საბედისწერო ნოემბერი - რატომ ვერაფერი ისწავლა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა სისხლიანი 7 ნოემბრისგან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ნოემბერი საქართველოსთვის საკრალური და საბედისწეროა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2007 წლის 7 ნოემბერი ის თარიღია, რომელმაც მხოლოდ მაშინდელი ხელისუფლების, ესე იგი, ნაციონალური მოძრაობის კი არა, პრინციპში, ქვეყნის უახლესი მომავლის ბედი გადაწყვიტა ანუ მართალია, ამ სისხლიანი დრამიდან 14 წელი გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ დღის ექო ქართულ პოლიტიკას ერთგვარ შლეიფად მოჰყვება და გარკვეულ „ფაზლსაც“ ქმნის. ისე, 7 ნოემბრის, ასე ვთქვათ, კომპლექსს თავს, როგორც ჩანს, ვერც ენმ აღწევს. ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ოპოზიციამ, უფრო სწორად, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ყოფილ ხელისუფლებასთან „ილინკება“, განაცხადა, რომ დიდ საპროტესტო აქციას 7 ნოემბერს გამართავს და არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებს. ეს განცხადება ენმ-ს ახლანდელმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა, რომელიც, სხვათა შორის, 2007 წლის ნოემბერში „ნაცმოს“ მოწინააღმდეგე იყო.

 საერთოდ, ადამიანის ტვინი ძალიან, ძალიან უცნაური ფენომენია - არავინ იცის, როდის რას „გაიხსენებს“, თან ისე, რომ პიროვნებას არაფერს ჰკითხავს. შესაძლოა, მელიას შემთხვევაშიც ასე მოხდა და აქცია 7 ნოემბერს ამიტომაც დააანონსა, მით უმეტეს, რომ ხმა დადის, ენმ-ში შიდა დაპირისპირებაა და მელიასა და მიშას გარემოცვა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვისო. შესაძლოა, ეს ჩველებრივი „ფეიკია“ და მეტი არაფერი, მაგრამ ჯერ ერთი, კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება, მეორეც, როგორც კი „ძირძველმა ნაცებმა“ გაიაზრეს, რომ 7 ნოემბერს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტი აქციის გამართვა წამგებიანი იქნებოდა, რადგან ადამიანებს 14 წლის წინანდელი სისხლისღვრა გაახსენდებოდათ, მაშინვე განაცხადეს, აქცია 7-ში კი არა, 6 ან 8 ნოემბერს იქნებაო.

ასეა თუ ისე, ისეთი პირი უჩანს, რომ წლევანდელი ნოემბერიც მშვიდი არ იქნება. ყოველ შეთხვევაში, ენმ-თან „დალინკული“ ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება, რომ დუღილის ტემპერატურა ასწიოს. სხვათა შორის, „ნაცები“ ხუმრობენ, თურმე, ნოემბერი ჩვენი თვეაო, მაგრამ ოცნებას, როგორც ამბობენ, კაცი არ მოუკლავს. ჰოდა, ოცნების უფლება ენმ-ს „სასტავსაც“ აქვს, თან კარგი იქნება, თუ ოცნებას თავს გაანებებენ და 14 წლის წინანდელ სისხლიან ამბებს, მინიმუმ, იმიტომ მაინც გაიხსენებენ, რომ საკუთარი მარცხის ალგორითმი ამოხსნან.

და მაინც, რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს? 

იმ წვიმიან დილას, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სულ რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ანტინაციონალური ფრონტის ლიდერებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. პირველი დაპირისპირებაც სწორედ ამ დროს მოხდა... საერთოდ, 2007 წლის შემოდგომაზე მასობრივი საპროტესტო აქციები ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერის გამო დაიწყო. მეტიც, სუბიექტი, რომელმაც „ვარდების საქართველოში“ ადამიანების „ტრუსიკ-მაიკით“ დაკავების პრაქტიკა დანერგა, ლამის ეროვნულ გმირად შერაცხეს, თუმცა ოქრუაშვილის გმირობის მითი საპნის ბუშტივით გასკდა - რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ, საგამოძიებო უწყებებმა „ოქროს“ თვითაღიარების ვიდეოკადრები გაავრცელეს. ითქვა, სააკაშვილის მეგობარყოფილმა წამებას ვერ გაუძლო და აღიარებაზეც ამიტომ წავიდაო. შესაძლოა, არც უამისობა იყო, მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო უცნაურად განვითარდა - პატიმრობიდან გათავისუფლებული „სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი“ საქართველოს ტოვებს და გეზს პარიზისკენ იღებს.

სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ იმ საქმეში, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი დღეს მსჯავრდებულია, მის წინააღმდეგ ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილსაც აქვს მიცემული, თუმცა დღეს, თავდაცვის ექსმინისტრი სააკაშვილის გათავისუფლების მომთხოვნთა სიაშია...

პარლამენტის წინ მიმდინარე მაშინდელი აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო... 7 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში ანუ მას შემდეგ, რაც გზის გადაკეტვის მცდელობას მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, ოპოზიციის მხარდამჭერები მთელი ქალაქიდან რუსთაველისკენ დაიძრნენ და... მოვლენები კულმინაციას 12:30 საათზე აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია აქციის დაშლას ხელკეტებით იწყებს.

12:50 საათზე, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს... მოწამვლის, ნევროლოგიური შოკისა და რესპირატორული გზების დამწვრობით, სამედიცინო დაწესებულებებს 250-მდე პაციენტი მიმართავს.

16:00 საათისთვის, საპროტესტო აქცია რიყეზე გადაინაცვლებს, სადაც ხალხს ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ. ამასობაში, აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი პარლამენტისკენ იძვრება.

რიყეზე სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერთა სატელეფონო საუბრებსა და მათი შეხვედრების ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს. ფარულ კადრებში შალვა ნათელაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები, ასევე, გოგა ხაინდრავა ფიგურირებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერები რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინირებდნენ.

საქართველო რუსეთიდან ელჩ ირაკლი ჩუბინიშვილს იწვევს. ამასთან, საგარეო უწყებაში რუს დიპლომატ ვიაჩესლავ კოვალენკოს იბარებენ.

17:40 საათზე, რიყეზე აქციის დარბევა იწყება. სპეცრაზმი კვლავ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

მოგვიანებით, ბადრი პატარკაციშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მომხდარს „ბოლშევიკურ პუტჩს“ უწოდებს.

20:55 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შედის. ტელევიზიასთან მოქალაქეები იკრიბებიან. საპატრულო პოლიცია ხალხს ხელკეტებითა და წიხლებით უსწორდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს... მოგვიანებით, „იმედის“ ჟურნალისტები იტყვიან, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები სასტიკად ექცეოდნენ - იატაკზე დააწვინეს და იარაღი დაადეს...

საერთოდ, აქციების დაშლისას ხელკეტებისა თუ ცრემლსადენი გაზის გამოყენება ზედემოკრატიულ ქვეყნებშიც აპრობირებულია. პოლიციასა და სპეცრაზმს ძალის გადამეტებაში ბრალს განვითარებულ ქვეყნებშიც სდებენ, თუმცა იმის პრეცენდენტი, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლებას ფსიქოტრონული იარაღი გამოეყენებინა, თითქმის არ არსებობს. საქართველო კი ამ მხრივაც პიონერია. ყოველ შემთხვევაში, შვიდი წლის წინ, კერძოდ, 2014 წლის ოქტომბერში, რუსული მედია სკანდალურ ცნობას გაავრცელებს, რომლის თანახმადაც, 2007 წლის 7 ნოემბერს, ნაციონალებმა მომიტინგეებს „ტვინზე სასიკვდილო დარტყმა“ მიაყენეს ანუ აქციის დასაშლელად, თითქოს, ფსიქოტორნული იარაღი გამოიყენეს...

სპეციალისტების მტკიცებით, ფსიქოტრონული იარაღის გამოყენების ძირითადი მიზანი იმ ადამიანთა განადგურებაა, რომლებიც არ ეგუებიან საზოგადოებაში „დამკვიდრებულ“ ცხოვრების წესს, საკუთარი ხედვით გამოირჩევიან, რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს მმართველი სისტემისთვის, რადგან მასობრივად გავრცელებული იდეოლოგიის საფუძვლების შერყევა შეუძლიათ. ასეთი ადამიანების პირდაპირი ლიკვიდაცია ყოველთვის აღძრავს გარკვეულ ეჭვს, ამიტომაც მათ მიმართ იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ ე.წ. არალეტალური  ღონისძიებები.

დანამდვილებით იმის თქმა, რომ 2007 წლის 7 ნოებერს, ნაციონალებმა მშვიდობიანი მომიტიგეების წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენეს, შეუძლებელია, თუმცა მაშინვე ყურადღება მიიქციეს ე.წ. რობოკოპის სამოსში გამოწყობილმა სპეცრაზმელებმა.

ამასთან, აქციის მონაწილეები მოგვიანებით გაიხსენებენ, რომ წყლის ჭავლისა თუ ცრემლსადენი გაზის პარალელურად, უცნაური ხმა ესმოდათ, რომელსაც ჯავშანმანქანა გამოსცემდა.

„რიყეზე უმძიმესად დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქის წინააღმდეგ გამოყენებული საშუალების კონკრეტული სახეობა საქართველოში ალტერნატიულმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა. მოგვიანებით, ჭრილობის ამსახველი ფოტოები ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უჩვენა ორ უცხოელ ექსპერტს, რომელთა დასკვნით, ეს „დუმდუმია“. ენციკლოპედიური განმარტებით, ე.წ. დუმდუმის ტყვია უმძიმეს ჭრილობას, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის წამებით სიკვდილს იწვევს და მისი გამოყენება ჰააგის კონფერენციამ ჯერ კიდევ 1899 წელს აკრძალა.

7 ნოემბერს დაზარალებული სამი ადამიანის საქმის გამო, ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნეს ბოლო განმარტება, რომლის თანახმადაც, დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭების ყველა შესაძლებლობას ისინი ამოწურულად, შიდა სამართლებრივ მექნიზმებს კი უსარგებლოდ მიიჩნევენ, ამიტომ უშუალოდ ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. ამჟამად პროკურატურაშია 2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებული კიდევ ორი მოქალაქის საქმე, რომლის გამოც გამოძიების მსგავსი პასუხის შემთხვევაში, ადვოკატები ასევე, სტრასბურგს მიმართავენ“, - ნათქვამია „რადიო თავისუფლების“ სტატიაში, რომელიც 2009 წლის 6 ნოემბრით თარიღდება.

მართალია, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის ცოდვა ჯერ კიდევ 2008 წელს მოინანია და თქვა, ყველას დიდი გავეთილი მოგვცაო, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებაში 2007 წლის სისხლიანი ნოემბრის ეპიზოდებიც ფიგურირებს.

ისე, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და, საერთოდ, ნაცმოძრაობის დასამარება, სწორედ 7 ნოემბრით დაიწყო. შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ 7 ნოემბერმა სხვა სახის პოლიტმანკიერებანიც გამოავლინა, კერძოდ, ნათელი გახდა, რომ ოპოზიციას, განსაცდელის მიუხედავად, ერთ მუშტად შეკვრა არ შეუძლია ანუ 7 ნოემბრის შემდეგ, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია კი შეიქმნა, მაგრამ როგორც იმხანად კულუარებში ამბობდნენ, ამ გაერთიანებაში შემავალ ყველა სუბიექტს კერძო ინტერესები ამოძრავებდა, რაც გამოჩნდა კიდეც: გაერთიანებულმა ოპოზიციამ იმდენი ვერ შეძლო, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ბადრი პატარკაციშვილისთვის დაეჭირა. ამიტომ, ცხონებული ოლიგარქი, რომელიც, პრაქტიკულად, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების მოტორი იყო, ვადამდელ არჩევნებზე მარტოხელა მგლის ამპლუაში მოგვევლინა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელსაც, როგორც ამბობენ, გარკვეულ ფინანსურ დახმარებას სწორედ პატარკაციშვილი უწევდა, ოლიგარქს კონკურენტად ლევან გაჩეჩილაძე „ჩაუსვა“. გაჩეჩილაძე კი, როგორც მოგვიანებით ბადრი ბიწაძემ განაცხადა, ფარულად, თურმე სააკაშვილს ხვდებოდა.

ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულის გაანალიზებით, სურათი ასეთია: ქართულ პოლიტიკურ ელიტას ჭირიც ვერ აერთიანებს.

ჰო, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ავადაა, მაგრამ ამის აღიარება არ უნდა და ამიტომაც, საბედისწერო შეცდომას შეცდომაზე უშვებს...