მიდის თუ არა პოლიტიკაში ნაზი ჯანეზაშვილი? - ექსკლუზიური ინტერვიუ

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ისიც და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერები იქნებიან, რომ ნაზი ჯანეზაშვილი მალე საბჭოს წევრი აღარ იქნება: „არ გამოვრიცხავ, ადრეც გავაკეთე ეს განცხადება, რომ ნაზიბრლა ჯანეზაშვილი 24 ივნისის შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებას, მისი ყოფილი კოლეგის მსგავსად. მე, როგორც მოსამართლე და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი იქნებიან, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება".  

 ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 2017 წელს აირჩიეს. მას ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. „ვერსია“ სამომავლო კარიერულ გეგმებთან დაკავშირებით, ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა:

_ ნაზი, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, პოლიტიკაში გიხილოთ. ეს მართალია?

_საბჭოს წვერობის ვადა მეწურება 21 ივნისს, 4 წლის ვადით ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული და ძალიან მალევე გაიგებენ, სად ვაპირებ საქმიანობას, თუ ასე ძალიან აინტერესებთ ჩემი კარიერული განვითარება.

_ და ეს პოლიტიკა იქნება?

_ არა.

_ ესე იგი, ცდება ბატონი გვრიტიშვილი ამ შემთხვევაში, არა?

_ გვრიტიშვილი ბევრ რამეში ცდება, თუნდაც იმაში, რასაც ის ახლა აკეთებს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ. მისი მთელი სამოსამართლო კარიერა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ სიარული იმიტომ, რომ მოსამართლეებს უდიდესი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, განსაკუთრებით დემოკრატიის თვალსაზრისით და გვრიტიშვილი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია სასამართლო სისტემისა ამ წლების განმავლობაში, თუ როგორ იბრძვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის საზიანოდ.

_ ნაზი, როგორ შეაჯამებდით იუსტიციის საბჭოში გატარებულ 4 წელს?

_ შემაჯამებელი ბრიფინგიც მექნება, მაგრამ სიამოვნებით გაგიზიარებთ... ეს 4 წელი იყო საკმაოდ რთული იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად ვიყავი დაპირისპირების ობიექტი. თავდაპირველად, როცა საბჭოს წევრი გავხდი, მქონდა სურვილი და ინტერესი, რომ ძალიან მშვიდობიან გარემოში მემუშავა და გამოცდილება, რომელიც მიღებული მქონდა სასამართლოსთან დაკავშირებით აშშ-ში, საქართველოში... ის ინფორმაცია, რასაც ვფლობდი, ამ ქვეყნის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, გამომეყენებინა სხვაგვარად, ახალი ინიციატივებისა და იდეების დანერგვაში, რისი საშუალებაც არ მომეცა.

მთელი ეს წლები მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ საფუძვლიანად და კარგად წარმოვაჩინე სერიოზული პრობლემები, რომელიც სასამართლოშია. ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც ნერგავს ე.წ. კლანი. ძალიან ბევრი ფაქტი გამოვიტანე, გავასაჯაროვე და ქვეყნის ინტერესებისთვის არასდროს მიღალატია.