გაძვირდება თუ არა გაზი მოსახლეობისთვის - ენერგეტიკული თამაშები და სემეკის სპეციალური განცხადება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი: მაკა რუხაძე

 რიგითი მოქალაქეებისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი არ გაძვირდება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია - სემეკ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ირკვევა, რომ ფიზიკური პირებისთვის გაზის ტარიფი არ ძვირდება. თბილისში - შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ხოლო რეგიონებში - შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საინტერესოა, რატომ აგორდა ჭორი გაზის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით და რატომ გაავრცელა სემეკმა განმარტებითი განცხადება.

 ყველაფერი ნოემბრის დასაწყისში, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“  მიერ გავრცელებული განცხადებით დაიწყო, რომელიც ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილებას ეხებოდა, ოღონდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. როგორც წესი, ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის ანუ იურიდიული პირებისთვის და უფრო კონკრეტულად, კერძო კომპანიებისთვის სემეკი გაზის მიწოდება/მოხმარების ტარიფებს არ ადგენს. მარეგულირებელი კომისია იურიდიული პირებისთვის მხოლოდ ტრანსპორტისა და განაწილების ტარიფებს განსაზღვრავს.  

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დერეგულირებულია და არ ექვემდებარება სემეკის სატარიფო რეგულირებას. აქედან გამომდინარე, კომპანიები არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს საბაზრო პრინციპების შესაბამისად განუსაზღვრავენ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურს და ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან  ერთი თვით ადრე აცნობონ ამის შესახებ“, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.             

იქიდან გამომდინარე, რომ „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „ინტერ გაზის“ არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის საფასური ს1 დეკემბრიდან ძვირდება, კომპანიებმა ისინი ერთი თვით ადრე გააფრთხილეს. შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო აბონენტები 1 დეკემბრიდან 1 კუბურ მეტრ გაზში 0.20 ლარით მეტს გადაიხდიან ანუ მათთვის ტარიფი 1.15 ლარი იქნება. ასეთივე ტარიფი დაადგინა შპს „ინტერ გაზმაც“, რომელიც ახალციხისა და ასპინძის რაიონებს ემსახურება. თუ კიდევ უფრო მეტად დავკონკრეტდებით, 1 დეკემბრიდან, რეგიონებში, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზი 21%-ით ძვირდება, ოღონდ გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არსებობს - ბუნებრივი აირის საფასური პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის არ ძვირდება!

კომპანიები - „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „ინტერ გაზი“ ტარიფის გაძვირების მიზეზად, როგორც საინვესტიციო ხარჯებს, ასევე ლარის კურსის ცვლილებას ასახელებენ აშშ დოლართან მიმართებაში.

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ არ ეხება ცვლილება თბილისში მოქმედი კომერციული ობიექტებისთვის. პასუხი მარტივია - მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „თბილისი ენერჯიმ“ დედაქალაქში მოქმედი არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის გაზის ტარიფი მარტის დასაწყისში 28%-ით ანუ 0.86 ლარიდან, 1.10 ლარამდე უკვე გააძვირა. რეგიონების მსგავსად, გაზის ძველი ტარიფი მხოლოდ პურის მწარმოებელ კომპანიებს შეუნარჩუნდათ.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათთვის კომუნალური ტარიფები შარშან, 2020 წელს გაიზარდა. დავიწყოთ დენის ტარიფით, რომელიც 1 კვტ/სთ-ზე, 3.5 თეთრით გაძვირდა. გაძვირება შეეხო დენის ტარიფის სამივე საფეხურის მომხმარებლებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იმ აბონენტებს, რომლებიც 300 კვტ/სთ-მდე მოიხმარდნენ ანუ ქვეყნის მოსახლეობის 95%-ს, ტარიფის ფასნამატი ერთი წლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირეს.

თბილისელებს მიმდინარე წლის იანვრიდან წყლის ტარიფიც გაუძვირდათ - გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის, 1 ტონაზე 0.33 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო გაუმრიცხველიანებლებისთვი, ერთ სულზე - 3.89 ლარიდან 4.52 ლარამდე.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფს, 1 ივნისიდან, თბილისის მოსახლეობისთვის გაზის საფასური 0.8 ლარით ანუ 0.46 ლარიდან 0.54 ლარამდე გაიზარდა.

მართალია, წელს გაზის ტარიფი მხოლოდ კომერციულ მომხმარებლებს უძვირდებათ და თითქოს, ტარიფის სიმძიმე მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, კერძო კომპანია გაზრდილი ტარიფის ხარჯს საკუთარი პროდუქციის გაძვირებით ამოიღებს. საბოლოოდ კი, პროდუქციის გაძვირება ისევ მოსახლეობის ჯიბეს დაარტყამს. და კიდევ ერთი, მართალია, ათი თვის წინ, გაზის ტარიფი თბილისში მოქმედი პურის მწარმოებლებისთვის არ გაძვირებულა და შესაბამისად, არც 1 დეკემბრიდან გაძვირდება რეგიონებში მოქმედი პურის საწარმოებისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, ერთი თვის წინ პური 1.10 ლარამდე მაინც გაძვირდა!