რატომ დააბა გავლენიანი ადამიანის ვაჟმა შეყვარებული სარდაფში, ჯაჭვებით

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, რეალურად, ფულით ძალიან, ძალიან ბევრ რამეს იყიდი, თითქმის ყველაფერს, მათ შორის, სიყვარულსაც. არ დაიწყოთ ახლა, ნამდვილი სიყვარული არ იყიდებაო. ჰო, სულ სიყვარულით გაგიჟებულები მიჰყვებიან 25 წლის მოდელები 80 წლის მილიარდერ კაცებს ცოლად და სულ სიყვარულით უკოცნიან სხეულს 25 წლის ბიჭები 80 წელს მიტანებულ „ბიზნესვუმენებს“. ამას გარდა, თითქოს, დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ მას, ვისაც ბევრი ფული აქვს, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ ეპატიება და ყველაფრის თუ არა, ბევრი რამის უფლება აქვს. ასეა, პრაქტიკულად, ყველგან და არც საქართველოა გამონაკლისი. ფულს მოაქვს გავლენა, გავლენას - ძალაუფლება, ძალაუფლებას - შესაძლებლობები.

 

„შვებულებიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, ისე მოხდა, რომ ივლისში დავისვენე და აგვისტო სამსახურში, ცხელ თბილისში უნდა გამეტარებინა. ცოლ-შვილი კი გავუშვი სოფელში, მაგრამ მე რა მეშველებოდა, მაგას ვფიქრობდი. სამუშაო დრო დასრულდა, სახლში წასვლა მეზარებოდა, თბილისური, საღამოს ხვატი იდგა, ორივე ფანჯარა ღია მქონდა კაბინეტში, მაგრამ ჰაერი არ იძვროდა. პერანგის ღილები ჯერ შევიხსენი, შემდეგ მთლიანად გავიხადე და ასე, წელს ზემოთ შიშველმა, კაბინეტში გადაადგილება დავიწყე, ეგებ, ცოტა გავგრილდე-მეთქი. ამ დროს, კარი გაიღო, ჯერ მორიგე შემოვიდა, მას კი ვიღაც ქალი შემოჰყვა. სასწრაფოდ ჩავისვი პერანგი, მაგრამ ქალის გაოცებული სახე მახსოვს, რადგან სავარაუდოდ უთხრეს, რომ განყოფილების უფროსთან მიდიოდა და ამ დროს ნახევრად შიშველი კაცი დახვდა ოთახში“, -იხსენებს მორიგ ისტორიას, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სანამ საუბარს დაიწყებდა, ქალი დაახლოებით ორი წუთი ოთახსა და მის პატრონს ათვალიერებდა, მერე ხელი ჩაიქნია, ხმადაბლა, მაგრამ გასაგონად ჩაილაპარაკა, სხვა გზა მაინც არ მაქვსო და დაიწყო.

„ქმარი ავარიაში დამეღუპა, ერთადერთი გოგონა შემრჩა, წვალებით გავზარდე, სულ კუდში დავდევდი და უმაღლესშიც მოეწყო. მიხაროდა, მეშველა-მეთქი, მაგრამ დაახლოებით, ერთი თვის წინ, შინ ვიღაც ბიჭმა მოაკითხა. როცა შვილს ვკითხე, ვინ არის-მეთქი, შეყვარებულიაო. არაფერს მიმალავდა და არც ეს დაუმალავს. პირველი, რაც არ მომეწონა, ბიჭის ცოტა თავხედური ტონი იყო, აშკარად ეტყობოდა ყველაფერზე, რომ შეძლებული ოჯახიდან გახლდათ, ამ ლაწირაკს მანქანაც კი საკუთარი ჰყავდა. მერე გავიგე, ერთ-ერთი ქარხნის დირექტორის შვილი იყო. ჩემს გოგოსაც ვუთხარი, ეგებ, შეეშვა, არ ვართ მაგის დონის-მეთქი, მაგრამ იუარა, ძალიან მიყვარს და მისგანაც იგივეს ვგრძნობო. დაახლოებით, ერთი კვირის წინ, შინ ვიღაც ქალი მესტუმრა, მითხრა, შენს გოგოს უთხარი, იმ ბიჭს თავი დაანებოს, ჩემს შვილსაც თავს ევლებოდა, მერე კი სასტიკად სცემა და მიატოვა, სამართალი ვერ ვიპოვე, არანორმალურიაო. მერე გავიკითხე, ხომ იცით, ქალაქში არაფერი იმალება და გავიგე, რომ კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როცა მასთან ურთიერთობის გამო, ერთ-ერთმა გოგონამ თავის მოკვლა სცადა და მამამისმა თოკიდან ჩამოხსნა. შვილს ვთხოვე, შეეშვი-მეთქი, თუმცა არ დამიჯერა და მესამე დღეა, შინ არ მოსულა. განგაში ავტეხე, ვის აღარ მივმართე, რომ ეშველათ, მაგრამ არავის არაფერი აინტერესებს. მეუბნებიან, ეგებ, გაიპარაო, შენთან ცხოვრება აღარ უნდოდაო. იმ ბიჭსაც მივადექი, მაგრამ ხელი აიქნია, მე რა ვიცი, შენი შვილი სად დადის, რამდენიმე დღეა, დავშორდიო. არადა, ვიცი, რომ მან გააქრო და ახლა ვფიქრობ, ხომ არ მომიკლა“, - განაცხადა ქალმა.

ბატონმა თენგიზმა კარგად იცოდა, ვისთან მოუწევდა ჭიდაობა და რა გავლენა ჰქონდა ბიჭის მამას. მან იცოდა ბევრად მეტი, ვიდრე ქალმა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ თუ საქმეს დაიწყებდა და ბოლოში გავიდოდა, ბიჭისთვის ხელის დაფარებას ვერც მამა შეძლებდა. ამიტომ, ქალს განცხადების დაწერა მოსთხოვა და საქმეს შეუდგა.

პირველი, რაც გამომძიებელმა გააკეთა, წინა დაზარალებულების მშობლები მოინახულა. ნაცემი გოგონას დედა ისევ ბოლო ხმაზე კიოდა, სწორედ მან გალახა ჩემი შვილი, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიეო, თავის ჩამოხრჩობა რომ სცადა, იმ გოგონას მამამ მხრები აიჩეჩა, რა ბიჭი, რის ბიჭი, ჩემი გოგო თავად ვერ იყო ფსიქიკურად კარგად, ახლაც საავადმყოფოშია, ცდილობენ, სუიციდის მცდელობის დროს დაზიანებული კისრის მალები და ხორხი აღუდგინონო. ეს ძალიან გასაკვირი იყო, რადგან პირველ ჩვენებაში გოგოს მამა ჯიუტად იმეორებდა, იმ ბიჭმა დამიღუპა შვილი, თორემ თვითმკვლელობამდე არ მივიდოდაო. მედპერსონალთან საუბრის შემდეგ, მეტ-ნაკლებად, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გოგონას ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებოდა, წამლები, რომლებიც აქ არ იშოვებოდა და ყველაფერი ეს, უზარმაზარი ფული ჯდებოდა და მამა ამ თანხას იხდიდა. გამოდიოდა, რომ ფულს გოგოს კი არა, ბიჭის მამა იხდიდა, სანაცვლოდ, კაცმა საჩივარი გაიტანა და ჩვენება შეცვალა.

ბიჭი დაკითხვაზე უწყებით გამოიძახეს, თუმცა ის განყოფილებაში არ მივიდა, მის ნაცვლად ადვოკატი გამოცხადდა და განაცხადა, რომ მისი კლიენტი ბევრს კითხულობს და მილიციაში სიარულის დრო არ აქვს, ამიტომ თუ დაკითხვა სურდა, გამომძიებელი მათთან სახლში უნდა მისულიყო, რათა ბიჭს... გზაში კითხვისთვის განკუთვნილი დრო არ დაეკარგა. ზემდგომებმა ბატონ თენგიზს „ურჩიეს“, რომ დაკთხვაზე თავად წასულიყო.

„რა თქმა უნდა, ეს შეურაცხმყოფელი იყო და ამით ეჭვმიტანილის მამამ თავისი ძალა მაგრძნობინა. რა უნდა მექნა? რეალური სამხილი არ მქონდა, მაგრამ ინტუიცია მეუბნებოდა, რომ სამივე დანაშაული სწორედ იმ ბიჭის ჩადენილი იყო და ახლა მხოლოდ იმას ვნატრობდი, დაკარგული გოგონა მკვდარი არ ყოფილიყო, თორემ ისე გადამალავდა, შეიძლებოდა, გვამი ვერასდროს მეპოვა. ცემის ფაქტი გამოძიებული და დახურული იყო, ბიჭი - გამართლებული, თვითმკვლელობის ფაქტზე კი, გოგონას მამა ამბობდა, ბიჭი არაფერ შუაშიაო ანუ მომჩივანიც კი არ მყავდა, ამიტომ სახლში ვეახელი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბიჭმა, მამისა და ადვოკატის თანდასწრებით, განაცხადა, რომ გაუჩინარებული გოგოს შესახებ არაფერი იცოდა და მას გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დაშორდა, რადგან თურმე, გოგონა მზად არ იყო ქორწინებამდე ურთიერთობისთვის ანუ მას არ ენდობოდა. გამომძიებელი გაწბილებული გაბრუნდა უკან, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო დარწმუნდა, რომ საქმე ნამდვილ დამნაშავესთან ჰქონდა, მაგრამ როგორ დაემტკიცებინა დანაშაული? ამიტომ, მისი გარემოცვის, სამეგობროს შესწავლა დაიწყო. სამეგობროში ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც ჩუმად, თავისთვის ვერ გიტანს, შურს, მთელი არსებით სძულხარ, მაგრამ რაღაცის გამო, მაინც შენს გვერდითაა. სწორედ ასეთი „მეგობარი“ უნდა ეპოვა გამომძიებელს და მიაგნო კიდეც, მაგრამ... ბევრი არც მან იცოდა. სამაგიეროდ, გამომძიებლისგან დავალება მიიღო, თუ რამე უცნაურობას შენიშნავ, მაშინვე მითხარიო. ჰოდა, სწორედ მეგობარმა თქვა, რამდენიმე დღეში, აგარაკზე მოუხშირა სიარულს, დღე არ გავა, იქ რომ არ ავიდეს, მაგრამ ყოველთვის მარტო დადის, თან არავინ ახლავსო. გამომძიებელი მიხვდა, რომ ეს ერთადერთი შანსი იყო და ამიტომ, როცა ბიჭმა აგარაკზე წასვლა დააპირა, უკან გაჰყვა. იქ მისულმა კი დაინახა, როგორ გადმოვიდა ბიჭი მანქანიდან, როგორ ამოიღო ცელოფნით რაღაც და როგორ შევიდა არა აგარაკის ეზოში, არამედ, ავტოფარეხში. გამომძიებელმა კარს ყური მიადო.

„იქიდან საუბრის ხმა გამოდიოდა, ყრუ, ჩუმი, მაგრამ მაინც ხმა. ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია, იარაღი ამოვიღე და შევვარდი. ავტოფარეხს ქვევით, სარდაფივით ოთახი ჰქონდა, კარიც კი ჰქონდა ოთახს, სწორედ იქ იყვნენ ბიჭი და ჯაჭვით კედელზე მიბმული გოგო. ჩემს დანახვაზე ბიჭი ჯერ გაოცდა, შემდეგ გაიღიმა, მაინც არაფერი გამოგივაო და წასვლა დააპირა, მაგრამ ბორკილები დავანახე. ხელი ამიკრა და რომ დამემორჩლებინა, იარაღის ტარი გამოვიყენე“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სწორედ ამ იარაღის ტარის გამოყენების გამო, გამომძიებელს საყვედური პირად საქმეში შეტანით გამოუცხადეს, არ იყო საჭირო ასეთი ძალით ჩარტყმაო, მაგრამ გოგონას დედა არ ჩუმდებოდა, არც გოგო იხევდა უკან და ბატონი თენგიზი მოხსნას სწორედ ამან გადაარჩინა. დანარჩენ ორ შემთხვევაზე, ბიჭს მაინც ვერაფერი დაუმტკიცეს, ამაზე კი... პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე