რას ემსახურება „უცნობის“ ახალი სკანდალური კლიპი „ღრუსი მოდის“ - ლელა ჯეჯელავას ანალიზი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გრუზინული“ სახის მეტყველების საუკეთესო ნიმუში“

„უცნობის“ ახალ კლიპზე „ღრუსი მოდის“ - „ვერსია“ ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ესაუბრა:

„კლიპი კარგად გადმოსცემს მისი ავტორის მენტალურ და სულიერ მდგომარეობას. ძალიან კარგად იკითხება ის პრობლემები, რაც საზოგადოების ამ ნაწილს აქვს ჩვენს ქვეყანაში და შემიძლია ვთქვა, რომ „უცნობი“ რეალურად წარმოადგენს საზოგადოების ამ ნაწილის გემოვმებასაც, ესთეტიკასაც, მენტალურ და სულიერ მდგომარეობასაც.

შესაბამისად, რომ გითხრათ, ჩემში რამე განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია, ასე ნამდვილად არ არის. ამას დავარქვი „იავნანა ქოცებისთვის“. პირველი ინფორმაცია, რაც მოიტანა ამ კლიპმა ჩემთვის, არის ეს და ამ ადამიანების პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ასეთი კატეგორიებით აზროვნებენ.

რაც უნდა ამტკიცონ, როგორც არ უნდა შეეცადონ და უთხრან საზოგადოებას, რომ ეს კლიპი არის შექმნილი მათ ოპონენტებზე, სრულიად უნაყოფო იქნება, რადგან შეუძლებელია, ასეთი ალუზიები, პერვერსიები გაჩნდეს, ამას თუ არ განიცდი... შესაბამისად, არაფერი ამაში გასაკვირი არაა.

ყველაზე მეტად მაშფოთებს ერთი რამ - გავიხსენოთ 2007-2008 წლები, როცა ძმები „გრეჩიხები“ იყვნენ მამოძრავებელი მუხტი ქართული ოპოზიციისა, მაშინ ყველაზე მეტად გამოიკვეთა და ფიგურირებდა ასეთი თემა, რომ „გრეჩიხები“ არიან ჯიგარი ქართველები, რომლებიც ატარებენ ყველა იმ თვისებას, რაც არის ქართველისთვის დამახასიათებელი. შესაბამისად, ვნახეთ, რა ტიპის დეგრადაციას განიცდის ამ ტიპის ქართველი დღემდე ანუ როგორია ჯიგარი ქართველი (ჩემი გადასახედიდან, ეს კატეგორია არის არა ქართველების, არამედ, სწორედ ის, რასაც „გრუზინს“ ვეძახით), როგორი სახის მეტყველება აქვს „გრუზინს“ - ეს კლიპი არის ამის საუკეთესო დემონსტრირება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის უფრო მეტად მასკულინური ნაწილის სახის მეტყველება ამ საზოგადოებისა, ჩვენ ბევრად ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე...

ეს არის მუსიკითა და ვიზუალური ეფექტებით გადმოცემული პოლიტიკური მრწამსი, რომელსაც აქვს აბსოლუტურად შესაბამისი ფსიქოლოგიური კონტექსტი და რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ჩვენი მრწამსია არა ევროპას, არა რუსეთს და არის პროქართულიო, ეს არ არის ქართული ესთეტიკა.

ის, რაც „უცნობმა“ მოიტანა, არანაირად ქართული ესთეტიკა არ არის. სასაცილო იქნება, რომ ამ კლიპზე, როგორც ნაწარმოებზე, სერიოზულად ვიმსჯელოთ, უბრალოდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის „გრუზინული“ სახის მეტყველების საუკეთესო ნიმუში, რომლითაც გადმოცემულია მათი პოლიტიკური და რაც ყველაზე მთავარია, მათი მენტალური, სულიერი მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ მძიმეა.

ეს არის თვითუარყოფის რეჟიმში გადასული საზოგადოება, განსაკუთრებით მასკულინურ ნაწილს ვგულისხმობ, რადგან მათი ძირითადი რისხვა მიმართულია ქალების წინააღმდეგ და ყველაზე უხეში ფორმითაა გამოხატული.

თუ გრძნობთ, ქალისადმი დამოკიდებულება ამ კლიპშიც კარგად ჩანს. სკოლის მოწაფემაც იცის ინისა და იანის - ქალური და მამაკაცური ენერგიების შესახებ უკვე და ეს ადამიანები საკუთარ თავსვე უარყოფენ, როცა ქალის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ავლენენ.

ეს კლიპი, როგორც ჩანს, გათვლილია მისივე და უფროსი თაობისკენ. ჩვენი საზოგადოების გრადაცია ძალიან მარტივად არის ჩამოყალიბებული, ძირითადი გამყოფი ხაზი გადის „გრუზინებსა“ და ქართველებს შორის. შესაბამისად, ის ახალგაზრდა თაობა, რომლის გემოვნება ზოგჯერ ჩვენთვისაც გაუგებარია, სულ სხვა მენტალობის მქონე თაობაა და ეს ესთეტიკა მათთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია.

ამიტომ, ესთეტიკა, რომელიც კლიპშია წარმოდგენილი და არაფერი აქვს საერთო ქართულთან, არის დროს სრულიად აცდენილი. შესაბამისად, ეს არის მილევად რეჟიმში მყოფი საზოგადიებისთვის განკუთვნილი და უნდა ვაცადოთ დასრულება“.

ავტორი: თიკა ცაავა