აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მხატვრული ფილმის გადაღებების გამო, 12, 19 და 26 ნოემბერს დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

კერძოდ, 12 ნოემბერს, 07:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მიხეილ წინამძღვრიშვილის, გიორგი ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

19 ნოემბერს, 07:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ტოვსტონოგოვის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. აღნიშნულ პერიოდში მძღოლები კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის, ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება 26 ნოემბერს, 09:00-დან 17:00 საათამდე, მოძრაობა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან კარგარეთელისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება. შესაბამისად, ავტომობილები აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან გადაადგილებას აღმაშენებლის გამზირსა და ტოვსტონოგოვის ქუჩის საშუალებით შეძლებენ.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში კერძო ავტომანქანების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ტოვსტონოგოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს „სტუდია-99“ იღებს. ქართულ-უცხოური პროექტი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს, ბულგარეთის, გერმანიის კინოცეტრებისა და საფრანგეთის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.