ვინ არის მამაკაცი, რომელიც ქალებს სადარბაზოებში ხვდება, ძარცვავს და სხეულს დანით უსერავს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაერთხელ გაგიგონიათ, რა უჭირდა იმის ფასი, ეს რომ გააკეთაო. სხვის ომში ყველა ბრძენიაო და ხალხი ფიქრობს, რომ ვიღაც სხვანაირად უნდა მოქცეულიყო, კონკრეტულ შემთხვევაში, ესა თუ ის საქციელი არ უნდა ჩაედინა, მაგრამ ურემი რომ გადაბრუნდება და გზა გამოჩნდება, მაშინ ყველაფერი ძალიან ადვილია. მანამდე კი... ხშირად შეცდომებს მშობლებიც ვუშვებთ, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს და გვიჭირს მაშინაც კი, როცა ზუსტად ვიცით, რომ დავაშავეთ და შვილს რაღაც დავაკელით. უფრო სწორად, კი არ დავაკელით, გაგვეპარა კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ მომენტში, უდროობის ან იმ დროის უხასიათობის გამო, არ მოვუსმინეთ, არ შევისმინეთ...

საბჭოთა კავშირში სერიული მკვლელებისა თუ მანიაკების არსებობა მხოლოდ მაშინ აღიარეს, როცა ნამდვილი სატანა, ანდრეი ჩიკატილო დააკავეს. ამის დამალვა, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანი კლავდა ბავშვებს, მოზრდილებს, გარდაცვლილებს აუპატიურებდა, რამდენიმეს სხეულის ნაწილიც მოაჭრა და შეჭამა. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა საქართველოში, როცა ერთი თვის განმავლობაში, ერთი და იმავე ხელწერით, სამი დანაშაული მოხდა. ახალგაზრდა გოგონებს ვიღაც სადარბაზოში ხვდებოდა, მძივსა და საყურეებს ხსნიდა და მკერდზე დანას უსვამდა. ჰო, არ კლავდა, უბრალოდ, სხეულს უსერავდა და შემთხვევის ადგილიდან გარბოდა.

პირველი შემთხვევა ჩვეულებრივ კრიმინალურ ძარცვად შეფასდა, მეორე შემთხვევამ ძალოვნები უკვე ჩააფიქრა, მესამე შემთხვევის შემდეგ კი, არაოფიციალურად, თათბირზე აღიარებულ იქნა - საქმე სერიულ დამნაშავესთან ჰქონდათ, რომელიც მკაცრად გაწერილი გეგმით მუშაობდა და რაც მთავარია, კვალს არ ტოვებდა. დაზარალებულები დამნაშავის სახის აღწერას ვერ ახერხებდნენ, რადგან სახე დაფარული ჰქონდა და თავს მოულოდნელად ესხმოდა. ხელწერა ყოველთვის ერთი იყო და შემთხვევებს ისიც აერთიანებდა, რომ ქალები შინ მეტროთი ბრუნდებოდნენ ანუ დამნაშავე სწორედ მეტროში ირჩევდა მსხვერპლს, შემდეგ სადარბაზომდე მიჰყვებოდა, სადარბაზოში შესულებს კი მოულოდნელად ესხმოდა თავს, ერთი ხელით (ხელზე ხელთათმანი ეკეთა) პირს უფარავდა, რომ არ ეყვირათ და აიძულებდა, ოქროული მოეხსნათ, შემდეგ კი იმ დანით, რომელიც მეორე ხელში ეჭირა, ჭრილობას აყენებდა და გარბოდა. ყველაფერი ღამის საათებში ხდებოდა და კორპუსებს შორის გასაძრომებში დამნაშავის კვალი იკარგებოდა. დაზარალებული ქალები ამბობდნენ, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა, მაღალი და საკმაოდ ძლიერი იყო, რადგან ხელებს რკინის სალტეებივით აჭდობდა და განძრევის შესაძლებლობას არ აძლევდა.

ოპერმუშაკებმა მეტროს სადგურებთან პატრულირება დაიწყეს. ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გადაცმულნი და სწორედ მაღალ, ძლიერი აღნაგობის ბიჭებს აკვირდებოდნენ. მართალია, ვისაც საეჭვოდ მიიჩნევდნენ, უკან მიჰყვებოდნენ, მაგრამ ორკვირიანმა პატრულირებამ შედეგი არ გამოიღო. სამაგიეროდ, კიდევ ერთი თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა და ამჯერადაც ყველაფერი ერთი-ერთში მოხდა. რაც მთავარია, ოქროს შემსყიდველების შემოწმებამ უშედეგოდ ჩაიარა - თავდამსხმელი ნაძარცვ ნივთებს ან არ ყიდდა, ან ისე ყიდდა, რომ რომელიმე ოქრომჭედელი ხელს აფარებდა. ორივე შემთხვევაში, სამართალდამცავებისთვის სანუგეშო არაფერი იყო. პატრულირება გაგრძელდა და ძალოვნები იღბლიან შემთხვევას ელოდნენ, მაგრამ იღბალი არსად ჩანდა. ამის მიუხედავად, მორიგი თავდასხმის დროს, შემთხვევით, მეზობელმა გამოიხედა და მაშინვე მილიციაში დარეკა. სამართალდამცავებმა მთელი უბანი, პრაქტიკულად, ალყაში მოაქციეს და ბრძანებაც მიიღეს - დაეკავებინათ ყველა, ვინც საშუალოზე მაღალი და სპორტული აღნაგობის იქნებოდა. ასეთი 13 პირი აღმოჩნდა და ყველა განყოფილებაში მიიყვანეს. დაკითხვისა და გადამოწმების შედეგად, საეჭვო მხოლოდ ორი პირი შერჩათ - ერთს ჯიბეში ნარკოტიკი უპოვეს, მეორე კი ძარცვისთვის ორჯერ იყო ნასამართლევი, მაგრამ არც ნარკოტიკი და არც ნასამართლეობა არ იყო იმის საფუძველი, რომ რომელიმესთვის ბრალი წაეყენებინათ, თანაც ერთსაც ვერ უპოვეს ხელთათმანი, დანა და წართმეული ოქროს საყურეები. ამიტომ, ყველა დაკავებული გაათავისუფლეს და მესამე დღეს...

ერთ-ერთმა ოქრომჭედელმა დარეკა, რომ ვიღაცამ ოქროს საყურეები მიუტანა და კაცი იმდენად დაბნეულად იქცეოდა, რომ ოქრომჭედელს საეჭვოდ ეჩვენა. ამიტომ, ფულისთვის ორი საათის შემდეგ დაიბარა და ძალოვნებს შეატყობინა. სამართალდამცავებმა ჩასაფრება მოაწყვეს და 60 წელს მიტანებული მოხუცი დააკავეს. საყურეები ზუსტად ის იყო, რომელიც ბოლო თავდასხმის დროს შეხსნეს დაზარალებულს.

„რა ყაჩაღობა და ძარცვა, მეეზოვე ვარ. ეს საყურეები კი ორიოდე დღის წინ, დილით, სანაგვე ყუთში ვიპოვე. დანასთან და ხელთათმანებთან ერთად ეგდო, მაგრამ ისინი არ ავიღე, შემეშინდა“, - განაცხადა მოხუცმა.

ეს კი ერთადერთ რამეს ნიშნავდა - იმ დღეს მილიციის თანამშრომლებმა ნამდვილი დამნაშავე დააკავეს. როცა მთელი უბანი გადაიკეტა, დამნაშავე მიხვდა, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ, ამიტომ ნივთმტკიცება მოიშორა და დაკითხვაზეც ძალიან მშვიდად მოიქცა ანუ რეალური დამნაშავე იმ 13-დან ერთ-ერთი იყო, მაგრამ რომელი? გამომძიებლებმა ყველას შესწავლა დაიწყეს, მაგრამ კვლავ მხოლოდ იმათზე შეჩერდნენ, რომლებზეც ეჭვი ადრევე შეეპარათ - ნარკოტიკების მომხმარებელსა და ორჯერ ნასამართლევზე. ამიტომ, მათ თვალთვალი დაუწყეს და ამაოდ - მორიგი ძარცვა მალევე მოხდა და ამ დროს, ორივე ეჭვმიტანილი ოპერმუშაკების თვალთახედვის არეში იყო ანუ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. იმის გამო, რომ საქმე უკვე მოსკოვამდე იყო მისული, გამოიყო შესაბამისი ოდენობის თანამშრომელთა რაოდენობა და თვალთვალი უკვე დარჩენილ 11 პირზე დაწესდა. დაიწყო ნერვების თამაში და მოლოდინის რეჟიმი, რომელიც არავინ იცოდა, რამდენხანს გაგრძელდებოდა. მეტიც, სამართალდამცავები უმძიმეს დღეში აღმოჩნდებოდნენ, თუ დანაშაული კვლავ მოხდებოდა და 11 ობიექტიდან დამნაშავე ერთიც არ იქნებოდა, თუმცა...

კვირაზე მეტი იყო გასული, როცა ერთ-ერთმა ჯგუფმა დარეკა - დამნაშავე შევიპყარით, ფაქტზე დავაკავეთ, მან არა მხოლოდ ქალის დაჭრა მოასწრო, დანა ერთ-ერთ ოპერმუშაკსაც დაუსვა, მაგრამ მეორემ მოახერხა და გაქცეულს ტყვია დაადევნა, ფეხში გაარტყა და დააკავა. დაკავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და როცა მისი ვინაობა გაიგეს, გამომძიებლებმა პირი დააღეს. ეს იყო 11-დან ერთ-ერთი, მაგრამ ისეთი, რომელიც თავიდანვე გამორიცხეს შესაძლო დამნაშავეების სიიდან, რადგან მისი მშობლები - დედაც და მამაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ და მეტიც, მამამისს დიდ პარტიულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. როცა დაკავებულის მშობლებმა მომხდარის შესახებ გაიგეს, საავადმყოფოსთან მივიდნენ და ლამის მეორედ მოსვლა მოაწყვეს, თუმცა მათ აუხსნეს, რომ შვილის წინააღმდეგ უტყუარი ფაქტები ჰქონდათ და ისინი ვეღარაფერს შეცვლიდნენ.

„შეიძლება ითქვას, ფუფუნებაში გავიზარდე, ყველა თანატოლს ჩემი შურდა, რადგან მქონდა უამრავი სათამაშო, მქონდა ველოსიპედი, მაგრამ როცა გავიზარდე, მშობლები, პრაქტიკულად, არცერთ სურვილს არ მისრულებდნენ. მეტიც, როცა ყოფილი თანაკლასელები, ან მოქმედი თანაჯგუფელები სადმე მიდიოდნენ გასართობად, მშობლები იქ წასასვლელ ფულსაც არ მაძლევდნენ, მეუბნებოდნენ, ფულის ყადრი უნდა ისწავლო და არ უნდა გაფანტოო. არადა, საუბარი სულ რაღაც 10 და 20 მანეთზე იყო და ეს მაშინ, როცა დედაჩემი სილამაზის სალონებში, ვარცხნილობასა და მანიკურზე, კვირაში 30 მანეთს ხარჯავდა, მამაჩემის ერთი შარვალ-კოსტიუმი, რომელიც სპეციალურად ჩეხეთიდან ან იუგოსლავიიდან ჩამოჰქონდათ, 300 მანეთი ღირდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ფული ჩემით მეშოვნა და ვშოულობდი ისე, როგორც შემეძლო. რაც შეეხება იმას, რატომ ვსერავდი ქალებს, მინდოდა, ადამიანებს ეგრძნოთ ტკივილი, ისეთი ტკივილი, როგორსაც მე ვგრძნობდი. მთელი სხეული დასერილი მაქვს უხილავი იარებით“, - განაცხადა დაკავებულმა.

რაც შეეხება ნაძარცვ ოქროს, დამნაშავე მარტივად იშორებდა, ოქრო საქართველოში ყოველთვის ფასობდა და სამკაულებს სოლიდურად ჩაცმულ ქალბატონებს სთავაზობდა მესამედ ფასად. ასე ყიდდა და მართალია, უდიდესი ალბათობით, მყიდველები ხვდებოდნენ, რომ ეს ოქროული მოპარული იყო, მაგრამ მესამედ ფასს დიდი სიამოვნებით იხდიდნენ, მით უმეტეს, ისეთ ადამიანთან, რომელსაც პირველად ხედავდნენ და სავარაუდოდ, აღარასოდეს შეხვდებოდნენ. სასამართლომ ყველა საქმე გააერთიანა და დაკავებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მშობლებმა „უღირსი შვილის“ დაცვა გადაიფიქრეს, მასზე უარიც კი თქვეს, მაგრამ ამან არ უშველა - ორივეს კარიერას ჯვარი დაესვა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე