ნიკორწმინდას საფრთხე არ ემუქრება - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება სოციალური ქსელით 3 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სახურავიდან ჩამოსული სისველის გამო ზიანდება ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეშია აგებული. სააგენტოს თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ძეგლს საფრთხე ემუქრება.

სააგენტოს თანახმად, ტაძარში მონიტორინგი ბოლოს 2023 წლის აგვისტოში ჩატარდა. შემოწმდა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა.

„მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციაში.

უწყებისვე ინფორმაციით, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი).

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლებისა და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია. ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946175 ლარი“.

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გააგრძელებენ ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, „გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს“.

ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ორგანიზაციის, „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, ტაძრის სახურავიდან ჩამოსული ნალექით კედლის ქვები ზიანდება.

 

წყარო:რადიო თავისუფლება