რატომაა ქვეყანა „დაბოღმილი“ და იზომება თუ არა პატრიოტიზმი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთელი ქვეყანა დაბოღმილია! - ეს შეფასება, შესაძლოა, ზოგს არ მოეწონოს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აგრესია პიკს აღწევს. არადა, წესით, ყველაფერი სხვანაირად უნდა იყოს, რადგან საქართველოში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია ეკლესიაა ანუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს მორწმუნედ მიიჩნევს და, რომ ჰკითხოთ, ათ მცნებასაც იცავს.

სინამდვილეში?

სინამდვილეში კი სახეზეა ფსევდო და მოჩვენებითი მართლმადიდებლობა, რასაც, სხვათა შორის, სასულიერო პირების ნაწილიც არ უარყოფს.

 

იზომება თუ არა პატრიოტიზმი

ზოგადად, აგრესიას ეროვნება არ აქვს და, ალბათ, ადამიანის ბუნებაა, მაგრამ რა ჯანდაბა გვეტაკა ქართველებს, რატომ ვართ ერთმანეთზე დაგეშილები? - ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა ფსიქოლოგები, რომლებიც პოლიტიკის მიმართულებით მუშაობენ, ამბობენ, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, შავ-ბნელი 90-იანი წლების გამოძახილია.

დიახ, ჩვენს ანუ ე.წ. მამებისა და უფროსების თაობაში, 90-იანი წლები მძიმედაა დალექილი, რასაც ვერ ვაცნობიერებთ.

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „მამათა და შვილთა ბრძოლა“ ახალი არაა. ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, ეს ბრძოლა სათავეს 1860-იანი წლებიდან იღებს. თავდაპირველად მამები და შვილები ერთმანეთს ლიტერატურული ნორმების გამო დაუპირისპირდნენ, თუმცა მოგვიანებით, ლიტერატურული პაექრობა იდეურში გადაიზარდა და ორი საუკუნეა, მამებისა და შვილების ბრძოლა აღარ სრულდება.

დღესაც, პრაქტიკულად, ამის მომსწრენი ვართ ანუ უფროსებს არ მოსწონთ ფერადი ახალგაზრდები და წუხან, რომ თუ გოგო-ბიჭები განსხვავებულ სასმისებსა და ხაშლამა-ჩაქაფულზე უარს იტყვიან, ამით ერი გადაგვარდება. არადა, ყველაფერი უფრო მარტივადაა - სამშობლოს სიყვარული არც ყანწებით იზომება და არც - ღიპითა თუ ფერადი ტანსაცმლით!

იმაში გასაკვირი, რომ ფერადი გოგო-ბიჭები, მაგალითად, ხორუმს არ ცეკვავენ, არაფერია - მამების თაობას რატომ დაავიწყდა, რომ ამ ასაკში თვითონაც, მაგალითად, „ტვისტის“ ცეკვა ერჩია „მთიულურს“?

ისე, საჭირო თუ გახდება, ეს ბავშვები მწყრალად არც ქართულ ფოლკლორთან იქნებიან და ამის ნათელი დადასტურება თუნდაც ის გახლავთ, რომ „სუხიშვილების“ კონცერტებზე ტევა არ არის ხოლმე, თუმცა ძველგაზრდებს არც ეს მოსწონთ და გაიძახიან, „სუხიშვილებმა“ ქართული ცეკვა მოკლესო.

რატომ არ გვაქვს, ან ვინ უნდა შექმნას ერის გამაერთიანებელი იდეოლოგია? - ეს კითხვა კი არა, დილემაა, დილემა, რომელიც ლამის სამი ათეული წელია, ვერ გადაგვილახავს.

ამასობაში კი, ერი გათითოკაცდა და დაიბოღმა. ბოღმიანებს უკეთესი მომავალი არსად და არასოდეს შეუქმნიათ!

თუ წესიერ, ნორმალურ და ძლიერ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ერთმანეთი ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც ვართ!

ბოლოს და ბოლოს, რატომ ვივიწყებთ, რომ ღმერთი სიყვარულია?!

ჰოდა, თუ უფლის გზით გვინდა სიარული, ხელს რა გვიშლის, რომ მოყვასი, რომელიც ჩვენნაირად არ აზროვნებს, რომელსაც ჩვენნაირად არ აცვია და თავისებურად უყვარს, შევიყვაროთ?

ფერადი გოგო-ბიჭები კი არა, ალბათ, ისინი უფრო საშიშები არიან, რომლებიც უფლით სახელით ძალადობენ!

ასეთები, სამწუხაროდ, ხშირად გვინახავს. მაგალითისთვის, 2013 წლის 17 მაისი გავიხსენოთ, როცა „ტაბურეტკიანი მამაო“ განსხვავებული შეხედულებების ახალგაზრდებს ლამის მოსაკლავად დასდევდა.

 

17 მაისის სინდრომი

ზოგადად, 17 მაისი, შესაძლოა, თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთგვარ წყალგამყოფად მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში, 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, ამ თარიღმა რაღაცნაირად, საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, ორივე მხარე, ესე იგი, ულტრანაციონალები და ულტრალიბერალებიც ყოველი წლის 17 მაისს ცდილობენ, ამ დღეს ერთმანეთს არათუ საკუთარი ძალა დაანახონ, არამედ, საკუთარი უპირატესობაც დაუმტკიცონ.

ადამიანებს რომ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ცხადზე ცხადია, მაგრამ ის მაინც უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ მორალისტობას თავი დავანებოთ და ერთმანეთს აღარც ქვეყნის სიყვარული ავუწონ-გავუზომოთ. თან, ეს აწონ-გაზომვა ძალიან უსაგნოა, თუნდაც იმ ფონზე, როცა მაგალითად, თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, ოკუპანტის ჯარ დგას, ცალკეული კერძო კომპანიები კი ჩვენს ეროვნულ საგანძურს ანადგურებენ. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს აზრად არ მოსვლია, რომ მაგალითად, სოფელ ტანძიაში ჩასულიყო და იქ არსებულ პრობლემებს სიღრმისეულად გასცნობოდა. ამიტომაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახეზეა ფარისევლური ზრუნვა ქვეყანაზე.

ამასთან, ისიც ხაზგასასმელია, რომ წამალდამოკიდებულება თავისუფლება არ არის და არც დასავლური თავისუფლება ნიშნავს აღვირახსნილობას. იგივე ევროპასა და აშშ-ში, ოჯახი წმინდათაწმინდაა და ამ კულტს აუგად არავინ მოიხსენებს.

ჩვენთან კი რა ხდება? ვიღაცებს ისე გამოჰყავთ, რომ თითქოს დასავლეთი ჩვენს ტრადიციებს ებრძვის. ეს უფრო რუსულ ნარატივს ჰგავს, ვიდრე - რეალობას!

სიმართლე თუ გვინდა, რეალობა ისაა, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვინმე „კეთილი ჯადოქარი“ თავის სტატუსში აღწერს:

მე მახსოვს თქვენიკასტეტებით სიარული, ჯინსის უკანა ჯიბეში მოთავსებული დანა, სახელოში შემალულისპიცი. მახსოვს სადარბაზოში დამალულიაბრეზი, მახსოვს თქვენიშეკეთებული სიგარეტი და კრუგში მოწეულიპლანი“. მე მახსოვს, თქვენი ავტორიტეტიკულინარიელები, „ვეძისელების გაზრდილები რომ ხართ, მახსოვს.

მე მახსოვსპერედოზით მკვდარი თქვენი მეგობრები, მახსოვსჩადების მსხვერპლი თქვენი მეგობრები, მახსოვს თქვენიტრუსიკის ძმაკაცები, „მომავლები რომ იყვნენ და დღეს აღარ არიან ცოცხლები.

მე მახსოვს მინდორში მოკრეფილი ტრუხა, მახსოვს ჩემი მაცივრიდან გამქრალისგუშონი და სარდაფში მოხარშულიმანაგუა.

მე მახსოვს, როგორ იშორებდით სხეულიდან არარსებულ მატლებს, მე მახსოვს, როგორ ტიროდით, რადგან ნიანგი ფეხებს გიღრღნიდათ, მე მახსოვს სუფრის კოვზში მოხარშული წამალი, მე მახსოვს ბავშვის (!!!) ტანსაცმელში (რომელიც მას ეცვა) დამალული შპრიცი.

მე მახსოვს რაღაც თეთრი წამლის ზოლები, რომელსაც დახვეული ქაღალდით სუნთქავდით.

მე მახსოვს, რომ ერთმანეთი დაჭერით და გაიმეტეთ.

მე მახსოვს, როგორ გძულდათ ეს ქვეყანა, როგორ გარბოდით და გადეპორტებდნენ. მე მახსოვს, თქვენი ღმერთიქურდებსწყალობდა.

ძალიან არ აატყლაშუნოთ ფრთები, ეგ თქვენი წარსულია, ჩემი - არა.

მე მთელი ცხოვრება წიგნის სათვალიანი ჭია ვიყავი და ისეთიჩმორი, რომ ზუსტად იცოდით, მაშინ ამაზე ხმასაც ვერ ამოვიღებდი.

გიცნობთ და მახსოვხართ. სხვებსაც ახსოვხართ.

მე არ მძულხართ თქვენ, არც თქვენ სიკვდილს ვნატრობ, უბრალოდ, მინდა, გადარჩეთ!

ავტორი: ნათია დოლიძე