სკანდალი “რეტროში” - როგორ დასაჯეს ბათუმის ყველაზე ცნობილი სახაჭაპურეს მეპატრონეები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახაჭაპურე „რეტრო“, სადაც მუშაობდა ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის გამომგონებელი - გია აგირბა, დააჯარიმეს 30000 ლარით. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს კაცი მიმტანზე.

ვიდეოს Facebook-მომხმარებელი მარია ზოიძე ავრცელებს და წერს, რომ ეს კაცი, რესტორან "რეტროს" მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძეა და ის ფიზიკურად საკუთარ თანამშრომლებს უსწორდება. მოქალაქე წერს, რომ ამავე სახაჭაპურეში ის მენეჯერი იყო, თუმცა არაადამიანური მოპყრობის გამო მან სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა:
„მე პირადად, რესტორან „რეტროში“ მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდოPR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს. მათი აყვანიდან მალევე დაიწყო ამ ხალხის უპირატესად წარმოჩენა და გამუდმებით ჩვენი დაკნინება (გამომდინარე მფლობელის პრორუსული დამოკიდებულებიდან).
ამ სიტუაციაში რამდენიმე თვე მომიწია მუშაობა, თუმცა მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც რეტროს მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ პიკის საათებში, როდესაც უამრავი სტუმარი იყო რესტორნის შუა დარბაზში, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით „შემამკო“. თავი დამცირებულად ვიგრძენი და სამსახური მაშინვე დავტოვე.
გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა.“-წერს მაია ზოიძე

მომხდარი სკანდალის შემდეგ, „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თემო მგზავრიძეა, რომელიც აცხადებს, რომ რესტორნის მფლობელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში რუსეთის მოქალაქეებს აყენებდა, რაზეც მათ პროტესტი გამოთქვეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
"რაც მოხდა და რაც იყო ყველაფერი მოვუყევი. რაც ვიდეოში ჩანს, იქიდან ამოიღეს ყველაფერი. უშუალოდ ჩემს მიმართ არ იყო, მაგრამ ბევრი ადამიანის მიმართ იყო. გარეთ წამოიწია ჩემკენ, მაგრამ შემდეგ გაგვაშველეს. იმიტომ დაგვიპირისპირდა, რომ უფრო სწორედ პროტესტი გამოვთქვით ჩვენ, რომ ჩვენზე მაღლა აყენებდა რუსებს," - ამბობს მიმტანი.

რესტორნის სხვა თანამშრომლებიც ამბობენ, რომ ხელმძღვანელის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ადრეც ყოფილა და ამის გამო სამსახური არაერთმა თანამშრომელმა დატოვა.

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.
უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

შეფ-მზარეული გია აგირბა კი რამდენიმე დღეა ისრაელში, ქართული სამზარეულოს ფესტივალზე იმყოფება და აცხადებს, რომ „რეტროში“ მომხდარ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს:
„მეგობრებო!!!
რეტროში მომხდარ ინციდენტთან მე "გია აგირბას"არანაირი კავშირი არ მაქვს
გთხოვთ თავი შეიკავოდ ჩემი ლანძღვისგან
მე ვარ მზარეული და პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას რაც მე მევალება ხაჭაპურის გამოცხობა და ხარისხი
რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა ყველაფერი გაირკვევა
მე ადგილზე არ ვიმყიფებოდი თორემ ნამდვილად არ დაუშვებდი მსგავს შემთხვევას“ - წერს გია აგირბა სოციალურ ქსელში.