რა ქონებას ფლობს პარტია მოქალაქეების დამფუძნებელი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივით, მოტყუებულ პენსიონერებს სესხები უნდა გაუნულდეთ. საუბარია პანდემიის დროს მიღებულ ეგრეთ წოდებულ საშეღავათო პერიოდზე, როდესაც პენსიონერებს ბანკებმა თვითნებურად გაუხანგრძლივეს სესხის ვადა, რის გამოც სესხის ოდენობა გაიზარდა. გარდა ამისა, „მოქალაქეები“ ვეტერანების 100-ლარიანი დახმარების 200 ლარამდე გაზრდასაც ითხოვენ, მით უფრო ახლა, როდესაც პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება. „ვერსია“ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, რომელიც მისივე სხვა კოლეგა-დეპუტატებისგან განსხვავებით, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს.

 

ალეკო ელისაშვილის ბიოგრაფია

ვიდრე ალექსანდრე ელისაშვილის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, თვალი ბიოგრაფიას გადავავლოთ. დაიბადა 1978 წლის 17 იანვარს, თბილისში. საზოგადოება იცნობს, როგორც თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტს, პოლიტიკოსს, საბურთალოს დამოუკიდებელ დეპუტატს თბილისის საკრებულოში. თუმცა, ეს იქამდე იყო, ვიდრე პარლამენტის დეპუტატი გახდებოდა. მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში, არის პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

პოლიტოლოგიის მიმართულებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1996 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას „დილის გაზეთსა“ და „მერიდიანი 44“-ში. 1998 წლიდან იყო პროგრამა „ალიონის“ წამყვანი, მოგვიანებით მუშაობდა სახელმწიფო რადიოს პირველი არხისა და რადიო „ორის“ საინფორმაციო პროგრამების, ასევე გადაცემა „პიკის საათის“ წამყვანად, იყო რადიო „იმედის“ საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი.

2004-2007 წლებში მუშაობდა „მეცხრე არხის“ საინფორმაციო კორესპონდენტად. მოგვიანებით, 2004-2007 წლებში - რადიო „თავისუფლებაში“, ჟურნალისტად. 2006-2012 წლებში ასრულებდა თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს. 2007-2009 წლებში იყო ტელევიზია „მაესტროს“ ჟურნალისტი, 2008-2014 წლებში - ტელევიზია „კავკასიის“ ჟურნალისტი.

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე, შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა. ამ პოსტზე ალეკო ელისაშვილმა ელენე თევდორაძე შეცვალა.

2014 წლის 15 ივნისიდან იყო თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი. 2017 წლის 2 ოქტომბერს, ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა, რაც სამი დღით ადრე, საკრებულოში მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომლის თანახმად, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისში, მიწის ორი ნაკვეთი გადაეცა. საკრებულოს დატოვებისკენ ელისაშვილი სხვა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდებდა.

მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში, სადაც ხმათა 17.49% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. 2020 წლის 4 აგვისტოს, ახალი პარტია - „მოქალაქეები“ დააფუძნა.

2020 წლიდან, საქართველოს მეატე მოწვევის პარლამენტის წევრია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან - „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“.

2022 წლის მარტში, ალეკო ელისაშვილი უკრაინაში გაემგზავრა და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა.

 

დეპუტატის ქონება

ალეკო ელისაშვილის დეკლარაციის შესწავლით ირკვევა, რომ ერთ-ერთი, ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. ჰყავს მეუღლე - ირინა კილოსანიძე და ორი ვაჟი - ერეკლე და ალექსანდრე.

დეპუტატი 69.69 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის მიხედვით, ეს სახლი 2011 წელს, 43 000 აშშ დოლარად შეუძენია, რომლის თანამესაკუთრეები არიან ირინა კილოსანიძე და მანანა მელიქიშვილი.

ალეკო ელისაშვილს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა, 2001 წლის Nissan X Terra, რომელიც 2015 წელს, 5 000 აშშ დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების დროს, დეპუტატს თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 1 200 ლარი, ხოლო მეუღლეს - ირინე კილოსანიძეს, თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 800 ლარი.

ალეკო ელისაშვილს, პარლამენტის წევრობისა და პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის პოსტზე, წლის განმავლობაში, სახელფასო სარგოს სახით, 48 671.93 ლარი მიუღია.

დეპუტატის საკუთრებაშია 2 600 ლარად ღირებული ცეცხლსასროლი იარაღი CZ 97 B, რომელიც მეგობარს უჩუქებია. დეკლარაციის მიხედვით, წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის დასაფარად, ალეკო ელისაშვილმა ბანკში 21 310 ლარი გადაიხადა.

 

ავტორი: მაკა რუხაძე