„ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება“-ჯენკინსი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ბონი ჯენკინსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, "არასწორს" და "დეზინფორმაციას" უწოდებს იმას, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს.
ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც "ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას" დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.
ბონი ჯენკინსი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტს აფასებს. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შესვლაზე; რამდენად რეალურად მიაჩნია ბირთვული ომის საფრთხე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში ამერიკის პასუხი.
- ქალბატონო ელჩო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ცოტა ხნის წინ თქვენ საქართველოდან დაბრუნდით, სადაც ოფიციალური ვიზიტი გქონდათ. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?აქვე, რადგან საქართველოზე ვსაუბრობთ - რეგიონში ახლა ორი დიდი კონფლიქტია, შუაში კი საქართველო, რომლის 20%-იც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. უსაფრთხოების რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა საქართველო და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომია, ყარაბაღში კი სიტუაციაა გამწვავებული, მიიღებს თუ არა საქართველო ამერიკისგან დამატებით იარაღს, ან სხვა ტიპის სამხედრო დახმარებას?
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მიხარია, რომ გესაუბრებით. დიახ, ნამდვილად, ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოდან, თბილისიდან და პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა. პირველად ვიყავი საქართველოში და ძალიან ველოდი იქ ჩასვლას.
ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც წავედი იყო იმ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რომელიც საქართველოსთან გვაქვს. ჩვენ უკვე 30 წელია ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, უამრავ პროგრამაზე და ეს ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
ჩასული ვიყავი იმისთვისაც, რომ გვესაუბრა ბიოუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობაზე. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან მე კონფერენციაზე სასაუბროდაც ვიყავი ჩასული. ასევე ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან.
მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა. პირველად ვიყავი საქართველოში და ძალიან ველოდი იქ ჩასვლას... ჩვენ უკვე 30 წელია ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, უამრავ პროგრამაზე და ეს ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო...
იმის გათვალისწინებით, რა სიტუაციასთანაც გვიწევს გამკლავება, ვგულისხმობ, რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გავაჟღერე ის იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა გრძელდება და ზუსტად ასევე ვართ ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტისადმიც.
ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს.
იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ.
- საქართველოში ყოფნის დროს განცხადება გააკეთეთ და თქვით, რომ პერსონალური თავდასხმა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანზე და ამერიკის საელჩოზე უფრო დიდი კონტექსტის ნაწილია, რომელიც მთელს რეგიონში არსებობს. შეგიძლიათ ცოტა მეტი გვითხრათ ამაზე, რა იგულისხმეთ?
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში...
- ძალიან ბევრი დეზინფორმაცია. როგორც ვიცით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკა და სხვა ქვეყნების მთავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა.
დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა - და ასეც მოვიქეცი - ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში.
- ამ დეზინფორმაციის ნაწილია ისიც, რომ იმეორებენ, თითქოს „ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურს“. რას იტყვით ამაზე?
- ეს არასწორია. ეს დეზინფორმაციაა. არანაირი მცდელობა საქართველოს რაიმეში ჩათრევისა არა არსებობს. ვცდილობთ, რომ გავაღრმაოთ პროგრამები, თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ურთიერთობები და ასევე ვცდილობთ, რომ მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება.
- თქვენი კარიერის განმავლობაში, მუდმივად მუშაობდით ატომური უსაფრთხოების თემაზე. როგორ ფიქრობთ, არსებობს ატომური ომის საფრთხე? გამოიყენებს ვლადიმირ პუტინი ტაქტიკურ ატომურ იარაღს უკრაინაში? თუ ეს ასეა, მაშინ რა საფრთხეებს ხედავთ და როგორი იქნება ამერიკის პასუხი?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ატომური იარაღით მუქარა, რომ მათ შეწყვიტონ ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენების მუქარა, რომ მათ აღიარონ, რომ ეს არავის ინტერესებში არაა...
- ძალიან რთულია იმის გამოცნობა, რის გაკეთებას ცდილობს, ან რას გააკეთებს პუტინი. ასე რომ, ვერ გეტყვით გამოიყენებს თუ არა ის ატომურ იარაღს. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ის ძალიან ხშირად იმუქრება ატომური იარაღით და ამან, რა თქმა უნდა, შეშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ რუსეთის მახლობლად მყოფ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ატომური იარაღით მუქარა, რომ მათ შეწყვიტონ ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენების მუქარა, რომ მათ აღიარონ, რომ ეს არავის ინტერესებში არაა.
რაც შეეხება იმას, რას იზამს ამერიკა, ჩვენ განვიხილავთ იმას რისი გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მსგავსი მოხდება. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ იქნება და ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენება არ მოხდება.
- რისი თქმა შეგიძლიათ ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე? პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი „მძიმე საფასურს“ გადაიხდის, თუ ამ ტიპის იარაღს გამოიყენებს. რას ნიშნავს ეს „მძიმე საფასური“?
- ვფიქრობ, ამ დროისთვის პასუხს ასე დავტოვებთ. ამ ტერმინით „მძიმე საფასური“ გამოვხატავთ ჩვენ პოზიციას. დიდი მოცულობის დეზინფორმაცია ვრცელდება ბიოლოგიური, თუ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინას, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. ეს ინფორმაცია სრულიად არასწორია. დაგვჭირდა საკმაო დრო და რესურსი, რათა ამას გავმკლავებოდით.
დაგვჭირდა, ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი ქვეყნების შეხვედრის მოწყობა იმისთვის, რომ მათ ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ემუშავათ.
ასე რომ, მე ვეთანხმები იმას, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე თქვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რასაც რუსეთი აკეთებს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმისგან, რასაც ის ჩადის. თუმცა ასევე ძალიან შემაშფოთებელია ის, რისი გაკეთებაც შეიძლება რუსეთს სურდეს. საშიშია, რომ ქმნიან ყალბ ნარატივს იმაზე, რასაც თითქოს სხვა ქვეყნები აკეთებენ. ეს ინფორმაცია აბსოლუტურად მცდარია.
- რადგან ატომურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, უნდა გკითხოთ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზეც, რომელიც უკვე თვეებია რუსების კონტროლის ქვეშაა. აგვისტოში თქვენ თქვით, რომ გამოსავალი ამ სიტუაციიდან ისაა, რომ რუსებმა დატოვონ ტერიტორია და ომი დასრულდეს. თუმცა ახლა ოქტომბერია და რუსები კვლავ უკრაინაში არიან. რა იქნება ახლა? როგორ უნდა იმუშაოს სადგურმა ნორმალურად, რომ საფრთხე არ შეუქმნას უკრაინას, მის მიმდებარე ქვეყნებს და თუ საქმე ყველაზე უარეს ვერსიამდე მივა, რა იქნება ამერიკის პასუხი?
გვინდა, რომ ფრთხილები ვიყოთ ენერგოსაკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ წინ მიმავალ გზაზე სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ. ესაა ის, რასაც ვაკვირდებით და ამაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს...
- ამასთან დაკავშირებით სამი რამ შემიძლია ვთქვა. პირველ რიგში, კვლავ სიმართლეა ის, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში რუსეთის მიერ ტერიტორიის დატოვებაა. მეორე, ჩვენ არ აღვიქვამთ ამ ანექსიას ლეგიტიმურად, არ ვაღიარებთ მას და ეს ჩვენთვის უკრაინის ტერიტორიაა. რუსეთმა ის უნდა დატოვოს.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ სამუშაოებს, რომლებსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ატარებს. ისინი კომუნიკაციაში არიან უკრაინასთან და რუსეთთან და ცდილობენ, რომ სიტუაციას გაუმკლავდნენ და დარწმუნდნენ, რომ სადგურის უსაფრთხოება დაცულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ორგანიზაციას და მის დირექტორ რაფაელ გროსის და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ის დგამს.
ვფიქრობ, ეს ერთ-ერთია, რასაც ვაკეთებთ ამ საკითხის გადასაჭრელად. თუმცა როგორც უკვე გითხარით, ამასთან გასამკლავებლად საჭიროა, რომ რუსეთმა დატოვოს ტერიტორია და ჩვენ გავაგრძელოთ სიტუაციის მონიტორინგი და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავიცვათ სადგურის უსაფრთხოება.
- დიდი შვიდეულის შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ დასავლელ ლიდერებს მოსთხოვა, რომ რუსეთის სრული იზოლაცია მოახდინონ და მთლიანად უარი თქვან რუსულ გაზზე, ნავთობსა და ენერგიაზე. რამდენად რეალისტური გგონიათ ეს და როგორია ამერიკის პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
- ეს ერთ-ერთია, რასაც განვიხილავთ. გვინდა, რომ ფრთხილები ვიყოთ ენერგოსაკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ წინ მიმავალ გზაზე სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ. ესაა ის, რასაც ვაკვირდებით და ამაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს.
- მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და დასავლეთი უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან ეხმარებოდა, პრეზიდენტი ზელენსკი, სხვა უკრაინელი ოფიციალური პირებიც, მეტ იარაღს, მეტ დახმარებას ითხოვენ დასავლეთისგან. როგორ ფიქრობთ, აკეთებს თუ არა ამერიკა, დასავლეთი საკმარისს და კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას, რომ უკრაინას ამ ომში დაეხმაროს?
საქართველოში ყოფნისას ბევრ ოფიციალურ პირს ვესაუბრე. ისინი ხედავენ გამოწვევებს, რომლებიც შეშფოთებას იწვევს, მაგალითად, ცხოვრების ფასის მომატება და სხვა მსგავსი საკითხები...
- ამერიკა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ენერგიას, რესურსს და ფულს დებს ამაში. გვაქვს უამრავი საპრეზიდენტო გადაწყვეტილება, რომელიც შევასრულეთ, დიდძალი ფული დაიხარჯა და ძალიან ახლოს ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინას გადავცეთ ის დახმარება, რაც მათს სჭირდებათ.
რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ჩვენ ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები, რათა მათ გააკეთონ ყველაფერი საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად; რათა განაგრძონ რუსეთის უკან დახევა და დარწმუნდნენ, რომ რუსეთი დატოვებს მათ ტერიტორიას. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და პარტნიორებთან მუშაობას, რათა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც ჭირდება გადარჩენისა და ამ სიტუაციასთან გამკლავებისთვის.
- ინტერვიუს ბოლოს, კვლავ საქართველოზე მინდა გკითხოთ. თქვენ რუსების მიერ ქვეყნის მასობრივად დატოვება და საქართველოში გადასვლა ახსენეთ. განიხილავთ თუ არა ამას, როგორც უსაფრთხოების რისკს საქართველოსთვის?
- მე ამას ვუყურებ, როგორც სიტუაციას, რომელსაც ცხადია ყურადღება უნდა მიექცეს. საქართველოში ყოფნისას ბევრ ოფიციალურ პირს ვესაუბრე. ისინი ხედავენ გამოწვევებს, რომლებიც შეშფოთებას იწვევს, მაგალითად, ცხოვრების ფასის მომატება და სხვა მსგავსი საკითხები. ისინი აღიარებენ, რომ არსებობს საკითხები, რომლებთანაც გამკლავება საჭიროა.
უსაფრთხოების რისკებს რაც შეეხება - რა თქმა უნდა, ყოველთვის იქმნება საფრთხე, როდესაც ქვეყანაში მოულოდნელად მეტი ხალხი გყავს და ასეთ საკითხებზე უნდა იფიქრო. რამდენადაა ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი, ამაში არ ვარ დარწმუნებული და ამაზე ჩვენს ქართველ კოლეგებს უნდა გაესაუბროთ. თუმცა ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანების მოულოდნელ შემოდინებას მოჰყვება.
 
წყარო:ამერიკის ხმა