1-ლ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება, აღდგენა შეუძლებელი იქნება - მერია

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისი მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.

"გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული - ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ", - თქვა კალაძემ.

მერმა თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 20–21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი.

"პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნებართვები შეინარჩუნოთ, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე", - თქვა კალაძემ.