„ლორიენში“ დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წესითა და რიგით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველს, ზურიკო დავითაშვილს კარიერა ფრანგულ „ლორიენში“ უნდა გაეგრძელებინა, ფეხბურთელი საფრანგეთშიც ჩავიდა და... გარიგება არ შედგა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფრანგულ კლუბებს შემადგენლობაში, მაქსიმუმ, 10 არაევროკავშირელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ და ეს კვოტა „ლორიენს“ შევსებული ჰქონდა. წესით, დავითაშვილს ბრაზილიელის ნაცვლად უნდა ჩარიცხულიყო გუნდში, მაგრამ კლუბმა ლათინოამერიკელი ლეგიონერის გასხვისება ვერ მოახერხა და შედეგად, ჩვენებური სამშობლოში დაბრუნდა.

ამის მიუხედავად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ანუ 1 სექტემბრამდე, დავითაშვილი ევროპაში აუცილებლად წავა. მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა, თუმცა არჩევანი საფრანგეთზე იმიტომ შეჩერდა, რომ ამ ქვეყნის ჩემპიონატი ევროპის ტოპ-საუკეთესო ხუთეულში შედის და შესაბამისად, სამომავლოდ, კარიერის გასაგრძელებლად უფრო კარგი ვარიანტი იყო. ასევე, დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ დავითაშვილი ბათუმურ კლუბში არ დაბრუნდება. კარგა ხანია, ორმხრივი შეთანხმება მიღწეულია და აჭარული კლუბი არ აპირებს ახალგაზრდა ფეხბურთელს კარიერის უკეთეს ჩემპიონატში გაგრძელებაში ხელი შეუშალოს.