„უკრაინაში ყველაზე დიდი პრობლემა საწვავის დეფიციტია“ - სად დგას ყველაზე მწვავედ ჰუმანიტარული პრობლემა - ლაშა დიაროვი კიევიდან ფრონტის ბოლო ცნობებით

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

  თათია გოჩაძე

 უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვის ფონზე დაიწყო. უკვე მე-19 დღეა, უკრიანის არმია და მოსახლეობა ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმებს. ათეულობით დაღუპული ბავშვი, დაბომბილი საბავშვო ბაღები და სამშობიარო საავადმყოფოები, მილიონზე მეტი ლტოლვილი საკუთარი სამშობლოდან და განადგურებული ინფრასტრუქტურა - ეს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ შედეგია... საომარ ვითარებაში უკრაინელების დასახმარებლად საქართველოდან არაერთი ადამიანი გაემგზავრა. მათშორისაა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი ლაშა დიაროვი,  რომელსაც კიევში „ვერსია“ დაუკავშირდა. გთავაზობთ ინტერვიუს:    

_ სიტუაცია მარტივი არაა. კიევთან ბრძოლა არ შეწყვეტილა. კიევის გარშემო რუსები ცდილობენ ალყის ორგანიზებას. ბრძოლები მიმდინარეობს ჩრდილოეთით - გოსტომელთან, ბუჩასთან, ირპინთან, ფაქტობრივად, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებია უკვე მერამდენე დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქალაქები, რადგან ამ ქალაქების აღების შემთხვევაში, კიევი ალყაში მოექცევა. ჩვენი ბიჭები ყველანაირად ცდილობენ, დაიცვან ეს ქალაქები და არ მისცენ მტერს წინსვლის შესაძლებლობა. ასევე ბრძოლა მიმდინარეობს ბრავარის მიმართულებით და რამდენიმე დღის წინ კონტრშეტევაც კი განახორციელეს უკრაინულმა ძალებმა და გაათავისუფლეს ბრავარი რუსებისგან, თუმცა იქაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს ბრძოლა. უზარმაზარი დანაკარგი აქვთ რუსებს როგორც ბრავარის, ასევე ჩრდილოეთის მიმართულებითაც. ფაქტობრივად, რამდენიმე რუსული კოლონა გაანადგურეს უკრაინელებმა. ტექნიკის ისეთი დანაკარგი აქვთ, თვალს ვერ გააწვდენ ბოლომდე. უამრავი ჯარისკაცი დაკარგეს რუსებმა, ავიაციის მიმართულებითაც აქვთ საკმაოდ სერიოზული დანაკარგი. რომ არა უკრაინელი ხალხი, მხოლოდ უკრაინული არმია, ალბათ, ვერ მოახერხებდა ასეთ წარმატებულ თავდაცვას. ხალხი მაქსიმალურად არის მობილიზებული, ჩაწერილი არიან ტერიტორიულ, სამოქალაქო თავდაცვაში. ყველანაირად ცდილობენ იარაღით, იარაღის გარეშე, „მოლოტოვის კოქტეილებით“, საკვებით ერთმანეთის დახმარებას და გვერდში დგომას. ეს თანადგომა, კონსოლიდაცია და ერთიანობაა, რაც უკრაინას დღემდე აძლებინებს.

დაბომბვა გრძელდება. დღეს საკმაოდ საინტერესო ამბის მომსწრენი გავხდით, დაახლოებით 6 რაკეტა ისროლეს რუსებმა და უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჰაერშივე მოახერხა ამ რაკეტების განადგურება. საბედნიეროდ, არ ჩამოვარდნილა კიევში არც ერთი.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს - ხარკოვი დიდი ხანია, ალყაშია და იბომბება, თუმცა ქალაქი არ დანებებულა, იქ უკრაინის დროშა ფრიალებს. ჩვენი ჯარები წინააღმდეგობას უწევენ რუსებს და მტერმა ვერ მოახერხა ვერც ხარკოვის, ვერც ოდესის აღება. სუმის მიმართულებითაც არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა, დაიბომბა ეს ქალაქი, თუმცა ქალაქ სუმს უკრაინელები აკონტროლებენ. დონბასშიც სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს და იქაც არ თმობენ პოზიციებს ჩვენი ბიჭები. თითქმის ყველგან, სადაც რუსებმა სცადეს შემოსვლა, სერიოზული წინააღმდეგობა დაახვედრეს უკრაინელებმა და ბევრი მიმართულებით უკუაგდეს მტერი.
პრობლემა გვაქვს მარიუპოლში, სადაც რამდენიმე დღეა, იწურება საკვების რესურსი და რუსებმა ვითომ „მწვანე დერეფანი“ გააკეთეს ხალხის გამოსაყვანად, მაგრამ დანაღმული აღმოჩნდა და მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი. წარმოიდგინეთ, ეს ჩვეულებრივი სამხედრო დანაშაულია! მოსახლეობას შეპირდნენ უსაფრთხო დერეფანს და ესროლეს! ამაზე ამაზრზენი საქციელი აღარ არსებობს და ამას ვეღარ გადააჭარბებენ. საბავშო ბაღებს, სამშობიაროებს ბომბავენ, ყველაფერს კადრულობენ და ამაზრზენად „ამართლებენ“, იმიტომ დავბომბეთ სამშობიარო, რომ სამხედროები იყვნენ შიგნითო. არადა, კადრები ხომ ყველამ ნახეთ, ქალები და ბავშვები იყვნენ მხოლოდ.

_ დიახ, სამწუხაროდ, დღეს დაიღუპა დაშავებული ორსული გოგო...

_ 70-ზე მეტი ბავშვია დაღუპული...

_ ლაშა, ჩვენ ყველა ვხედავთ ამ საშინელ კადრებს, დაბომბილ მშობიარე ქალბატონებს, დასახიჩრებულ და დაობლებულ ბავშვებს... თქვენს თვალწინ რა ხდება? როგორია ყველაფერ ამის საკუთარი თვალით დანახვა?

_ რა თქმა უნდა, მსხვერპლი აქ, კიევშიცაა, თუმცა იმხელა არა, როგორც მარიუპოლში და ხარკოვში. რასაც ვხედავ, იმას აღგიწერთ - აქ მოხუცები, ქალები, ბავშვები ცდილობენ, დედაქალაქი დატოვონ. სადგურის მოედანზე მოდიან უფასო მატარებლები, რომელთაც მოსახლეობა გაჰყავთ დასავლეთის მიმართულებით. აქ, ამ მონაკვეთში, მობილიზებულია უამრავი ადამიანი: ქალები, ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები, რომლებიც თავის რიგს ელოდებიან. როგორც კი საყვირის ხმა ჩაირთვება, რაც თითქმის გამუდმებითაა, მაშინვე ჩადიან მეტროში, გვირაბში, რომ თავი შეაფარონ. ბრძოლისუნარიანი მოსახლეობა რჩება ქალაქში, მათშორის ქალებიც, გვერდში უდგანან არმიას და ეხმარებიან ყველანაირად. მე რასაც ვხედავ, კიევის მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს ქალაქის დასაცავად.

_ ე.ი. საბრძოლო სულისკვეთება ისევ ნარჩუნდება მოსახლეობაში, ხომ?

_ იმ ქალაქებშიც, მელიტოპოლში, ხერსონში, სადაც რუსებმა მოახერხეს ოკუპაცია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერი აწამეს, მოსახლეობაში მაინც არ დაეცა სულისკვეთება და არ დანებდნენ... რუსები იცით, როგორ პოლიტიკას ეწევიან? - ხერსონის მოსახლეობას ჰპირდებიან, ვალებს გაგინულებთო, მაგრამ ასეთი დაპირებების, ძალადობის მიუხედავად, ეს ხალხი არ დანებდა. ყოველ დღე გამოდიან, აქციებს მართავენ, შიშველი ხელებით ეწინააღმდეგებიან რუსულ ძალას. ესაა ერის კონსოლიდირება და პატრიოტიზმი, რაც შეგიძლია, ყველაფერს რომ აკეთებ შენი ქვეყნის დასაცავად.

_ ჰუმანიტარული პრობლემის წინაშე დგას კიევი? მარიუპოლის გარდა, კიდევ სად არის საკვების პრობლემა?

_ ყველაზე მძიმე სიტუაცია მარიუპოლშია. კიევშიც დგას ეს პრობლემა, მაგრამ საკვები ჯერჯერობით არის. ყველაზე დიდი მაინც საწვავის პრობლემაა მთელ უკრაინაში. საწვავი ზოგგან არაა და სადაცაა, 15-20 ლიტრზე მეტს არ აძლევენ. აქ საკვები და მედიკამენტები მეტნაკლებად არის. მარიუპოლს უჭირს ახლა ყველაზე მეტად, რადგან იქ ელექტროენერგია გათიშულია, ხალხი ტელეფონებს ვერ რთავს, რომ დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

_ ლაშა, ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რასაც ქართველები აკეთებთ უკრაინაში... თქვენ ომის პირველივე დღიდან კიევში ხართ, არა?

_  მე ომამდე ჩამოვედი... ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც ქართველები აქ აკეთებენ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს „ქართული ლეგიონი“ და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, მეტი ისაუბრონ ამ ბიჭებზე, რადგან ეს ხალხი მართლა გმირები არიან. ცეცხლის წინა ხაზზე იბრძვიან და თუ ვინმეთი უნდა ვიამაყოთ, პირველ რიგში, ამ ადამიანებით. გიორგი ვაშაძე ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ეხმარება ქართველებს სხვადასხვა ქალაქიდან გამოსვლაში თანხითაც, ტრანსპორტითაც, საკვებითაც. საზღვარზე გადაჰყავს ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ  ერთი კეთილი სიტყვაც კი მნიშვნელოვანია. ის კი ისეთ საქმეს აკეტებს, ღმერთი არ დაუვიწყებს. რაც შეეხება სხვებს, ვნახე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოვიდა და იბრძვის. ამბობენ, რომ ელისაშვილიც ჩამოვიდა, რაც ძალიან მისასალმებელი და სასიხარულოა. ვიღაცებმა გააკრიტიკეს, მაგრამ აქ გასაკრიტიკებელი არაფერია. ისეთი სიტუაციაა, რომ თითოეული ადამიანის ჩამოსვლა მნიშვნელოვანი და გმირობის ტოლფასია, რადგან აქ არ არსებობს უსაფრთხო ადგილი.

_ საინტერესოა, როგორია თქვენი განწყობა ახლა, ომის მე-19 დღეს?

_ მალე ერთი თვე გავა, რაც ომი დაიწყო და საბრძოლო განწყობა არ ეცემა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, სხვის მიწაზე არ ვიბრძვით, თავს ვიცავთ აგრესორისგან. არავის დავუთმობთ უკრაინულ და ქართულ მიწას, არც ერთ ნაბიჯს, არც ერთ სანტიმეტრს და ვიბრძოლებთ ბოლომდე. არ აპირებს არც უკრაინელი და დარწმუნებული ვარ, არც ქართველი ერი დანებებას და იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ.