დაბლოკილები - ვინ არიან „შავ სიაში“ შეყვანილი რუსები და კონკრეტულად რა სანქციები დაუწესეს აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეიჭრა. მართალია, მასშტაბურ სამხედრო აგრესიას პუტინმა „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ უწოდა, მაგრამ სამაგიეროდ, დასავლეთი - აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი გაერთიანდნენ და რუსეთის ინტერვენციას უმკაცრესი ფინანსური სანქციებით უპასუხეს. მეტიც, ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი „დაარღვია“ საკუთარი ნეიტრალიტეტი და სანქციებს შეუერთდა, რომელიც ორშაბათიდან, 28 თებერვლიდან ამოქმედდა. სხვათა შორის, უკრაინაში შეჭრის გამო, ეს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი შემთხევვა არაა - რუსეთი 2014 წელსაც დააჯარიმეს, მაგრამ არა ასე მკაცრად და მასშტაბურად.

 

მოკავშირეების „ყვითელი ბარათი“

აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე გააფრთხილეს და „ყვითელი ბარათი“ უჩვენეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ ომის შემთხვევაში, ამერიკა რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების ნაწილს სანქციებს დაუწესებდა. მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ბაიდენმა სანქციების „პირველი ტრანში“ აამოქმედა, რაც რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის სუვერენულ ვალს შეეხო. ამის შემდეგ, აშშ-მა სანქციები მოსკოვის პოლიტიკური „ელიტის“ წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებსაც დაუწესა.

„ჩვენ ვახორციელებთ სრული დაბლოკვის სანქციების ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტზე: რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციასა - VEB („ვნეშეკონომბანკი) და მათ სამხედრო ბანკზე („პრომსვიაზბანკი“); ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. ის ვეღარ შეძლებს ფულის მოზიდვას დასავლეთიდან; ჩვენ დავაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრებზე - ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს და უნდა გაიზიარონ ტკივილიც; ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ არ წავიდეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ვიდრე ევროკავშირში სანქციებზე მსჯელობდნენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სანქციები დაუწესა ხუთ რუსულ ბანკს. რაც მთავარია, პერსონალური სანქციები დაუწესა პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებს - ძმებ როტენბერგებს და გენადი ტიმჩენკოს, ხოლო საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ მფლობელ, რუს მილიარდერ აბრამოვიჩს ქონება დაუყადაღა. ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისთვის პირადი სანქციების აამოქმედა. მეტიც, დიდი ბრიტანეთი SWIFT-ის პროგრამიდან რუსეთის გათიშვასაც ემხრობა.

რა არის SWIFT-ი? - ესაა ბანკთაშორისი გადახდის საერთაშორისო სისტემა. SWIFT-დან რუსეთის გათიშვა გამოიწვევს ეკონომიკის 5-10%-ით ვარდნას; ექსპორტის 30-50%-ით შემცირებას; დეპოზიტებისა და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას და რაც მთავარია, გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, სანქციები ევროკავშირმაც გაამკაცრა. ევროპული სანქციები ექვს ძირითად სფეროს შეეხო: ფინანსურ სექტორს; ენერგეტიკის სექტორს; სატრანსპორტო სექტორს; ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ექსპორტის დაფინანსებას; სავიზო პოლიტიკას; სანქციების სიაში შეყვანილი დამატებითი პირებისა და სანქციების სიების ახალ კრიტერიუმებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უკვე სანქცირებული კომერციული ბანკები SWIFT-დანაც ჩაიხსნებიან. საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან გაითიშებიან ჯერ კიდევ არასანქცირებული რუსული ბანკებიც. გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს, დაბლოკოს რუსი ოლიგარქების აქტივები და ევროპის ბაზრებზე კაპიტალის ოპერაციებიც შეუზღუდოს. რაც მთავარია, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება გაყინოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები.

ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების ჯამური მოცულობა 643 მილიარდი აშშ დოლარია. ეს თანხა წარმოდგენილია სხვადასხვა აქტივების სახით - სხვადასხვა ვალუტასა და ოქროს რეზერვში. ცხადია, სანქციების შედეგად, ეს თანხა გაიყინება, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, ამ დროისთვის უცნობია, რა აქტივების გადატანა მოასწრო რუსეთის მთავარმა ბანკმა ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი საფრთხის ფონზე.

სხვათა შორის, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა პირველი პრეცენდენტია, როდესაც მსოფლიოს 20 უმსხვილეს ეკონომიკაში შემავალი ქვეყნის ეროვნული ბანკის რეზერვები დაბლოკეს. აქამდე დასავლეთმა სულ რამდენიმე ქვეყნის - ირანის, ვენესუელის, სირიისა და ავღანეთის ეროვნული ბანკების აქტივები გაყინა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ამ ზომების შემდეგ, რუსეთის ექსპორტ-იმპორტიც დაიბლოკება.

 

ევროპის „შავი სია“ - ბიზნესი და პოლიტელიტა

სუვერენული ვალის შეზღუდვა - სანქციები შეეხება რუსეთის სუვერენულ ანუ ქვეყნის საგარეო ვალს, რაც გადაჭრის შემოსავლების წყაროებს რუსეთის მთავრობის ან პრეზიდენტ პუტინის პრიორიტეტების დასაფინანსებლად.

ფინანსური სექტორი  - ამ სფეროში შეზღუდვები ფინანსურ თანამშრომლობას კრძალავს რუსეთის ხუთ უდიდეს ბანკთან, კერძოდ, „სბერბანკთან“, „ვნეშტორგბანკთან“ (VTB), „გაზპრომბანკთან“, „როსსელხოზბანკთან“ და „ვნეშეკონომბანკთან“ (VEB); იკრძალება რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი საწარმოების დაფინანსება; იკრძალება ფინანსების მიმოქცევა და ინვესტიციები რუსეთიდან ევროკავშირში - საქმე ეხება 100 000 ევროზე მეტ თანხას.

ტრანსპორტი - ამ სფეროში სანქციების მთავარი მიზანია ექსპორტის აკრძალვა ავიაციის, კოსმოსისა და მათთან დაკავშირებული სფეროებისთვის. ეს ზომები ეხება თვითმფრინავების ლიზინგსა და მსგავს სერვისებს.

ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ექსპორტის დაფინანსება - ეს ნიშნავს ამ სფეროს ჩამონათვალის გაფართოებას. გათვალისწინებულია იმ კომპანიების სიის გაზრდა, რომლებიც ორმაგი დანიშნულების საქონლის საბოლოო მომხმარებლები არიან. სანქციები არ ეხება მხოლოდ სამხედრო სფეროში მოქმედ კომპანიებს, გაიზრდება აკრძალული საქონლის ჩამონათვალიც.

სავიზო პოლიტიკა - ეს ნიშნავს უვიზო მოგზაურობის უფლების გაუქმებას რუსეთის დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის და გამარტივებული სავიზო პროცედურების გაუქმებას მათთვის, რომლებსაც სამუშაო პასპორტები აქვთ.

სანქციების სიაში შეყვანილი დამატებითი პირები და სანქციების სიების ახალი კრიტერიუმები - სანქციების სიაში დამატებით იმ პირებსაც შეიყვანენ, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ან მოგებას ნახულობენ მიმდინარე აგრესიიდან. ეს ნიშნავს, რომ სანქციები შეეხება რუსეთის სახელმწიფო დუმის ყველა წევრს, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს, ასევე, ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრას.

ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას ნიშნავს ევროკავშირის სანქციები - პირველ რიგში, ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვას. მეტიც, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ანგარიშებისა და ქონების გაყინვას. ახლა, სფეროების მიხედვით ჩავშალოთ, ვის შეეხება ეს აკრძალვა:

თავდაცვა - სერგეი შოიგუს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს; ანტონ ვაინოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; მარატ ხუსნულინს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს მშენებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში; დიმიტრი გრიგორენკოს, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსს, რომელიც VTB-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; მაქსიმ რეშეტნიკოვს, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, რომელიც ვითიბი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და ასოცირებულია ვითიბი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან, დიმიტრი გრიგორენკოსთან; ადმირალ ნიკოლაი ევმენოვს, რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების მთავარსარდალს; სანქციები შეეხება ვიცე-ადმირალ ვლადიმირ კასატონოვს, რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოადგილეს; ადმირალ იგორ ოსიპოვს, შავი ზღვის ფლოტის მეთაურს; არმიის გენერალ ოლეგ საიუკოვს, რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალს; არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალს; გენერალ-ლეიტენანტი სერგეი დრონოვს, რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების მეთაურსა და საჰაერო და კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილეს.

კომერციული ბანკები - „როსია“; „ვნეშეკონომბანკი“ (VEB); „პრომსვიაზბანკი“ (PSB). სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ბანკი „როსია“ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირების „პირადი“ ბანკია. მას იყენებენ ძალაუფლების მქონე ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაზე. ბანკ „როსიას“ აქვს მნიშვნელოვანი აქციები ეროვნულ მედიაჯგუფში, რომელიც, თავის მხრივ, აკონტროლებს რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზისებს. ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ბანკმა „როსიამ“ ყირიმსა და სევასტოპოლში ფილიალები გახსნა;

„ვნეშეკონომბანკი“ (VEB), 53 მილიარდი დოლარის აქტივების პორტფელის მფლობელია და რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების პირველ ხუთეულში შედის. სწორედ ის აფინანსებს რუსეთის ეროვნულ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის, ფართომასშტაბიან პროექტებს შიდა ინფრასტრუქტურისა და სხვა ინდუსტრიების განვითარების მიზნით.

„პრომსვიაზბანკი“ (PSB) რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის თავდაცვის სექტორს აფინანსებს. ის ემსახურება რუსეთის თავდაცვის კონტრაქტების თითქმის 70%-ს. საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა სანქციები დაუწესა PSB-ის კუთვნილ ხუთ გემს, რომლებიც დაყადაღებულია. კერძოდ, Baltic Leader - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი; Linda - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნედლი ნავთობის ტანკერი; Pegas - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნედლი ნავთობის ტანკერი; Fesco Magadan - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი; Fesco Moneron  რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი.

ბიზნესი - სანქციები შეეხო ანდრეი კოსტინს, რუს ბანკირსა და ფინანსისტს, „ვნეშტორბანკის“ (VTB) მმართველი საბჭოს დირექტორს. სხვათა შორის, ვითიბი საქართველოშიც ოპერირებს და ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, სერგეი სტეპანოვია. ანდრეი კოსტინი პოლიტიკური პარტია „ერთიანი რუსეთის“ (Единая Россия) უმაღლესი საბჭოს წევრია. გარდა ამისა, კოსტინი ყირიმში ღვინის ქარხანასა და მდიდრულ სასტუმროსაც ფლობს; იგორ შუვალოვი - სახელმწიფო განვითარების კორპორაცია VEB.RF-ის თავმჯდომარე და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს წევრია.

მასმედია - მარგარიტა სიმონიანი, პროპაგანდისტული ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის (Russia Today) მთავარი რედაქტორია;  

მარია ზახაროვა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი; ვლადიმირ სოლოვიოვი - პროპაგანდისტი ჟურნალისტი; ინტერნეტის კვლევის სააგენტო - „ტროლების ფაბრიკა“; კონსტანტინ კნირიკი - პროპაგანდისტული News Front-ის რუსული ბიუროს ხელმძღვანელი; ალექსეი პუშკოვი - რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, ტელეშოუ „პოსკრიპტუმის“ წამყვანი; პიოტრ ტოლსტოი - რუსეთის დუმისა და PACE -ს წევრი, ტელეშოუს წამყვანი; ამავე სიაშია რუსეთის დუმის 251 დეპუტატი.

P.S. დაჯარიმებულთა სია ყოველდღიურად იცვლება - ამ სიას რუსეთის ბიზნესის, პოლიტიკური ელიტისა და მასმედიის წარმომადგენლები ემატებიან. ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი უცხოური კომპანია ტოვებს რუსეთს და სანქციებიც ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება...

 

პუტინთან დაახლოებული ოჯახები

აშშ-მა და ევროკავშირმა მკაცრი სანქციები დაუწესა პუტინის გარემოცვას. ეს სია დენის ბორტნიკოვით იწყება, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილია. დენის ბორტნიკოვი ახლა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის ვითიბი ბანკის საჯარო სააქციო საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე და ბანკის მართვის საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ.

პიოტრ ფრადკოვი - რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილია. ის „პრომსვიაზბანკის“ (PSB) თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. პიოტრ ფრადკოვი სააქციო საზოგადოება „რუსულ საექსპორტო ცენტრსაც“ ხელმძღვანელობს. ეს ცენტრი, როგორც VEB-ის შვილობილი კომპანია, უკვე დაბლოკილია.

სანქციები შეეხო ევგენი პრიგოჟინს, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს, მეტსახელად, „კრემლის მზარეულს“. სხვათა შორის, პრიგოჟინი ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერ“ ჯგუფის მფლობელია. პრიგოჟინის დაფუძნებულია კომპანია Concord-ი, რომელსაც  2019 წლის ნოემბრამდე ფლობდა და მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების ჯგუფიც, მათ შორის, Concord Management and Consulting LLC და Megaline LLC. ეს ჯგუფი იღებს და ასრულებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ დიდ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომლებიც ემსახურება ყირიმის ანექსიას და მხარს უჭერს რუს სეპარატისტებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ვიოლეტა პრიგოჟინა - ევგენი პრიგოჟინის დედა, რომელიც Concord Group-ის საკუთრებაში არსებული შპს Concord Management and Consulting-ის მფლობელია; ლიუბოვ პრიგოჟინა - ევგენი პრიგოჟინის მეუღლე, შპს Agat-ის მფლობელია, რომელიც შპს Concord Management and Consulting-ის შვილობილი კომპანია გახლავთ.

ვლადიმერ კირიენკო – რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს შვილია. ის VK Group-ის ანუ რუსეთის უმსხვილესი სოციალური ქსელის - ВКонтакте მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია. ვლადიმირ კირიენკო ადრე მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია Rostelecom-ში.

ამ პირების საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი, ქონება, რომელიც არის შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან მართვაში, დაბლოკილია.

 

სანქციებს მთელი მსოფლიო შეუერთდა

დავიწყოთ ჩინეთით, სადაც ორი უმსხვილესი ბანკი რუსული საქონლის შეძენის ფინანსირებას წყვეტს. ჩინეთის გარდა, მკაცრ სანქციებს კანადაც შეუერთდა. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, უმკაცრეს სანქციებს დაუწესებენ პუტინს, მისი ადმინისტრაციის უფროსსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

გარდა ამისა, კანადა სანქციებს დაუწესებს ბელარუსსა და მის ლიდერებსაც, რადგან ისინი პუტინის უკრაინის შეჭრას ხელს უწყობდნენ. ტრუდოს განცხადებით, კანადა მხარს უჭერს რუსეთის ამოღებას SWIFT-დან.

საყოველთაო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ნეიტრალური შვეიცარიაც შეუერთდა. მეტიც, შვეიცარიამ ფინანსური სანქციები დაუწესა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

შვეიცარიის იუსტიციის მინისტრმა, კარინ კელერ-სატერმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა პუტინთან დაახლოებულ ხუთ ოლიგარქს, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბულგარეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს მათი ქვეყნების საჰაერო სივრცეები ჩაუკეტა.