„რეალმა“ ევროპას ისევ ზემოდან დახედა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადრიდის „რეალმა“ ჩამპიონთა თასი მეთოთხმეტედ მოიგო. ეს კი ორჯერ მეტია, ვიდრე მისი უახლოესი მდევრის მიერ მოგებული ჯილდო. „რეალის“ შემდეგ, ყველაზე მეტჯერ ლიგა „მილანს“ აქვს მოგებული - იტალიურმა კლუბმა ეს თასი შვიდჯერ ასწია. არადა, წლევანდელ ტურნირში „სამეფო გუნდი“ ფავორიტად ნამდვილად არ ითვლებოდა, წესით, „პსჟ“-სთანაც უნდა დამარცხებულიყო, „ჩელსისთანაც“, ბოლოს, ნახევარფინალში კი „მანჩესტერ სიტისთან“ წაგებული თამაში მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შემოაბრუნა. და ფინალი „ლივერპულთან“, გუნდთან, რომელიც საოცარ ფორმაშია და რომელსაც, წესით, უნდა მოეგო. ცხრაჯერ დაარტყეს ინგლისელებმა კარში, მაგრამ იმ დღეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდელთა კიპერი, ტიბო კურტუა დასახელდა... ერთადერთხელ დაარტყა რეალმა კარში და გაიტანა.

კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ - „მილანთან“ ერთად, ორჯერ - „რეალთან“. ამასთან, ანჩელოტი ერთადერთი სპეციალისტია, რომელსაც ევროპის ტოპ-5 ლიგის ჩემპიონატი აქვს მოგებული. მატჩის შემდეგ ბევრმა თქვა, რომ „ლივერპულს“ არ გაუმართლა, მაგრამ, როგორც წესი, ძლიერებს უმართლებთ. თანაც, „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა სისხლში აქვს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აუტსაიდერად შერაცხული „სამეფო გუნდი“ ლიგას იგებს. ნამატჩევს ერთ-ერთმა ექსპერტმა ძალიან საინტერესო და უზუსტესი შეფასება გააკეთა - „იურგენ კლოპმა „ლივერპულს“ ათამაშა ის ფეხბურთი, რასაც ყოველთვის ათამაშებს და რაც ძალიან კარგად გამოსდის - შეტევა, კარში დარტყმები... კარლო ანჩელოტიმ კი „რეალს“ ათამაშა ის ფეხბურთი, რაც მოსაგებად სჭირდებოდა და მოიგო კიდეც“...

ვინც ფინალს უყურა, იცის, რომ შეხვედრა 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზად ბევრი რამ დასახელდა, თუმცა რეალობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. საფრანგეთში საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ ჩასულ „ლივერპულის“ ფანებს რამდენიმე ათასი ყალბი ბილეთი მიჰყიდეს. შედეგად, როცა ისინი სტადიონზე შესვლას ცდილობდნენ, ტურნიკეტებმა არ გაატარეს - ისინი, უბრალოდ, დაიბლოკა. ამან ფანების გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო როცა გაიგეს, რომ ბილეთები ყალბი იყო, უფრო გაბრაზდნენ და სტადიონზე მოხვედრა ღობეზე გადაძრომით სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან შეტაკება მოჰყვა.

დასასრულს კი ისიც ვთქვათ, რომ მადრიდელთა შემტევმა როდრიგომ მატჩამდე თქვა, ოღნდ ეს ფინალი მოვიგოთ და მზად ვარ, ცოლიც კი დავთმოო. ფეხბურთელს მალევე უპასუხა მეუღლემ და აღნიშნა, რომ ოღნდ „რეალმა“ ფინალი მოიგოს და ისიც მზად არის, ქმარი დათმოს. „რეალმა“ ფინალი მოიგო...

ავტორი: ბათო ჯაფარიძე