რატომ აჩუქა მამაკაცმა ცოლის საყვარელს სამშენებლო კომპანია

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ოჯახური სამკუთხედის უცნობი დეტალები

 

ბათო ჯაფარიძე

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ორიოდე წლის წინ, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. რატომ არ ჰპოვა ამ ისტორიამ დიდი გამოხმაურება და რატომ არ გახდა საინფორმაციო საშუალებების განხილვის თემა, თავად მიხვდებით. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ ოჯახურ კონფლიქტს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით...

 

საღამოს საათებში, კლინიკაში, 40 წლამდე მამაკაცი მიიყვანეს. სწორედ რომ მიიყვანეს, რადგან სიარული არ შეეძლო, ორივე ფეხი გადამტვრეული ჰქონდა და ექიმებმა, სანამ ოპერაციას დაიწყებდნენ, პოლიციაში დარეკეს. აშკარა იყო, დაზარალებულს ფეხის ძვლები რაღაც საგნით დაამტვრიეს - რკინის  მილით ან ბეისბოლის ჯოხით და შემდეგ გაირკვა, რომ ექიმები არ ცდებოდნენ - საქმეში ბეისბოლის „ბიტა“ გამოჩნდა. დაზარალებული მშვიდად ჰყვებოდა, შინ მეძინა, ხმაურზე გამეღვიძა, ეზოში გამოვედი, უცხო მამაკაცი შევნიშნე ნიღბით, რომელიც მოტოციკლის მოპარვას აპირებდა და როცა გადავწყვიტე დამეკავებინა, ბეისბოლის „ბიტით“ თავს დამესხა და ფეხები დამიმტვრიაო. სამართალდამცავებს ეს ჩვენება თავიდანვე საეჭვოდ ეჩვენათ ორი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ ორივე ფეხი საგულდაგულოდ იყო დაჩეჩქვილი, თავდამსხმელი კი ასე არ იქცევა. საკმარისი იქნებოდა, მას დაენახა, რომ სახლის მეპატრონეს ერთი ფეხი მოსტეხა, მაშინვე გაიქცეოდა, დროს არ გაწელავდა და მეორეც - დაზარალებული უშიშროების ყოფილი თანამშრომელი იყო, წლების წინ, სამსახურიდან ბიზნესის საკეთებლად რუსეთში წასული და სახლში ოფიციალურად ჰქონდა იარაღი. ის არანაირი ლოგიკით, ჯოხით შეიარაღებულ თავდამსხმელს არ უნდა შებმოდა, იარაღი უნდა გამოეტანა და მარტივადაც დააკავებდა. გამოძიების ვერსია მას შემდეგ გამყარდა, რაც მეზობლებმა თქვეს, რომ ხმაურზე ეზოში შევიდნენ და ნიღბიანი პირი არ უნახავთ, ეზოში დაზარალებულის ნათესავი ბიჭი იდგა ბეისბოლის ჯოხით, ხოლო მეუღლე მშვიდად უყურებდა, როგორ იკლაკნებოდა ტკივილისგან მისი ქმარი.

„სამი თვეა, რაც ეს ნათესავი გამოჩნდა და ამათთან ცხოვრობს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ იმ ქალის საყვარელია და უბრალოდ, ქმარმა მოუსწრო. მერე მოხდა ის, რაც მოხდა და თავდასხმა და მოტოციკლის ქურდობის მცდელობა არ ყოფილა. ისე, ეგ ქალი სამი წლის წინაც გამოიჭირა ქმარმა, მაშინ შიშველი კაცი გამორბოდა მაგათი ეზოდან, მაგრამ მერე მიივიწყეს ეს ამბავი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ნათესავი სამართალდამცავებმა მალე იპოვეს. დაძალება საჭირო არ იყო,  მოჰყვა, რომ მოსკოვიდან სამი თვის წინ ჩემოვიდა, ნათესავთან დასახლდა, რადგან საქართველოში ყველაფერი გაყიდა და რუსეთის ვალები გადაიხადა. მის ცლთან ლოგინში როგორ აღმოჩნდა, აღარც კი ახსოვს, მაგრამ ურთიერთობა ჩამოსვლიდან ერთ თვეში დაიწყო, მერე ქმარმა მოუსწრო და თავს ხომ არ მოაკვლევინებდა, ბეისბოლის ჯოხი გამოიყენა და სანამ გამოჯანმრთელდება, რუსეთში წასვლასაც ვაპირებო, დააყოლა. სხეულის განზრახ დაზიანების გამო, ბიჭი დააკავეს და დასაკითხად ისევ უშიშროების ყოფილ თანამშრომელთან მივიდნენ.

„ტყუილია, ღალატის სცენა არ მინახავს, ნათესავია და მინდოდა, დამეცვა, ვერ ხვდება, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. შელაპარაკება მოგვივიდა, გადაირია და ცემა დამიწყო. ამიტომ მოვიფიქრე ყველაფერი, მაგრამ რა გაეწყობა, რადგან თავად აღიარებს, მეც ვიტყვი, რომ მან მცემა, მაგრამ ჩემს ცოლთან არაფერი ჰქონია“, - განაცხადა დაზარალებულმა, მაგრამ აშკარა იყო, ტყუოდა, რადგან ძალოვნებს ქალიც დაკითხული ჰყავდათ და მან ზუსტად იგივე ჩვენება მისცა, რაც ნათესავმა ბიჭმა.

ამავდროულად, გაირკვა ისიც, რომ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა თან დიდი ფული ჩამოიტანა, დედაქალაქში რამდენიმე ობიექტი იყიდა და საერთო ჯამში, ოთხ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. სად და როგორ იშოვა ეს თანხები, არავინ იცოდა, მაგრამ მალე გაირკვა ისიც, რომ მისი პარტნიორი მოსკოვში, დაკავებული ბიჭის მამა იყო, რომელიც... რუსეთის დედაქალაქში მოკლული მას შემდეგ იპოვეს, რაც დაზარალებული საქართველოში დაბრუნდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ნათესავებს შორის, რაღაც მოხდა და ბიჭი შურის საძიებლად ჩამოვიდა. თუმცა, თუ ეს ვერსია სიმართლესთან ახლოს იყო, რას ელოდა ის სამი თვის განმავლობაში? სრული ინფორმაციისთვის, ქართველმა კოლეგებმა არაოფიციალურად რუს კოლეგებს მიმართეს. რადგან საქმეში უშიშროების ყოფილი თანამშრომელი იყო, საჭირო გახლდათ, ყველაფერი დეტალებში გარკვეულიყო. რუსეთდან პასუხი მალე მოვიდა და როგორც მოსკოვიდან იწერებოდნენ, ბიჭის მამა, სავარაუდოდ, მევალეებმა მოკლეს. მას და უშიშროების ყოფილ თანამშრომელს, მოსკოვსა და მის შემოგარენში, ავტოსალონები ჰქონდათ გახსნილი და ახალი მანქანებით ვაჭრობდნენ. ავტოსალონთა რაოდენობამ 60-ს რომ გადააჭარბა, ერთ დღეს, პრაქტიკულად, ყველა მანქანა გაიყიდა, სალონები დაიხურა და ერთ-ერთი მეწილე ანუ ამჟამინდელი დაზარალებული სადღაც გაქრა (სადღაც რა, საქართველოში წამოვიდა), მეორემ კი ვერ გამოასწრო და ის გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ სწორედ მევალეებმა გამოუყვანეს წირვა.

როგორც კი რუსეთი და ავტოსალონები ახსენეს, უშიშროების თანამშრომელი დაიბნა, მაგრამ თავი დროზე მოთოკა და განაცხადა, ვიმუშავე, ფული დავაგროვე, საქართველოში, ჩემს სამშობლოში დავბრუნდი და აქ ინვესტიცია განვახორციელე, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავო. რაც ყველაზე საინტერესოა, აღნიშნულ საქმეზე მოსკოვში არავის ჰქონდა განცხადება დაწერილი ანუ არავინ არაფერს ჩიოდა და  ამას ძებნილის სტატუსიც არ ჰქონდა. საჭირო იყო, დაკავებულ ბიჭს ესაუბრა, მაგრამ საუბრის სანაცვლოდ, მისთვის რაღა უნდა შეეთავაზებინათ და ეს რაღაც თავისუფლება იყო, ოღონდ, პირობითი სასჯელით. ბიჭმა მოსაფიქრებლად ორი დღე ითხოვა, შემდეგ კი გამომძიებელს ქაღალდი და კალამი გამოართვა და უთხრა, რამე რომ არ გამომრჩეს, მირჩევნია, დავწერ, მერე კითხვები თუ გაგიჩნდებათ, გიპასუხებთო. სამი დღე აწვალა ბიჭმა კალამი და ფურცელი, სამი დღე ელოდნენ სამართალდამცავები...

„ამ არაკაცს და მამაჩემს საერთო ბიზნესი ჰქონდათ. ავტოსალონები გახსნეს მოსკოვში და სხვებზე იაფად ჰყიდდნენ მანქანებს. გეგმა და მიზანი მარტივი იყო - ბევრი სალონი, მინიმალურ მოგებაზე მუშაობა და ბევრი გაყიდული მანქანა. საბოლოო ჯამში, დღეში თითოს ორი ათას დოლარამდე რჩებოდა სუფთა მოგება, მაგრამ ეს იძახდა, ცოტააო. შემდეგ მამაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები  შეექმნა, საავადმყოფოში დაწვა, ერთი ოპერაცია გაუკეთეს, მერე მეორე... სალონებს ეს მართავდა და როცა საავადმყოფოდან გამოსვლას სამი დღე აკლდა, ვიღაც ტიპები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მათი ვალი გვქონდა. მამა გაოცდა და როგორც გაირკვა, ესენი დილერების წარმომადგენლები იყვნენ. თურმე, სანამ მამაჩემს საქმეებისთვის არ ეცალა, მისმა პარტნიორმა სალონები მანქანებით გატენა, შემდეგ კი ლამის ნახევარ ფასში გაყიდა, ფული აიღო და საქართველოში წამოვიდა. ასე შერჩა მამაჩემს მილიონობით ვალი და... კი ამბობენ ექიმები, მუცელში ხელი დაარტყეს, ნაკერები გაეხსნა და მაგიტომ გარდაიცვალაო, მაგრამ მე მის სიკვდილში ამ არაკაცს ვადანაშაულებ. საქართველოში ყველაფერი გავყიდე, რაღაც ნაწილი გავისტუმრე, მოსკოვში ბინაც დილერებს  გადავუფორმე და აქ წამოვედი, ეს რომ მომეკლა. ისე მიმიღო, თითქოს არაფერი მომხდარა და მეც მასთან ცხოვრება დავიწყე. ვიფიქრე, ეგებ, ფულის სამალავს მივაგნო-მეთქი. მერე მის ცოლთან რომანი გავაბი, ესეც შურისძიების  ერთ-ერთი გზა იყო, ხვდებოდა, განა არ ხვდებოდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ცოლიც ემუქრებოდა, პირს მოვაღებ და დაგიჭერენო. იმ დღეს კი პირდაპირ საძინებელში შემოგვისწრო და ატეხა ერთი ამბავი. ცემითაც ამიტომ ვცემე სამაგალითოდ, იმედია, ნორმალურად ვერასდროს გაივლის“, - ასეთი იყო აღიარების მოკლე შინაარსი.

ჩვენების მიუხედავად, უშიშროების ყოფილ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად ვერაფერში წაუყენეს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მან ჩვეულებრივად გააგრძელა ბიზნესის მართვა. ბიჭს, რომელიც მისი ცოლის საყვარელი იყო, სამშენებლო კომპანია მისცა და თან ისეთი კომპანია, რომლის საშუალებითაც დღეს ეს ბიჭი თბილისში ორ კორპუსს აშენებს.