ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ პირი ამოიკერა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ორი კრიმინალის დაუჯერებელი ისტორია 

 პროცენტულად, ქართველი „კანონიერი ქურდები“ ახლაც ჭარბობენ, რეალურად, მათ კონკურენციას ვერასდროს, ვერავინ უწევდა და უწევს. ადრე სპეციალური გადაცემაც კი გაკეთდა, სადაც ქართული და იტალიური ფენომენი შეადარეს ერთმანეთს. მართალია, იმ გადაცემაში „კანონიერ ქურდებს“ მაფიოზებად მოიხსენებდნენ, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ რაოდენობრივად, მსოფლიოში, ყველაზე მეტი მაფიოზი, სწორედ იტალიასა და საქართველოში იყვნენ. შესაბამისად, არცთუ იშვიათად, საბჭოთა კავშირის დროს, სხვადასხვა რესპუბლიკის სამართალდამცავები, ხშირად სთხოვდნენ ქართველ კოლეგებს დახმარებას. პრინციპით - „მუნჯის ენა დედამ იცის“ - ქართულ მილიციას თანამემამულეთა დევნა უფრო უადვილდებოდა.

 

„1988 წელს, სარატოვში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. საინტერესო, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მეთოდი იყო: ორი პიროვნება კარზე აკაკუნებდა, შემდეგ კი სახლის პატრონს ხელყუმბარას ანახებდა და ეუბნებოდა, თუ მეორე დღეს, დათქმულ ადგილზე, 10 ათას მანეთს არ მოიტან, ამ ხელყუმბარას ფანჯრიდან შემოგიგდებო. საინტერესო იყო ისიც, რომ დამნაშავეები მდიდარ ოჯახებს არ არჩევდნენ, მათთვის სულ ერთი იყო, ვინ იყო მსხვერპლი. შეშინებული ადამიანების ნაწილმა ფული ისესხა, ნაწილი კი მილიციაში მივიდა. მათი მონათხრობიდან ფოტო-რობოტი შეადგინეს და აღმოაჩინეს, რომ თავდამსხმელები მათთვის კარგად ნაცნობი „კანონიერი ქურდი“ მამია მანჯავიძე (მამუკა „ქუთაისკი“) და ცნობილი კრიმინალი, თემურ რუხაძე იყვნენ. დახმარება ქართველ სამართალდამცავებს გვთხოვეს და მივლინებაში მე წავედი“, - იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილზე ჩასულ ქართველ გამომძიებელს რუსი კოლეგები დიდი ინტერესით დახვდნენ. მათი ინფორმაციით, დამნაშავეები სარატოვში ატერორებდნენ ხალხს, მაგრამ სავარაუდოდ , სხვაგან ცხოვრობდნენ, რადგან მთელი ქალაქი ფეხზე დააყენეს და კრიმინალების ადგილსამყოფელს ვერსად მიაგნეს. ამიტომ, ახლომდებარე ქალაქების შესწავლა დაიწყეს, თუმცა ქართველმა გამომძიებელმა თქვა,  ჩვენებურებს დიდ ქალაქებში უყვართ ცხოვრება და დროსტარება, რადგან პატარა დასახლებები მათ ამბიციებს ვერ აკმაყოფილებსო.

მილიცია მორიგ დანაშაულს ელოდა, სწორედ ამ დროს, განყოფილებაში ადგილობრივი ქარხნის მუშა მივიდა და განაცხადა, გუშინ, სახლში, ვიღაც ორი კაცი მოვიდა, ხელყუმბარა გახსნა და ცოლ-შვილის დახოცვით დამემუქრა, თუ დღის პირველ საათზე, ათი ათას მანეთს სკვერში არ მივუტანო. საათის ისრები 12-ს აჩვენებდა და სამართალდამცავებმა სასწრაფოდ სპეცოპერაცია დაგეგმეს. იმის გამო, რომ სამოქალაქო ტანსაცმლით მაშინ თითქმის არავინ დადიოდა და ყველას მილიციის ფორმა ეცვა, მხოლოდ 11 ოპერატიული მუშაკის მობილიზება მოხერხდა. დაზარალებულს აუხსნეს, რომ კრიმინალების დანახვისას, ქუდი უნდა მოეხადა და თავზე ხელი გადაესვა.

„11 ოპერმუშაკი სკვერში ისე განვლაგდით, რომ იქიდან გაქცევა შეუძლებელი იყო. დაზარალებული წინ და უკან დადიოდა, მაგრამ გამომძალველები არ ჩანდნენ. მოულოდნელად, მან ქუდი მოიხადა და თავზე ხელი გადაისვა. 11-ვე ოპერმუშაკმა წრე შევკარით და მისკენ დავიძარით. იქვე, სკამზე, ახალგაზრდა კაცი იჯდა და ხატავდა. ჩვენს დანახვაზე, ფეხზე წამოხტა, იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო. ამ დროს, ბუჩქებიდან მეორე კაცი გამოჩნდა, ხელყუმბარას რგოლი შეხსნა და დაგვემუქრა, ავაფეთქებო. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ყველა დავიბენით, თუმცა იმან, რაც შემდეგ მოხდა, ყველაზე მეტად გამაოცა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ამის შემდეგ ყველაფერი, მართლაც, უცნაურად განვითარდა. ხელყუმბარის დანახვისთანავე, 11-დან 8 თანამშრომელმა მოკურცხლა და ადგილზე მხოლოდ ქართველი გამომძიებელი, სამძებროს უფროსი და მისი მოადგილე დარჩნენ. კრიმინალები მიხვდნენ, რომ სასწორი უკვე მათ მხარეს გადაიხარა და უმისამართო სროლა დაიწყეს, რასაც ორი ადამიანის დაჭრა მოჰყვა. სამართალდამცავებმა დევნა შეწყვიტეს და მათ წასვლის საშუალება მისცეს. განყოფილებაში დაბრუნების შემდეგ, გაქცეულ თანამშრომლებს უსაყვედურეს, მაგრამ ამას რაღა აზრი ჰქონდა? ცხადი იყო, რომ დამნაშავეები დიდი ხნით დაიმალებოდნენ და ასე თავზე ხელაღებით აღარ იმოქმედებდნენ. სამართალდამცავებმა მთელი აგენტურული ქსელი აამუშავეს და გაარკვიეს, რომ მანჯავიძეს მოსკოვში ოფიციალური ცოლი ჰყავდა, თუმცა საგულდაგულოდ მალავდა. ჯერ ერთი, მას არ სურდა, რომ მილიციას სცოდნოდა, ვინ იყო მისი რჩეული და მეორეც, მაშინ „კანონიერ ქურდებს“ ცოლის მოყვანას დიდად არ უწონებდნენ.

დაიწყეს თვალთვალი, გაარკვიეს, რომ ცოლი რიგითი სკოლის რიგითი მასწავლებელი იყო, არაფრით გამორჩეული, თუმცა გათხოვების შემდეგ, მას ძალიან, ძალიან ბევრი ოქროული გაუჩნდა. სწორედ მაშინ, როცა სამართალდამცავები მოსკოვის ბინას დარაჯობდნენ, ინფორმაცია მოვიდა - მანჯავიძე და რუხაძე კვლავ სარატოვში უნახავთ. მთელი ძალები ისევ იქით გადაისროლეს და გარეუბანში, რკალშიც მოაქციეს. ერთ მხარეს სამართალდამცავთა აურაცხელი რაოდენობა, მეორე მხარეს - გაუვალი ჭაობი, თანაც ადრეული შემოდგომა იდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჭაობის გავლა შეუძლებელი იქნებოდა. რკალი შევიწროვდა, დაპატარავდა და...

ეჭვმიტანილები ვერსად ნახეს. ექსპერტები ორი დღის განმავლობაში ამოწმებდნენ ჭაობს და ვერაფერი აღმოაჩნეს. მათ დადასტურებულად თქვეს - ამ ჭაობს ცოცხალი ადამიანი ვერ გაივლიდა და თუ მათ შესვლა გაბედეს, აუცილებლად დაიღუპებოდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მილიციას ყველაფერი კარგად ჰქონდა გადაკეტილი, ჩათვალეს, ძებნილებმა გასვლა მაინც სცადეს და ჭაობში ჩაიხრჩვნენ.

ორი კვირის შემდეგ, კვლავ აგენტურული ქსელის მეშვეობით გაირკვა, რომ ორივე ძებნილი ცოცხალი და საღ-სალამათი იყო. მხოლოდ მოგვიანებით, მათი დაკავების შემდეგ გაიგეს სამართალდამცავებმა - ორი დღის განმავლობაში, ისინი ჭაობში იმალებოდნენ, ბალახისგან მილი ჰქონდათ გაკეთებული, როცა სამართალდამცავები უახლოვდებოდნენ, ყვინთავდნენ და მილით სუნთქავდნენ. 48 საათიდან, მათ წყალქვეშ, 24 საათზე მეტი გაატარეს, რაც ნამდვილი საოცრება იყო.

მოსკოვის ბინაზე თვალთვალი კვლავ გაგრძელდა. მართალია, მანჯავიძე შინ არ გამოჩენილა, მაგრამ გარეუბანში მისი ცოლი წავიდა და ერთ-ერთ ბინაში შეიმალა. მოგვიანებით, იქიდან რუხაძე გამოვიდა, როგორც ჩანს, წყვილი მარტო დატოვა. სპეცოპერაციის ჩატარება გადაწყდა, მაგრამ ამაოდ - სამართალდამცავებმა მისვლა ვერ მოასწრეს, ძებნილებმა ბინა დატოვეს და... ავტომობილით სამართალდამცავებს დაუსხლტნენ.

„ბედისწერის მჯერა და კიდევ ერთხელ მაშინ ვიწამე, როცა მანჯავიძე, რუხაძე და კიდევ ერთი მათი მეგობარი დაკავებულები მოიყვანეს. სამი ოპერმუშაკი, ღამის მორიგეობის შემდეგ, კორპუსის ეზოში შევიდა, რათა იქვე ნაყიდი ღვეზელი ეჭამათ. ამ დროს ეზოში მანქანა გაჩერდა, იქიდან მანჯავიძე და რუხაძე გადმოვიდნენ, მესამე საჭესთან დარჩა. ოპერმუშაკებს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდათ, თუმცა რაციები არ ჰქონდათ, მობილური კი მაშინ არ იყო. ისინი დაელოდნენ, როცა ძებნილები სადარბაზოდან გამოვიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და ავტომობილს მაშინვე გარს შემოერტყნენ. კრიმინალებმა სროლა დაიწყეს, ოპერმუშაკებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რუხაძემ ხელყუმბარაც ისროლა, მაგრამ არ აფეთქდა. საბოლოოდ, ორმხრივი სროლის შედეგად, მანჯავიძე დაიჭრა, დანარჩენებს ტყვიები დაუმთავრდათ და ასე, სამმა კაცმა, მოულოდნელობის ეფექტის გათვალისწინებით, სამი ძალიან საშიში დამნაშავე დააკავა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მერე გაირკვა, რომ მამია მანჯავიძეს ტუბერკულოზის ბოლო სტადია ჰქონდა და ისედაც ცოტა ხანს იცოცხლებდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა, თუმცა მანჯავიძე ვერ დახვრიტეს - განაჩენის მოსმენის შემდეგ, პირი ამოიკერა და შიმშილით გარდაიცვალა. როგორც ვარაუდობენ, ასე შეგნებულად მოიქცა, რადგან დახვრეტილი ადამიანების სხეულებს ოჯახს არ აძლევდნენ, ასე გარდაცვლილი კი ოჯახს მისცეს და მანჯავიძე მშობლიური ბაღდათის მიწას მიაბარეს.

როგორც სამართალდამცავები ამბობენ, მამია მანჯავიძისდარი ჭკვიანი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ძალიან იშვიათია და რომ არა შემთხვევა, მას მილიცია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაიჭერდა.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე