მაიკ ბრაუნი NBA-ის წლის მწვრთნელი გახდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გამოვლინდა. 2022-23 წლის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აირჩიეს „საკრამენტო კინგზის“ დამრიგებელი მაიკ ბრაუნი.

ბრაუნმა აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა ამ ნომინაციაში. 100-მა გამოკითხულმა ერთხმად გაიყვანა პირველ ადგილზე ამერიკელი სპეციალისტი და, შესაბამისად, ბრაუნმა 500 ქულა მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა „ოკლაჰომას“ დამრიგებელმა, მაიკ დეიგნოლტმა (164 ქულა), მესამე – „ბოსტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯო მაზულამ (77).

ბრაუნმა „საკრამენტო“ გასულ ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „კინგზმა“ ამ სეზონში 2006 წლის შემდეგ პირველად შეძლო პლეი ოფში გასვლა – გუნდმა რეგულარულში 48 მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი დაიკავა.

მაიკ ბრაუნი კარიერაში მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო მწვრთნელი. პირველად ეს 2008-09 წლების სეზონში მოხდა, როცა „კლივლენდს“ ხელმძღვანელობდა.