დიდუბის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციისთვის საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე პირველი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირველი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ პირველი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირის N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10.

მისი თქმით, პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.