დედაქალაქი
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტროხაზის დაერთება მოხდა თვითნებურად “- კალაძე წყნეთის ტრაგედიაზე
დედაქალაქის მერმა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.
„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს.
პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ
უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება არის უკანონობა. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, მსგავსი ტიპის სამუშაო აწარმოოს. არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადება გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა - მისი დაერთება მოხდა თვითნებურად.
ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, გარდა რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკისა, არ არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები.
ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია უადგილო და ძალიან უხერხულია. მოვუწოდებთ და ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე. ნურავინ შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ამ უბედურების გამოყენებით“, - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ: წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. უბედური შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
დიდ ლილოში ასფალტის საფარი დაიგო
დიდ ლილოში, მერაბ კოსტავას ქუჩის პირველ შესახვევსა და ივანე მაჩაბლის ქუჩიდან კოსტავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, ასფალტის საფარი დაიგო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 500 კვ. მ ფართობი მოასფალტდა.
სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობიდან, დაახლოებით, 110 000 ლარი გამოიყო.
პროექტს, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.
მეგობრობის ბანაკი სამგორისა და საგარეჯოს ახალგაზრდებისთვის
სამგორის რაიონის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საგარეჯოში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ორდღიანი მეგობრობის ბანაკი მოეწყო.
ბანაკის მთავარ მიზანს, სამგორსა და საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება, ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში, სამგორის რაიონსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტს შორის, ასევე, გაფორმდა მეგობრობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და საგარეჯოს მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი მხარეთა ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, დამეგობრებულ რაიონსა და მუნიციპალიტეტში არაფორმალური განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარებას ითვალისწინებს.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრას სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, სამგორის გამგეობისა და საგარეჯოს მერიის წარმომადგენლები დაესწნენ.
ლილოში, საქნავთის დასახლებაში, სარეკრეაციო სივრცე ეწყობა
ლილოში, საქნავთის დასახლებაში, №3 და №9 კორპუსების მიმდებარედ, სარეკრეაციო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული უბნის მოსახლეობას პროექტის პრეზენტაცია სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ წარუდგინეს.
საპროექტო ტერიტორიაზე, რომელიც 5 200 კვ.მ-ის ფართობს მოიცავს, მოეწყობა სარეკრეაციო, გასართობი, სპორტული და საზოგადოებრივი თავშეყრის ზონები. საზოგადოებრივი სივრცეები გააერთიანებს სკამებს, ბილიკებს, საპიკნიკე არეალებს, მწვანე მდელოებს და სპორტულ მოედნებს.
საბავშვო სივრცე გადაწყვეტილი იქნება ინოვაციური არასტანდარტული ატრაქციონებით, სავალი ზედაპირები მოპირკეთდება კაუჩუკის ფილებით.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისიწნებულია სავალი ბილიკების განათება და წყლის დასალევი "სოკოების" მოწყობა. გატარდება დენდროლოგიური ღონისძიებები.
სამუშაობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 635 972 ლარი გამოიყო.
ძმები ოცხელების ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
ქვემო სამგორში, ძმები ოცხელების ქუჩაზე, №4-6 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი დაიგო.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, 1715 კვ. მეტრის მოცულობის ტერიტორია მოასფალტდა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 670 ლარი გამოიყო.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილესთან ერთად გაეცნო.
ვარკეთილში, ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში, ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების მეორე ეტაპს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი 1 800 კვ. მ-ის მოცულობის ფართობზე ეწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 164 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
ვარკეთილი-3-ის I მ/რ-ში, რეკრეაციული სივრცე ეწყობა
ვარკეთილი-3-ის I მ/რ-ში, 28-ე კორპუსის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამუშაოები 11 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
აღნიშნულ სივრცეში, ამ ეტაპზე, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, იდგმება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები, ასევე, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემები.
დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 200 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნენ.
სოფელ წინუბანში, ასფალტის საფარის მოწყობა სრულდება
სოფელ წინუბანში, იალნოს ქუჩის I – II ჩიხებში, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები სრულდება.
ორფენიანი ასფალტი, ჯამში, 2 500 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზე მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
თბილისის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება
თბილისის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შეირჩა კონსულტანტი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.
„მეტროსადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება „სადგურის მოედნის“ მესამე ამოსასვლელის სამი ესკალატორი. განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას. შეიცვლება ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები. განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა. მათ შორის, რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური, დახრილი ლიფტები. „სადგურის მოედნის“ კვანძზე დამონტაჟდება ორი ლიფტი, პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, მეტროს მუშაობა არსებითად გაუმჯობესდება, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟე სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები, უწყვეტი კვების წყარო (UPS) სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის, ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურების გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა-ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრი. განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროცესშია ჩართული.
„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მეტროს მოდერნიზაციის პროექტში აქტიურად არიან ჩართული. ამისთვის უკვე გამოყოფილია 50,6 მლნ ევრო – სესხის, ხოლო ხუთ მლნ ევრო გრანტის სახით. უკვე მომზადებულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EGIS-ის მიერ აღნიშნული მეტროსადგურების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში გზა რეაბილიტირდა
ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, № 14 კორპუსის მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა არსებული გზა, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური, რომლის საერთო სიგრძე 200 მეტრს შეადგენს.
სამუშაოებს ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
მკაცრდება თუ არა კონტროლი ქუჩის მხატვრობაზე და რა შემთხვევაში ჯარიმდებიან ადამიანები
ქუჩის მხატვრობა საქართველოში ძალიან გავრცელებულია. არსებობს ნახატები, რომლებზეც გაცემულია ნებართვა შენობა-ნაგებობის მფლობელის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ, მაგრამ ქუჩის თვითნებური მოხატვა, საქართველოს კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით, ფასდება, როგორც ვანდალიზმი და ჯარიმდება 1000 ლარით, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედაქალაქში მაინც მუდმივად გვხვდება ძეგლებზე, ვიტრინებზე, შენობებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე წარწერები, ნახატები და სიმბოლოები.
რატომ ვდგავართ იგივე პრობლემის წინაშე, როცა კანონი მოქმედებს? „ვერსია“ ამ საკითხის გასარკვევად დაუკავშირდა თბილისის მერიას:
- ვანდალიზმის ფაქტები კონტროლდება. ადამიანის იდენტიფიცირება ხდება მაშინ, როდესაც ჩანს ვიდეოკამერებში და ჯარიმდება 1000 ლარით, მაგრამ თუ მოქალაქე არც ჩანაწერებში ჩანს და არც ფაქტის თვითმხილველი გვყავს, მაშინ მისი პოვნა რთულია.
- იგეგმება თუ არა კონტროლის გამკაცრება?
- კანონი, რომელიც ახლა მოქმედებს არაა ლმობიერი და არც 1000 ლარია ცოტა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რთულია ამ კანონის აღსრულება, რადგან დედაქალაქში ყველგან კამერები ვერ დაყენდება. მათ გარეშე კი თითქმის შეუძლებელია ადამიანის პოვნა და დაჯარიმება.
- როდის და როგორ ხდება მერიის რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე?
- მერია ვანდალიზმზე ყოველთვის რეაგირებს. თუ ასეთი ფაქტი ხდება რომელიმე სკვერში, ან ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებელია ვიდეოჩანაწერების ამოღება, მაშინ ის ეგზავნება შესაბამის ორგანოს, რომელიც აღასრულებს კანონს.
- როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?
- მხოლოდ მერია ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და მოქალაქეების აქტიურობა.
- იგეგმება თუ არა წარწერებითა და ნახატებით დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია?
- დიახ, შეიქმნა აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომლის დახმარებითაც მერიისთვის უფრო მარტივია თბილისის ფარგლებში დაზიანებული ადგილების მოძებნა. ამ აპლიკაციის გადმოწერა შეუძლი ყველა მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ საშუალება აპლიკაციაში განათავსონ თბილისში მდებარე დაზიანებული ადგილების ფოტოები. ეს ყველაფერი ეგზავნება მერიას, რომელსაც აუცილებლად აქვს რეაგირება. რეაბილიტაციის დასრულებისას, მოქალაქე, რომელმაც განათავსა ფოტო, იღებს ინფორმაციას.
ჯარიმდებიან ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც ხერხდება, პრობლემად კი რჩება ისეთი ადგილები, სადაც კამერები არ აყენია. ხალხის ნაწილი არღვევს კანონს და ამისთვის ჯარიმას არ იხდის, რის გამოც ისევ იგივე პრობლემას ვაწყდებით.
ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი