ისტორია დაიწერა - საქართველომ 6 ერის წარმომადგენელს მოუგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აქამდე ასე იყო - როცა საქართველოს რაგბის კავშირი ევროპელ კოლეგებს ეუბნებოდა,რომ ჩვენი ნაკრები ბევრად მეტს იმსახურებს და თუნდაც ექვსი ერის გადაკეთება შვიდ ერად შეიძლებოდა და იქ საქართველოს ადგილი იყო, არავინ უჯერებდა. უფრო ზუსტად კი, ევროპული რაგბის მამები პირდაპირ ამბობდნენ, ექვსი ერის არცერთ წარმომადგენელთან არ გაქვთ მოგებული და შესაბამისად, თქვენი ამბიციებიც გადაჭარბებულიაო.

10 ივლისს, ბათუმის არენაზე, მორიგ ტესტ-მატჩში, საქართველო სწორედ 6 ერის წარმომადგენელ იტალიას შეხვდა. მანამდე გამართული ოთხი მატჩიდან (ოთხივე სტუმრად), ბორჯღალოსნებმა ყველა წააგეს. ეს იყო მეხუთე სპარინგი და გვერწმუნეთ, აქ მარცხის შემთხვევაშ, საქართველოს უმაღლეს ოდნეზე ყველაზე ცოტა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აღარ განიხილავდნენ. ამიტომაც, ბიჭები მოედანზე ზე-მოტივირებული გავიდნენ და...

ეს იყო სასწაული, რომელიც ქართველმა მორაგბეებმა მოახდინეს. საწყის წუთებში გატანილი ორი ლელო და 12:0 გაქცეა, იტალიელებისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ცოტა ხანს აზრზე ვერ მოვიდნენ, შემდეგ კი გაახსენდათ, რომ 6 ერის წარმომადგენლები იყვნენ და ძალუმად შემოგვიტიეს. ერთი პერიოდი ჩვენი გუნდი ლამის გატყდა, თუმცა ქართველებმა იძალეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს. 28:19 ის ანგარიშია, რომელიც ყველა კითხვას პასუხს სცემს და მოგება ძალიან დამაჯერებლად ჩანს. რაც მთავარია, დამაჯერებელი იყო ჩვენი გუნდი, რომელმაც შემთხვევით კი არა, საქმით მოიგო. ახლა უკვე, ოვალური ბურთი მსოფლიო რაგბის მამების მოედანზეა და მათ სერიოზულად უნდა იფიქრონ იმაზე, საქართველოს ადგილი არის თუ არა ელიტაში. იმედია, რაგბის კავშირსაც 12-პუნქტიან გეგმას არ გამოუგზავნიან.