დედაქალაქი
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო 9 თებერვალს საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.
„მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება
აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით.
„გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით. გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით“, – აცხადებენ მერიაში.
სამგოროს გამგეობა ჩხენკელის ქუჩაზე ასფალტის გზის მოწყობის II ეტაპს ახორციელებს
ვარკეთილში, მე-4 მიკრორაიონში ასფალტის საფარი იგება
ვარკეთილი 3; მე-4 მ/რ კორპუსი N425-ის მიმდებარედ ასფალტის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს.
2500 კვ.მ-ზე ტერიტორიაზე ორფენიანი საფარი იგება და მიმდებარედ ბორდიურები წესრიგდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.
მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძესთან ერთად გაეცნო.
საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 210 000 ლარი გამოიყო.
სამგორის გამგეობამ 2023 წელს ასფალტის საფარი 100 მისამართზე შეცვალა. ჯამში, საფარი 137 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.
აფრიკის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N64 ბაგა-ბაღი, რომელიც სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მდებარეობს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილესთან კახაბერ გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
„სამშენებლო სამუშაოები სულ რამდენიმე დღის დამთავრებულია და 500-მდე ბავშვის მიღება შეუძლია ახალ საბავშვო ბაღს. ხედავთ როგორი სტანდარტებით არის მოწყობილი, როგორი გარემოა და ძალიან მიხარია, რომ ეს ინფრასტრუქტურა წესრიგდება. გვინდა როგორც ახალი ბაღები ავაშენოთ, ასევე არსებულ ბაგა-ბაღებში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, მთლიანად რეაბილიტირდეს ინფრასტრუქტურა. პატარები და მათი მშობლები გახარებულები არიან. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო დირექციას, მასწავლებლებს და წამრმატებები ვუსურვო მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი ინფრასტრუქტურა თბილისის მერთან ერთად დაათვალიერეს სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა და თბილისის საკრებულოს წევრმა რევაზ სოხაძემ.
ახალი ბაღი 15-ჯგუფიანია და 500-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ისე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ახალ საბავშვო ბაღში მოწყობილია სასადილო სივრცეები, სპორტული და მუსიკალური დარბაზები.
ბაღს ასევე აქვს გამწვანებული, დაცული ეზო, თანამედროვე, ეკომეგობრული ატრაქციონები და სათამაშო მოედნები.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში აქამდე მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა. ახალ ბაღში უკვე 400-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა გრძელდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, უახლოეს მომავალში დაიწყება ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და ბაგირის გაჭიმვის პროცესი.
„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის ახალი საბაგირო, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას დააკავშირებს მთაწმინდასთან. სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. ხუთივე საყრდენი დაყენებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში გაიჭიმება ბაგირები. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს მიმღები სადგურების სარემონტო სამუშაოები. ძალიან კარგია, როგორ ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რადგან რუსთაველიდან მთაწმინდაზე საბაგიროთი ასვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. საათში დაახლოებით 1 200 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ეს ისტორიული პროექტი აღდგა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს გაეცნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბექა ოდიშარია და ზურაბ აბაშიძე, ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. საბაგირო გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს - კომპანია „დოპელმაიერი“.
საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები გახდა
პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები სკოლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა.
კახა კალაძის განცხადებით, მითითებული წესის გამოყენება შეეძლებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს.
„აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ, შეათანხმოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალი. ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ, უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატარების უსაფრთხოება, მათი გადაადგილება, რათა დილისა და საღამოს საათებში საცობებში არ იდგნენ. იაქტიურეთ, მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ იმ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები შევათანხმოთ, რომლითაც პატარები გადაადგილდებიან, დავარეგისტრიროთ და ავტობუსის ზოლების გამოყენება შეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეიდან თბილისში პირველმა 18-მეტრიანმა ავტობუსმა მოძრაობა დაიწყო - ნახეთ მარშრუტი
მერიის ცნობით, დღეიდან, N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ამ თემაზე მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ. ასე ჩანაცვლდება ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12- მეტრიან ავტობუსები.
ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით.
"ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში, დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსები დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12- მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ", - თქვა კალაძემ.
კალაძემ თქვა, რომ მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს.
მთლიანად მერიას 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი აქვს ნაიყიდი. ამჟამად თბილისში 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსია, რომლებიც ეტაპობრივად გავლენ ხაზებზე.
წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 1-ელი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
კალაძის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას 1-ელი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ.
"განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების რეგისტრაციაში. ჯიხურები დროებით განთავსდება წერეთლის გამზირის N118-ში, N116-ში, N76-ში, N48-ში, ასევე N12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის N10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ. ერთთვიანი ვადა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს. 1-ელი აპრილიდან კი აღნიშნულ ქუჩებზე, როგორც მოგახსენეთ, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება", - თქვა კალაძემ.
წერეთლის გამზირის გარდა, დიდუბის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე: ალიო მირცხულავას ქუჩა; წყალტუბოს ქუჩა; სამტრედიის ქუჩა; ბაქრაძის ქუჩა; ხოშარაულის ქუჩა; არჩილ კერესელიძის ქუჩა; რაჟდენ გვეტაძის ქუჩა; ქუთაისის ქუჩა; ფოთის ქუჩა; ბათუმის ქუჩა; შოთა იამანიძის ქუჩა; არჩილ ქურდიანის ქუჩა; სლავა მეტრეველის ქუჩა; ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა; დავით ყიფიანის ქუჩა; თევდორე მღვდლის ქუჩა; თემურ ფიფიას ქუჩა; იროდიონ ევდოშვილის ქუჩა; სოხუმის ქუჩა; ზუგდიდის ქუჩა; ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა; გორის ქუჩა; ბათუმის შესახვევი; გორის შესახვევი; ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა; სპირიდონ კედიას ქუჩა; ვანის ქუჩა; სტანისლავსკის ქუჩა; თ. ერისთავის ქუჩა; ტრანსპორტის ქუჩა.
"დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება" - კახა კალაძე
ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს - 2024 წლის ბიუჯეტი მილიარდ 763 მილიონია და აღნიშნული ცვლილებებით, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს მერია დამატებით, 40 ერთეულ 180-მეტრიან ავტობუსს შეიძენს.
„მინდა ბიუჯეტთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. გვაქვს გარკვეული ცვლილებები, რომლის შეტანა გვინდა არსებულ დამტკიცებულ ბიუჯეტში, დღეს გვინდა მთავრობის სხდომაზე განვიხილოთ ეს ყველაფერი, შემდეგ საკრებულოს გადაეგზავნება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომლებიც შედგება გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გახლავთ გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხები. თქვენ იცით, რომ 2024 წლის ბიუჯეტი მილიარდ 763 მილიონია და აღნიშნული ცვლილებებით, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება. აღნიშნული დამატებითი თანხებით გათვალისწინებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტების განხორციელება.
მინდა ინფორმაციის სახით გითხრათ, რომ ვიწყებთ პროცედურებს, რომ დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. თავიდან დავაანონსეთ 200 ერთეულის შეძენა, თუმცა იმის გამო, რომ თანხები საკმარისი არ გვქონდა, შევიძინეთ მხოლოდ 160 ერთეული. წელს გვინდა დამატებით ის 40 ერთეულიც შევიძინოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს.
„ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
აღნიშნულის გამო, 31 იანვარს საბაგირო მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.