სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

აფეთქება გვიან ღამით მოხდა სამტრედიის ქუჩის #2-ში მდებარე, 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქება მოხდა შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.

განახლება: 14 მარტს, დილის 9 საათისთვის თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია:

„დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.