ზვიადიდან მიშამდე - მუშაობს თუ არა 21-ე საუკუნეში ფორმულა - „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი: ნინო დოლიძე

 ისინი ანუ ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი პროტოტიპები არ არიან, მაგრამ დიდი ხანია, ვიღაცები მათ შორის პარალელის გავლებასა და ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობენ. სხვათა შორის, ზვიადთან გატოლებას, პირდაპირ თუ ირიბად, თავად მიშაც ცდილობდა და ცდილობს. აი, თუნდაც ავიღოთ მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება. ვერ ვიტყვით, რომ ეს იგივე სცენარი იყო, რომლითაც ჩეჩნეთში დევნილი პრეზიდენტი სამშობლოში ჩამოვიდა, მაგრამ ვიღაცები მსგავსებას მაინც ხედავენ და ამბობენ, როგორც ზვიადმა გასწირა თავი, ისე მიშაც სწირავსო.

 სიტყვათა კომბინაცია - „თავი გასწირა“, შესაძლოა, ზოგს ეხამუშოს, მაგრამ გამსახურდიამ, რასაკვირველია, იცოდა, რომ საქართველოში ჩამოსვლით რისკავდა. ასევე, სააკაშვილიც ვერ იქნებოდა იმ აზრისგან თავისუფალი, რომ სამშობლოში, სადაც შიდა ძებნა იყო გამოცხადებული, დაიჭერდნენ.

სიკვდილსა და დაჭერას შორის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ თითქმის თვეა, სააკაშვილი სატუსაღოში შიმშილობს. შესაბამისად, ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ფატალური დასასრულის ალბათობა არსებობს. ამ სცენარზე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობენ, მაგრამ მოდით, გვეყოს გამბედაობა და პირდაპირ ვიკითხოთ - მესამე პრეზიდენტის გარშემო მოვლენების ფატალურად განვითარების შემთხვევაში, პრობლემა, რომელსაც მიშა ჰქვია, მოგვარდება?

ეს რიტორიკული კითხვა არ არის. ამიტომ, პასუხიც ერთმნიშვნელოვანია - ფატალურ შემთხვევაში პრობლემა არა, არ მოგვარდება!

რატომ?

მოდით, არცთუ შორეული წარსული გავიხსენოთ - შევარდნაძის ხელისუფლებას და, ალბათ, თავად ცხონებულ ამბროსის ძესაც ეგონა, რომ თუ ზვიად გამსახურდია აღესრულებოდა, იგივე, ე.წ. ზვიადისტების პრობლემა მოგვარდებოდა და სატანას თუ იუდას აღარავინ დაუძახებდა. მართალია, ოფიციალურად დღემდე არ დადასტურებულა, მაგრამ არაოფიციალურად ყველამ იცის, რომ სამეგრელოს ტყეებში, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, იმდროინდელი ქართული სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმის წევრებისგან შემდგარი რაზმები დასდევდნენ ანუ ეჭვი, რომ გამსახურდიას ლიკვიდაცია უმაღლესი ეშელონების ინტერესში შედიოდა, საფუძვლიანია და, მიუხედავად იმისა, რომ ზვიადის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა ითვლება, ვარაუდს, რომ ის მოკლეს, არსებობის უფლება აქვს.

ვის ინტერესში შედიოდა გამსახურდის მოკვლა? - ეს ვრცელი საუბრის თემაა. მოკლედ კი იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული მოძრაობის უპირობო ლიდერის სიცოცხლე ნერვებს კრემლს და, ასევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ჯგუფს უშლიდა.

ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამუშავდა მარტივი ფორმულა - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა, მაგრამ აპრობირებული მეთოდები ყოველთვის არ ამართლებს და ასე მოხდა გამსახურდიას შემთხვევაშიც - ზვიადის გარდაცვალების შემდეგ, ე.წ. ზვიადისტური მოძრაობა უფრო გააქტიურდა და სახელმწიფოს მეთაურებს კიდევ უფრო დიდი თავისტკივილი გაუჩნდათ.

სხვათა შორის, ე.წ. ზვიადისტების თემა არც 2000-იან წლებში განელებულა და ახლაც აქტუალურია. ამის თქმის საშუალებას კი იგივე 2 ოქტომბრის არჩევნების სამეგრელოს შედეგები იძლევა - ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილისთვის მიშა ახალი ზვიადია და შესაბამისად, ამ უკანასკნელის საქართველოში დაბრუნებამ ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელსაც გარდაცვლილი პირველი პრეზიდენტის მიმართ ემოციები ისევ აქვს, ამაღელვებლად იმოქმედა.

ახლა, რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, როგორც ექიმები ამბობენ, ადამიანმა შიმშილობას, შესაძლოა, მაქსიმუმ, ერთ თვეს გაუძლოს. სხვა საკითხია, სააკაშვილი ციხეში საკვებს, თუნდაც თაფლის სახით, იღებს თუ არა, მაგრამ ასეც რომ იყოს, მისი ჯანმრთელობა მონიტორინგის ქვეშაა და იგივე კონსილიუმი უშვებს ალბათობას, რომ შესაძლოა, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.

ერთი სიტყვით, ჰიპოთეტურად, ფატალურობის დაშვება შესაძლებელია, მაგრამ ისევ ჩნდება ის კითხვა, რაც გამსახურდიას შემთხვევაში არსებობდა - მიშას არყოფნით, პრობლემა მოგვარდება?

პასუხი აქაც ცალსახაა - არა!

რატომ? - იმიტომ, რომ მიშა ზვიადი კი არაა, მაგრამ მიშას ზვიადობა ყოველთვის უნდოდა ანუ მან იმთავითვე იცოდა, რომ თუკი გამსახურდიას ტიპის ლიდერის იმიჯს შეიქმნიდა, მიზანს აუცილებლად მიაღწევდა და ამიტომ, ამ დასახული ამოცანის შესრულებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა - ჯერ იყო და, ე.წ. ზვიადისტებთან შექმნა კოალიცია (ამის შესახებ ვრცლად, „ვერსიის“ ერთ-ერთ წინა ნომერში ვისაუბრეთ), მერე, როცა უკვე პრეზიდენტი აღარ იყო, პატრიოტული, აი, ისეთი, „ჯიგრიან ქართგველებს“ რომ მოეწონებათ, განცხადებების გაკეთება დაიწყო და, რაც მთავარია, ზვიადის მსგავსად, მიშამაც გაიჩინა ისეთი მიმდევრები, რომლებიც დღესაც მზად არიან, რომ მისთვის თავი გასწირონ.

აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ერთ-ერთმა ცნობილმა ქალბატონმა, რომელიც საზოგადოდ, თავს შუაშისტად ასაღებს, ცრემლმორეულმა თქვა, მას შემდეგ, რაც მიშა შიმშილობს, ღამე წესიერად აღარ მძინავს და საჭმელსაც რომ ვჭამ, დანაშაულის განცდა მაქვს, ის მშიერია და მე - მაძღარიო (?!).

ჰო, როგორც იტყვიან, კომენტარი თქვენთვის მომინდვია, თუმცა ფაქტია - ზვიადიზმი და იგივე მიშიზმი ერთგვარ იდეოლოგიად ჩამოყალიბდა, რომლის არსებობა-არარსებობაც პიროვნების არსებობა-არარსებობასთან არ არის კავშირში.

ზოგადად, ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისას რადიკალური კი არა, დიპლომატიური ზომების მიღება უფრო ამართლებს ხოლმე. იმასაც ყველანი ვხვდებით, რომ თავის დროზე, ზვიადის და ახლა მიშას ნაბიჯიც (სამშბოლოში დაბრუნება), თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო ანუ გამსახურდიასაც და სააკაშვილსაც სურდათ, პოლიტვითარება აეჭრათ. ეს გამსახურდიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძლო (სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში მშვიდი ვითარება არც ზვიადის ჩამოსვლამდე იყო).

რა შეძლო მიშამ? - მინიმუმ, ის მოახერხა, რომ პოლიტიკაში მთავარ აქტორად დაბრუნდა, მაგრამ რის ფასად? - ამაზე პასუხს დრო გასცემს.

ჰოდა, დაველოდოთ დროს. ხომ გაგიგიათ, ნათქვამია, ხვალეს ხვალე იტყვისო.

და, როგორი იქნება ეს ხვალე?

ამ კითხვაზე პასუხი, დაახლოებით, არცთუ მრავალწახნაგოვანია - 30 ოქტომბერს ყველაფერი კი არ დამთავრდება, არამედ, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ყველაფერი, სწორედ 30 ოქტომბერს დაიწყოს.

მოკლედ, დაველოდოთ და ყველაფერს ვნახავთ...