როგორ ამოვიცნოთ და ვმართოთ სტრესი - ფსიქოლოგის რჩევები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ ყველასთვის სტრესულია. გარემო პირობები, რომელშიც არსებობა გვიწევს გვღლის, გვსტრესავს. ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ცხოვრების რაღაც პერიოდში განიცდის სტრესულ მდგომარეობას, თუმცა როგორ რეაგირებთ მასზე, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ უნდა ამოვიცნოთ სტრესი, დეპრესია და როგორ უნდა ვმართოთ ის, ამის შესახებვერსიაფსიქოლოგ ნატო მგალობლიშვილს ესაუბრა, გთავაზობთ ინტერვიუს:

_პირველ რიგში რა არის სტრესი და საიდან ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში?

ყოველდღიურ მეტყველებაში სიტყვა ‘’სტრესს’’ როდესაც ვიყენებთ, უმეტესწილად ვგულისხმობთ ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობას; იქნება ეს დაძაბულობა, ნერვიულობა თუ სხვა. თუმცა ადამიანები სტრესს განვიცდით იმ დროსაც, თუკი ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშნელოვანი სასიხარულო ამბავი ხდება; მაგ: სამსახურში დაწინაურება, ბავშვის შეძენა, პრიზის მოგება...

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც წარმოიშობა ის სიტუაციების საპასუხოდ, რომელიც ჩვენი ფსიქიკისთვის რთულად გადასამუშავებელი შეიძლება იყოს.

_რა სიმპტომები ახასიათებს დეპრესიას და როგორ ამოვიცნოთ ის?

დეპრესია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გახაგრძლივებული სტრესი. თუ ადამიანმა ვერ შეძლო დიდი ხნის მანძილზე სტრესთან გამკლავება - შეიძლება გადაიზარდოს დეპრესიაში.

დეპრესიას ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად ვიყენებთ მოწყენილობის, უხასიათობის აღსანიშნადაც. შეიძლება ადამიანს ასევე ქონდეს ძილის გადამეტებული მოთხოვნილება, დაერღვეს კვება, იყოს უენერგიოდ... მანამ სანამ თვითონ დაისვამს დეპრესიის დიაგნოზს, აუცილებელია მიმართოს ექიმს, რადგან შეიძლება ეს მდგომარეობა უბრალოდ გავდეს დეპრესიას.

_როგორ ებრძვის ადამიანის ფსიქიკა სტრესს და რა ხერხს იყენებს ამისთვის?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რა გვსტრესავს.

ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება ამ კონკრეტულ სტრესულ სიტუაციაში რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რაზე შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა და რა არის ჩვენი შესაძლებლობების და კონტროლის მიღმა.

კონკრეტული ფაქტი ხშირად არ არის თავისთავად პრობლემა, არამედ პრობლემა არის ხოლმე ჩვენი დამოკიდებულება ამ სიტუაციის მიმართ, ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენს რა შინაარსებს ვდებთ, რადგან ჩვენი ორგანიზმი სწორედ ამ შინაარსების შესაბამისად გამოწვეულ ემოციებზე რეაგირებს.

ასევე, უმთავრესია რომ საკუთარ თავს დაუსვა კითხვა - ,,ახლა მე რისი გაკეთება შემიძლია იმისთვის რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან’’, ამ კითხვით თავს დავეხმარებით რომ პრობლემის მოგვარებაზე დაიწყოს ფიქრი და არა თავად პრობლემაზე.

_როგორ დავიცვათ მოზარდები დეპრესიისგან?

დეპრესიისგან დაზღვეული არავინ ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია ხასისხიანი და ჯანმრთელი კომუნიკაცია. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი და გარშემომყოფების დახმარებით ვერ ვახერხებთ სტრესული სიტუაციების დაძლევას, სჯობს რომ მივმართოთ ფსიქოლოგს.

სწრაფი და დროული რეაგირებით პრობლემას გაღრმავების საშუალება აღარ მიეცემა.

_რა როლი აქვს ამ დროს მოზარდისთვის მშობელს?

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვერდით გვყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებსად ესმით ჩვენი, შეგვიძლია მათთან საუბარი და გაზიარება.

_რა რეკომენდაციები არსებობს დეპრესიაში მყოფი ბავშვის დასახმარებლად?

ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანმა ვერ შეძლო თავად გამკლავება რაღაც სიტუაციასთან, ემოციასთან და ეს გაგრძელდა დიდხანს. ვეღარც ოჯახი ან სამეგობრო ახერხებს დახმარებას, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია პროფესიონალის ჩართვა ამ საქმეში. შესაძლებელია მხოლოდ თერაპიით იყოს დაძლევადი, შესაძლებელია მედიკამენტებითაც სჭირდებოდეს დახმარება. თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე