თაღლითობა „კა-გე-ბე“-ს სახელით - ვინ იყო სამი ადამიანი, რომლებმაც საბჭოთა უშიშროება მასხრად აიგდეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

საბჭოთა უშიშროება არცთუ უსაფუძვლოდ ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ძალოვან სტრუქტურად. „კა-გე-ბე“-ს საცეცები ჰქონდა ყველგან, ხელი მიუწვდებოდა, პრაქტიკულად, ყველაფერზე და უშიშროების შეფი ემორჩილებოდა მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს. შემთხვევითი არც ის იყო, რომ ლეონიდ ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ, „გენსეკი“, სწორედ უშიშროების შეფი, იური ანდროპოვი გახდა. რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც უშიშროებიდან მოდის და რაც უნდა დაემართოს რუსეთს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ „კა-გე-ბე“ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.

 „ადრეც გითხარით, ცოტა ხანს უშიშროებაში ვიმუშავე-მეთქი, შემდეგ ვერ გავუძელი ვერც რეჟიმს, ვერც - მეთოდებს, რომლითაც ისინი მუშაობდნენ და წამოვედი, თუმცა ორი მივლინება მოვასწარი: ერთი - პრაქტიკის ასამაღლებელი, მეორე - საქმიანი. სწორედ პრაქტიკის ასამაღლებელ მივლინებაზე მინდა გიამბოთ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ისტორიაა, რომელიც მაშინ ანდროპოვმა საგულდაგულოდ მიჩქმალა და შეეცადა, ბრეჟნევამდე არ მისულიყო, თუმცა ანდროპოვის მოსისხლე მტერმა, შს მინისტრმა, შჩოლოკოვმა ყველაფერი იღონა, რომ ეს ისტორია დეტალებში სცოდნოდა „გენსეკს“. როგორც ამბობენ, ლეონიდ ილიჩი, გაბრაზების ნაცვლად, გულისწასვლამდე იცინოდა“, - გვიყვება საინტერესო ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

რუსეთში, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩასულ ახალგაზრდა პრაქტიკანტებს მთავარ საქმეს აჩვევდნენ - როგორ უნდა მოეხდინათ ზეგავლენა მაღალჩინოსნებზე, ამიტომ არც ახალგაზრდა ქართველ პრაქტიკანტს გაჰკვირვებია, როცა მოსკოვის ერთ-ერთი დიდი საწარმოს დირექტორის სანახავად წაიყვანეს. უშიშროება მას დიდი ხნის განმავლობაში „ამუშავებდა“ და ისიც იცოდა, რომ მინიმუმ მილიონი მანეთი არათუ მოპარული, აგარაკზე, მიწაშიც კი ჰქონდა დამარხული. კომედიაც აქ დაიწყო.

„დირექტორმა ძალიან მშვიდად მიგვიღო, შემდეგ კი, როცა აუწყეს, რომ დაკავებული გახლდათ, გაიღიმა და ხელი აიქნია, თქვენს უფროსობას დაელაპარაკეთ, უკვე გადახდილი მაქვს, აქედან მომწყდითო. ეს ჩვენთვის ნამდვილი შოკი იყო, რადგან მაშინ ქრთამზე ასე ხმამაღლა და აგდებით არავინ საუბრობდა. მე ახალბედა ვიყავი, მაგრამ გამოცდილი ოპერმუშაკებიც დაიბნენ. დირექტორმა კი დაბეჯითებით გაიმეორა, თქვენებს 50 ათასი მანეთი მივეცი, სწორედ მათ მითხრეს, თუ ვინმე მოვა, ჩვენთან გადმოამისამართეო და მოსკოვის უშიშროების კომიტეტის შეფის მოადგილის გვარ-სახელი თქვა. იქიდან კი არ წამოვედით, გამოვიძურწეთ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ყველაფერი ჯერ არაფორმალურად მოახსენეს საბჭოთა კავშირის დედაქალაქის უშიშროების უფროსს, თუმცა მან პატაკი მოითხოვა და ყველაფერი ფურცელზე გადაიტანეს. მისი მოადგილე გაოცებისგან ლამის შოკში ჩავარდა, ასეთი რამ არ ყოფილაო და მოითხოვა, ამოცნობა ჩაეტარებინათ. მოიყვანეს დირექტორი, დააყენეს ხუთი კაცი, მათ შორის, მოადგილეც და დასვეს ერთადერთი კითხვა - ვის მიეცი ფული? დირექტორმა ისევ აგდებით თქვა, მე მოსკოვის უშიშროების უფროსის მოადგილეს ვესაუბრე, აქ კი ვიღაც ლოთები გყავთ დაყენებულიო. ამის შემდეგ, მას უშიშროების ოფიციალური თანამშრომლების სურათები აჩვენეს, თუმცა დირექტორმა ვერავინ ამოიცნო. ამხელა პროცედურები კი იმისთვის გახდა საჭირო, რომ დირექტორი ამტკიცებდა, უშიშროების საბუთი მაჩვენესო. უკეთესად რომ განვმარტოთ, უშიშროებას სპეციფიკური, მუქი წითელი საბუთი ჰქონდა, მას არასდროს შლიდნენ, საკმარისი იყო ჩვენება და ორგანოს დასახელება, კითხვა არავის ებადებოდა. რაც მთავარია, ასეთი საბუთი არცერთ სხვა უწყებას არ ჰქონდა და მისი გარჩევა მარტივი იყო. ის, რომ ვიღაცა უშიშროების საბუთს იყენებდა, მალე დამტკიცდა. „კა-გე-ბე“-მ გაქექა და აღმოაჩინა, რომ კიდევ სამი საწარმოს ხელმძღვანელს შეაწერეს დიდი ფული. ყველგან ერთი და იგივე სქემა იყო - მიდიოდა ორი კაცი, აფრიალებდა უშიშროების საბუთს და ითხოვდა ფულს. თუ პირველ შემთხვევაში, თავი მოსკოვის უშიშროების შეფის მოადგილედ გაასაღეს, დანარჩენ შემთხვევაში, პირდაპირ შეფის სახელით წარსდგნენ. შეადგინეს ფოტო-რობოტები, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, არც უფროსს და არც მოადგილეს არ ჰგავდა.

საქმემ იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ იური ანდროპოვს უპატაკეს. მან ბრძანება გასცა, რადაც უნდა დაჯდომოდათ, მაქსიმუმ, ერთ კვირაში, უშიშროების ის თანამშრომლები უნდა ეპოვათ, რომლებიც სამსახურეობრივ საბუთს არასწორი მიმართულებით იყენებდნენ. ოფლი ასხამდა ყველას, რადგან უშიშროებაში მუშაობის დასაწყებად რეკომენდატორი გჭირდებოდა და ეს რეკომენდატორი, ძირითადად, ადგილობრივი მაღალჩინოსანი იყო. შესაბამისად, დამნაშავის გარდა, პოლიტიკურ თუ სამსახურეობრივ კარიერას, ავტომატურად, რეკომენდატორიც ასრულებდა.

კიდევ ერთი კვირა გავიდა და უშიშროება მთლად გადაირია. ამჯერად, ორის ნაცვლად, სამი თანამშრომელი დადიოდა. რაც მთავარია, დაზარალებულების აღწერილობით, მათ ზუსტად ისეთი მოწმობა ჰქონდათ, როგორიც უშიშროებას და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ფოტო-რობოტი არ ემთხვეოდა არათუ უშიშროების არცერთ თანამშრომელს, არამედ, არცერთ კრიმინალს, რომელიც საბჭოთა კავშირის კარტოთეკაში ირიცხებოდა.

„კა-გე-ბე“ მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. გამოითქვა ვერსია, რომ საწარმოების ხელმძღვანელები გაეფრთხილებინათ, მაგრამ ამის ნება ანდროპოვმა არ დართო.

ლუბლიანკაზე, უშიშროების ცენტრალური უწყება „კრაზანების ბუდეს“ ჰგავდა. რიგითი თანამშრომლებიც კი გაცოფებულები იყვნენ, აგენტურული ქსელი წინდასავით ამოაბრუნეს, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ამ დროს გამოჩნდა ანდროპოვის, როგორც ხელმძღვანელის ნიჭი და უნარი, კრიტიკულ სიტუაციაში მდგომარეობა ემართა. მან საგანგებო თათბირი მოიწვია და პირდაპირ თქვა - დამნაშავეები კრიმინალს არ ეხებიან, ჩვენს ღირსებას თელავენ. არ მჯერა, რომ ჩვენს ორგანოში სამი ისეთი ადამიანი იქნება, რომლებიც ამას იკადრებენ, ამიტომ ჩვენ დამნაშავეები სხვაგან უნდა ვეძებოთ. სად სხვაგან? მოიტანეთ საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკაში არსებული მოწმობები, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უწყებების თანამშრომლებს აქვთ. თუ მეეზოვეს აქვს მოწმობა, მაგიდაზე მედოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს მეეზოვე ბელორუსია, უკრაინელი, რუსი თუ ტაჯიკი. ყველა მოწმობა, მაქსიმუმ, ორ დღეში, მაგიდაზე მქონდეს! დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა და ზუსტად ისეთი მოწმობები დაამზადა, როგორებიც ჩვენ გვაქვს.

ორ დღეში ვერა, მაგრამ ხუთ დღეში, რამდენიმე ათასი მოწმობა, მართლაც, შეგროვდა. მათი დათვალიერება არც დაუწყიათ, რადგან ერთ-ერთი მათგანი გარედან ისე ჰგავდა უშიშროების თანამშრომლის „ქსივას“, რომ ყველა მას უყურებდა. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, აღნიშნული მოწმობები... მოსკოვის კორპუსების ლიფტის მუშაკებს ეკუთვნოდათ ანუ „ლიფტიორები“ და „კა-გე-ბე“-ს თანამშრომლები ერთი და იგივე მოწმობებით გადაადგილდებოდნენ. ყდა ასი პროცენტით ემთხვეოდა ერთმანეთს. როგორც გაირკვა, ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა, რომ მოწმობა ლიფტიორსაც უნდა ჰქონოდა, რადგან ბინის ქურდები სადარბაზოებში ხშირად ამბობდნენ, ლიფტიორები ვართო და მოწმობა არ არსებობდა. რაც შეეხება დიზაინს...

„ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც დიზაინის შექმნა ევალებოდა, უშიშროების თანამშრომლის მეზობელი იყო. მასთან ერთად, ხშირად, სათევზაოდ დადიოდა, ქეიფობდა და, რაღა თქმა უნდა, ინტერესის გულისთვის, მისი „ქსივაც“ ნანახი ჰქონდა. ჰოდა, გადაწყვიტა, არაფერი დაშავდებოდა, თუ ლიფტის შემკეთებლებსაც იგივენაირი „ქსივა“ ექნებოდათ. მერე ყველაფერი მარტივად მოხდა - როგორც გაირკვა, უშიშროების საბუთს მხოლოდ ის არ სცნობდა. ვიღაცამ სქემა მოიფიქრა, ჯერ ერთი თანამშრომელი აიყოლია, მერე - მეორე და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ სამეულმა, საერთო ჯამში, საწარმოოს დირექტორებს ორასი ათას მანეთზე მეტი წაგლიჯა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ფოტო-რობოტით მათი პოვნა უშიშროებას ნამდვილად არ გასჭირვებია. მათზე თვალთვალი დააწესეს და მაშინ, როცა ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს მიადგნენ, პირდაპირ, კაბინეტში დააკავეს. მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ უშიშროების მასხრად აგდებისთვის, დაკავებულებს სოლიდურ სასჯელს მიუსჯიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, 6-6 წელი ჩამოურიგეს. სამი დაკავებულიდან ორს, ვადაზე ადრე გათავისუფლებაც კი შეეხო, მესამე კი ტუბერკულოზით, ციხეში გარდაიცვალა.

„ყველაზე საინტერესო, იცით, რა იყო? ყველა ლიფტიორს მოსთხოვეს საბუთის ჩაბარება. ათეულობით მათგანს დაკარგული ჰქონდა, არ იცოდა, სად ეგდო და როცა საქმეში უშიშროება ჩაერთო, ლამის ყველამ გაიხსენა, სად ჰქონდა შემოდებულ-გადაგდებული. მას შემდეგ, მოსკოვის ლიფტიორებს მოწმობა აღარ ჰქონიათ“,-სიცილით დაასრულა ბატონმა თენგიზმა.

 ავტორი - ბათო ჯაფარიძე