„ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი! “ - საქართველოს პრეზიდენტი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსმენენ. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსასვლელად პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრი კასიანოვთან ერთად შევიდა, სიტყვით გამოსვლამდე კი სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი გააჟღერა და პარლამენტარებს სთხოვა, წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი ომში დაღუპულებისთვის.

"მინდა იცოდეთ თქვენ, (მივმართავ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს), რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაგზასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს!

დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ, ქართველები ვართ! ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმას, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!

უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა - თავისი აჯანყებებით, რეპრესიებით და ჰოლოდომორით - დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისათვის", - თქვა პრეზიდენტმა მოხსენების დასაწყისში. მისი თქმით, უკრაინის და საქართველოს ისტორიები სიამაყისა და თავდადების ისტორიებია და რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, სწორედ ასეთი სასწაული შემართებით არის შესაძლებელი გამარჯვება.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, უკრაინა, მიუხედავად მძიმე დღეებისა, უკვე არის არა მხოლოდ გამარჯვებული, უკვე წარმატებულიც, რადგან მან შეძლო, "მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა."

"უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი.

დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა, ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს, რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს დრო აღარ დაბრუნდება!" - თქვა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ვერ შეეგუება ქიშპობას და მტრობას.

"თქვენ, აქ შეკრებილნი, ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“!

საზოგადოება კი, თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და, რაც მთავარია, ერთიანია.

დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე", - ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს.