგა. მათ არ სურთ ფრონტზე მოხვდნენ. საბუთების შესაცვლელად ტრანსგენდერებმა სპეციალური კომისია უნდა გაიარონ. ბევრი ამ პროცედურის გავლას ან უფულობის გამო ვერ ახერხებდა, ან უბრალოდ მისი საჭიროება არ არსებობდა.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“ იმ ხალხს დაელაპარა, ვინც პასპორტში სქესის შეცვლას ცდილობს ან უკვე შეცვალა. ასევე იმ აქტივისტებს, რომლებიც მათ ეხმარებიან.

„ყველას წაიყვანენ“

ჯინი, 25 წლის, ის მოსკოვში ცხოვრობს და ექიმად მუშაობს (უფრო სწორად, ბოლო დრომდე მუშაობდა). დოკუმენტებში მამაკაცის სახელი უწერია. საკუთარი სქესის შეცვლაზე რამდენიმე წლის წინ დაფიქრდა, შარშან ნერვული აშლილობის შემდეგ კი გენდერული დისფორია დაემართა - დისკომფორტის გრძნობა, რომელიც მაშინ გექმნება, როდესაც დაბადებით განსაზღვრულ იდენტობას თავს ვერ აკუთვნებ. ანტიდეპრესანტებით მკურნალობის მიუხედავად (დისფორია გადატანილი აშლილობის ერთადერთი შედეგი არ იყო), ეს გრძნობა არსად გამქრალა. ფსიქიატრმა, რომელიც ჯინის მკურნალობდა, ურჩია, იდენტობის შეცვლაზე ეფიქრა.

ჯინი უკვე ჰორმონალურ-ჩანაცვლებით თერაპიას გადიოდა, როცა რუსეთმა უკრაინასთან ომი წამოიწყო. მარტში მისი მეგობარი საქართველოში გაემგზავრა. ჯინიმ გადაწყვიტა, საბუთები სასწრაფოდ შეეცვალა. მასაც ქვეყნიდან წასვლა სურდა, მაგრამ უფროსმა დაიყოლია, დარჩი, სპეციალისტები არ მყოფნისო. თან ფსიქიატრიული კომისიის გავლის გადადებაც მოუხდა, ჯერ იყო, აუტინგი გადაიტანა (მისი გენდერული იდენტობა თანხმობის გარეშე გაუმხილეს მშობლებს), მისი მენტალური მდგომარეობა საშინელი იყო. არც ფული ჰქონდა პროცედურის გასავლელად.

მაგრამ 21 სექტემბერს რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადეს. ჯინის სამხედრო ბილეთში კატეგორია „ვ“ უწერია. სპეციალობის გრაფაში კი მითითებულია: „არ ფლობს სამხედრო-სასწავლო სპეციალობას“. როდესაც ჯინიმ სამხედრო კომისარიატში ეს საბუთი აიღო, უთხრეს, „ალღუმზეც კი არ გაგიშვებენ, ასთმისგან მოკვდებიო“. სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად მაინც ჩათვალეს, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებოდა ასთმა მიმძაფრდება და „დ“ კატეგორია მეკუთვნისო.

ახლა ჯინი ცდილობს საცხოვრებელი ადგილის მისამართი დამალოს. მიუხედავად იმისა, რომ გაწვევის ბარათი ჯერ არ მისვლია, საყოველთაო მობილიზაციის მაინც ეშინია.

„ზურგში მებრძოლთა დანაყოფებს შექმნიან, როგორც ამას საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ და ყველას წაიყვანენ“, - ამბობს ის.

ჯინი აპოლიტიკური ადამიანი არ არის. ხშირად მონაწილეობდა ექიმების გამოსვლებში. „2013 წლიდან საპროტესტო აქციებზე დავდივარ. ერთგვარი მიღწევაც მაქვს, მილიციას ერთხელაც არ დავუკავებივარ“, - ჰყვება ის.

მიიჩნევს, რომ მორწმუნეა. ამბობს, „მართლმადიდებელი ეკლესიის ღირებულებებზე გამზარდესო“. მისთვის ეს „მოყვასის სიყვარული და მშობლების პატივისცემაა“. მაგრამ „პატივისცემასთან“ დაკავშირებით პრობლემები აქვს. დედამ მისი გადაწყვეტილება არ მიიღო, ფსიქიატრს „ანგაჟირებული“ უწოდა და ჯინის მოსთხოვა, დიაგნოზისთვის კონკრეტულ ექიმთან გადაეხედა. შვილმა დედასთან ურთიერთობა შეწყვიტა, ამბობს, უაზრობაა, მშობლების გამო საკუთარი თავი დავმალოო.

„სამსახურში როლს ვთამაშობდი. სიმართლე რომ მეთქვა, გამაგდებდნენ და ფსიქიკური დიაგნოზით ჩემი სპეციალობით ვეღარ ვიმუშავებდი. საყვარელ საქმეს და კარგ ხელფასს დავკარგავდი. ისიც მაჩერებდა, რომ მშობლები ზურგს შემაქცევდნენ. რაღაც მომენტში გავაანალიზე, რომ თუ ხალხს გარეგნული ატრიბუტების მიღმა შენი მიღება არ შეუძლია, მათთან ურთიერთობა საერთოდ არ ღირს. არ ვაპირებ ათობით წელი ვიცადო, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავისთვის ცხოვრება შევძლო“. 

ჯინი ამბობს, რომ პასპორტში ასოების შეცვლა გასაქცევად არ უნდა, რუსეთიდან წასვლა ახლაც შეუძლია. უკვე არსებული საბუთებითაც სთავაზობდნენ სხვა ქვეყანაში გადაყვანას. მაგრამ სხვა ქვეყანაში ის საბუთების შეცვლას ვერ შეძლებს, თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა არ ექნება. თან სამედიცინო კომისიის გავლას სხვა ქვეყანაში შესაძლოა წლები დასჭირდეს. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში ამისთვის საჭიროა, ადამიანს გენდერულ-აფირმატიული ოპერაცია ჰქონდეს გაკეთებული (ამ ოპერაციის დროს სხეული გენდერთან მოდის შესაბამისობაში, მაგალითად, ვაგინოპლასტიკის შედეგად). თან უცხოური კომისიების დასკვნები რუსეთმა შეიძლება არც აღიაროს.

„პორმონალური თერაპიის დროს ორგანიზმს 2-3 წელი მაინც სჭირდება გადასაწყობად, ამიტომ ქალის საბუთს საზღვარგარეთ ვერ მივიღებ. მე უფრო ჯარში გაწვევის მეშინია. ახლა ჩემი ამოცანაა, ქალის საბუთები გავაკეთო, რომ შემდეგ საზღვარგარეთ ამ დოკუმენტებით ვიმუშაო და იმაზე არ ვინერვიულო, რომ კაცის პასპორტით საზღვარზე არ გამიშვებენ“, - განმარტავს ჯინი.

იდენტობის შეცვლის გარდამავალი ეტაპი შეიძლება გულისხმობდეს გენდერის აღმნიშვნელი გრაფის შეცვლას საბუთებში, ჰორმონალურ თერაპიას და ქირურგიულ ოპერაციას. ყველა გეგმა ინდივიდუალურია, ადამიანმა ამ ჩამონათვალიდან შესაძლოა მხოლოდ ერთი რამ აირჩიოს, შესაძლოა ყველაფერი ერთად. როგორც კი ვინმე სქესის შეცვლას გადაწყვეტს, მას ფსიქიატრისგან საბუთი დასჭირდება დიაგნოზით: „ტრანსსექსუალიზმი“. ეს მოძველებური ტერმინია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეათე რევიზიიდან, მაგრამ რუსეთში დღემდე გამოიყენება. ამ რევიზიის მიხედვით, „ტრანსსექსუალიზმი“ ფსიქიკურ დაავადებას ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ ეს აურყო.

კომისიები სახელმწიფოცაა და კერძოც. ყველა მათგანი ფსიქიატრისგან, სექსოლოგისა და ფსიქოლოგისგან შედგება. რამდენი ხანი სჭირდება კომისიის გავლას, რთული სათქმელია. 2012 წლამდე ადამიანს ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში ორი წელი აკვირდებოდნენ. შემდეგ ეს ვადა წელიწად-ნახევრამდე შემცირდა. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებაში ნათქვამია, რომ კომისია საბუთების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს. კომისიის გავლის მსურველმა ყველა ექიმს ცალ-ცალკე უნდა მიმართოს. ამიტომ პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვით და კიდევ უფრო დიდხანს გაიწელოს. როგორც წესი, კომისიები ფასიანია, დაახლოებით 30 ათასი რუბლი ჯდება (500 დოლარამდე). საბოლოოდ ადამიანი იღებს ცნობას N087/უ „სქესის შეცვლის თაობაზე“ და ის საბუთების გასაცემ ცენტრში მიაქვს, იქ კი დაბადების მოწმობასა და პასპორტში სქესის განმსაზღვრელ გრაფას ცვლიან. 

ჯინიმ კომისია უკვე გაიარა კერძო კომპანიაში „ცენტრი ტ“. კურატორების თხოვნით (გოგონას არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება) მას არ გაუმხელია რა დაუჯდა კომისიის გავლა. ამბობენ, რომ 20-25 ათასი რუბლი. ცნობის მიღების შემდეგ ნოტარიუსთან წავიდა. აქ კი დაბრკოლებას შეეჯახა.

„მხოლოდ მეოთხე ნოტარიუსთან, ისიც ნაცნობობით მოვახერხე დამოწმება. პირველი ზარს არ პასუხობდა. მეორეგან გადმომირეკეს და უარი მითხრეს, თან ისე, რომ მიზეზი არ უხსენებიათ. კიდევ სხვაგან ცნობას დახედეს და გამომიცხადეს, ამას არ გავაკეთებთ, უკანონობააო. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ იყო უკანონო და რატომ არ მიუთითეს უარის მიზეზი, გამომიცხადეს, მსგავსი საქმეებით არ ვართ დაკავებულებიო“.

ჯინის ბევრმა მეგობარმა ტრანსგენდერმა ქალმა მასავით გადაწყვიტა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საბუთები შეეცვალა. ნაცნობმა ტრანსგენდერმა მამაკაცებმა კი ქვეყნიდან წასვლა დაიწყეს.

„ჩვენ არ ვიბრძოლებთ მხოლოდ იმიტომ, რომ დაბადების მოწმობაში შეცდომით ჩაგვიწერეს „მამრობითი“, - ამბობს ის, - არ დავიხოცებით იმ ხალხის გაუგებარი იდეებისთვის, რომლებიც ჩვენ არ აგვირჩევია და რომლებიც პრობლემებს გვიქმნიან, თუნდაც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კანონი გავიხსენოთ“.

ორგანიზაცია Queer Svit-ი მუშაობას 2022 წლის მარტში შეუდგა. ის იმ ლგბტქ+ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ომი შეეხო. Queer Svit-ის თანადამფუძნებელი ანა-მარია ტასფაიე ჰყვება, რომ 21 სექტემბრის შემდეგ მათ რამდენიმე ათეულმა ტრანსგენდერმა ადამიანმა მიმართა. ორგანიზაცია 80 ადამიანს დაეხმარა რუსეთიდან წასულიყო და მობილიზაციისთვის თავი დაეღწია. 

„ტრანსგენდერი ადამიანისთვის ქვეყნის დატოვება იოლი არაა. წამლები სჭირდებათ. ყველა ქვეყანაც არ არის მათთვის უსაფრთხო. უცნაური იქნება, სიკვდილს იმ ქვეყანაში გაექცე, სადაც მოგკლავენ. ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ემეზობლება, ამ კუთხით დიდად მეგობრული არ არის“, - ამბობს ანა-მარია.

ორგანიზაციას ტრანსგენდერი კაცებიც მიმართავენ. მათ ძირითადად ის აინტერესებთ, ჩანაცვლებით-ჰორმონალური თერაპიის გავლა რომელ ქვეყნებში შეუძლიათ. ამ შემთხვევაში უსაფრთხოების საკითხი ნაკლებად აქტუალურია, ტესტოსტერონი „შედარებით აგრესიული ჰორმონია“ და ადამიანი, რომელიც მის მიღებას იწყებს, სისგენდერ მამაკაცს მალევე ემგვანება. რაც შეეხება საბუთებს, თუ ტრანსგენდერ მამაკაცს საბუთებში გენდერული მარკერი არ შეუცვლია, სანერვიულოც არაფერი აქვს, ხოლო ვინც შეცვალა, ისინი ცდილობენ, მობილიზაციას თავი ქვეყნიდან წასვლით დააღწიონ.

„ყველას ვეხმარებოდით, მაგრამ პრიორიტეტი მაინც უკრაინა იყო. როდესაც ხალხი რუსეთიდან გარბის, ისინი უბრალოდ კომფორტის ზონას ტოვებენ, ეს კი იგივე არ არის, რაც ომისგან გაქცევაა“, - ამბობს ანა-მარია.

მიხელინა 20 წლისაა, მოსკოვში ცხოვრობს და სამედიცინო კომისიის გასავლელად რიგში დგას. სქესის შეცვლაზე ადრეც ფიქრობდა, მაგრამ აქამდე ვერ გადაეწყვიტა. ომმა და ახალმა რეპრესიულმა კანონებმა უბიძგა, ეს პროცესი წამოეწყო: „მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ყველაფერი უცებ შეიცვალოს და მე ამას ვეღარ შევძლებ. ლამის ყოველდღე ახალ კანონს იღებენ, ერთიმეორეზე აბსურდულს. ეს ყველაფერი მასობრივ ფსიქოზს მაგონებს. არ გამიკვირდება, ხვალ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საბუთების შეცვლაც რომ აკრძალონ“.

იმას, რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში სჩადის, მიხელინა „ამაზრზენ საშინელებას“ უწოდებს: „ეს საშინელი სირცხვილია. 24 თებერვალს თავზარი დამეცა. საშინელი დეპრესია დამეწყო. ნახევარი წელი დერეალიზაციის სინდრომით ვიტანჯებოდი. ბევრმა ჩემმა დაქალმა, ტრანსგენდერმა გოგომ რუსეთი მობილიზაციის გამოცხადებამდე დატოვა, - ამბობს მიხელინა, - აქ არავის ვუნდივარ. დაბადებიდან ასეა. სკოლიდანვე სიძნელეებს ვაწყდებოდი. გამუდმებული ძალადობა, დამცირება, დაცინვა“.

მიხელინას ქვეყნიდან წასვლა სურს, მაგრამ არა ახლავე, გოგონა უნივერსიტეტის მე-3 კურსზეა: „რუსეთის დატოვების საშუალება არ მაქვს. აქ ვსწავლობ. დედამ, რომელიც ძალიან მიყვარს, ამისთვის ბევრი რამ გააკეთა. არ შემიძლია, ყველას გავუმტყუნო იმედები, დავყარო და წავიდე“.

სტუდენტი მოსკოვიდან დიანა ასევე 20 წლისაა. რუსეთიდან წასვლას ის 3-4 წელიწადში გეგმავს, მას შემდეგ, რაც სწავლას დაამთავრებს. მაგრამ სამედიცინო კომისიის გავლა და საბუთების შეცვლა ახლავე გადაწყვიტა.

„ადრე შესაძლებელი იყო საკუთარი თავისთვის დრო მიგეცა, საზოგადოებაში როგორც გოგოს დაგემკვიდრებინა თავი, უფრო ფემინური გარეგნობა მიგეღო, რომ გარეგნობასა და პასპორტში ჩანაწერს შორის დისონანსი არ ყოფილიყო. ახლა კი მთავარია, სამხედრო კომისარიატს დაეხსნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ გაგიწვიონ, - ამბობს დიანა, - რაც თავი მახსოვს, სულ ქალობისკენ მივდიოდი. ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, რატომ გამაჩინეს ბიჭად და არა გოგოდ-მეთქი. 13 წლისამ გავიგე, რომ ტრანსგენდერი ადამიანებიც არსებობენ და მაშინვე მივხვდი ვინც ვიყავი. მშობლების რეაქცია ის არ იყო, რაც მინდოდა. თავიდან კატეგორიული მიუღებლობა ჰქონდათ, ახლა თანდათანობით თითქოს იცვლებიან“.

დისფორიასა და მიუღებლობასთან გამკლავება გოგონას თავად, დახმარების გარეშე მოუხდა. „ფიზკულტურის გაკვეთილზე გასახდელში შესვლა ყოველთვის წამება იყო. ასეთ დროს გგონია, რომ სხვების სივრცეში შეიჭერი. მილოცვები 23 თებერვალს, ან ასეთი კომპლიმენტი - „ჩვენი გუშაგი ხარ, ძლიერი გაიზარდე“... ეს ყველაფერი ძალიან გთრგუნავს. შენი სხეული მამაკაცად ყალიბდება, რასაც საშინელი დისფორია მოაქვს და ფსიქიკას გინგრევს“. 

22 წლის ასკატლას მობილიზაციამ ჯარში მოუსწრო - ასე იქცა ის პირველ ღია ტრანსგენდერ ქალად რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 10 ნოემბერს გამოცემა „მედუზამ“ მასზე სტატია დაწერა, საიდანაც გასაგები ხდება, თუ რატომ ერიდებიან ტრანსგენდერი ადამიანები არათუ ომში, ჯარში წასვლასაც. ასკატლას იქ სცემდნენ, დასცინოდნენ, ემუქრებოდნენ.

გოგონა ულან-უდეში დაიბადა და გაიზარდა. საბუთები არ შეუცვლია, ამიტომ მის პასპორტში სახელისა და გვარის - რუსლან ბირუჩევსკის -გასწვრივ „მამრობითი“ წერია. 2019 წელს ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კონტრაქტითაც დარჩა, რომ მშობლებისგან გაქცეულიყო და სქესის შესაცვლელად ფული მოეგროვებინა.

„ჯარში ასკატლა თავს ისევ სხვა გენდერის ადამიანად გრძნობდა. საკუთარ სხეულთან კონტაქტი რომ დაემყარებინა, სხვა სახელი დაირქვა, სხვა ხმით ლაპარაკობდა, სხვაგვარად იცვამდა, ყველგან, გარდა სამხედრო ნაწილისა“, - წერს „მედუზა“. ჩანაცვლებით-ჰორმონალური თერაპია გოგონამ სამხედრო სამსახურშივე დაიწყო, რადგან გენდერული დისფორიის ატანა უკვე აღარ შეეძლო.

მისი თქმით, დილის ვარჯიშებზე მუდმივად დასცინოდნენ. „პიდარასტს და ქათამს ეძახდნენ. ყველა სერჟანტმა განაცხადა, რომ მისნაირ „ქათამთან“ ყოფნა არ სურდა, და რომ ის „სიცოცხლის ღირსი არ არის“. ასკატლას გენდერული სტატუსის შესახებ შტაბის ფსიქოლოგმა შეიტყო, შემდეგ დანაყოფის მეთაურმა სერგეი გრეკუმაც. ის სიტუაციას „გაგებით“ მოეკიდა, თუმცა სთხოვა, „ცნობა არ ეფრიალებინა“.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ასკატლას თავის მოკვლა უნდოდა, მაგრამ მისმა პარტნიორმა დმიტრიმ (უკრაინის მოქალაქე) დაარწმუნა „მარტამდე ეცოცხლა“. ოქტომბერში კონტრაქტორებთან სიტყვა ჩამოაგდეს, რომ მათ ომში გაუშვებდნენ. ასკატლამ გადაწყვიტა, როგორმე თავი გაერიცხა, რადგან საყვარელი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეეძლო. ახლა ის ჰოსპიტალში შემოწმებას გადის. მიმართვაში წერია, რომ საავადმყოფოში „ტრანსსექსუალიზმის“ გამო კი არ დააწვინეს, არამედ „შერეული ემოციური და ქცევითი აშლილობის“ გამო.

მაქსიმ ოლენიჩევი, იურისტი, რომელიც ტრანსგენდერებთან მუშაობს, ამბობს, რომ სექტემბრის ბოლოდან მას 500 ტრანსგენდერი ადამიანი დაუკავშირდა. ისინი საბუთების შეცვლაზე, სქესის შეცვლაზე, სქესის შეცვლის შემდეგ ქორწინების შენარჩუნებაზე ეკითხებოდნენ და იმაზეც, თუ როგორ დაეღწიათ თავი მობილიზაციისთვის.

იურისტი ამბობს, რომ ასკატლა ერთადერთი ტრანსგენდერი არაა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. მას სხვა სამხედროებმაც მიმართეს, რომლებიც საკუთარ იდენტობაზე ღიად არ საუბრობენ: „სისტემა მზად არაა, ტრანსგენდერ ადამიანებს რამე პირობები შესთავაზოს, ამიტომ ისინი უკვე არსებულ პირობებს ერგებიან, სადაც კაცი და ქალი მკაცრად არის გამიჯნული“.

წყარო: რადიო თავისუფლება