როგორ დაგეგმა მოღალატე ცოლმა ქმრის მკვლელობა - საბედისწერო მასრა, რომლითაც გამოძიება დამნაშავეზე გავიდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

  ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 სუიციდი - შემთხვევა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება. თვითმკვლელობები ადრეც იყო, თუმცა არ შუქდებოდა და მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრე იგებდა, ამა თუ იმ პიროვნებამ თავი მოიკლაო. საბჭოთა კავშირის დროს, თვითმკვლელობებს ვინ გააშუქებდა? - საბჭოეთში ცხოვრება ხომ ბედნიერება იყო და ამ სტატისტიკას საგულდაგულოდ მალავდნენ. ამიტომაც, მაქსიმალურად კონტროლდებოდა სუიციდის შემთხვევები და ტელევიზით არასდროს შუქდებოდა.

 „1985 წლის ზაფხული იყო, როცა დარეკეს, ერთ-ერთი ბინიდან ორი გასროლის ხმა გავიგეთო. რა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილზე გავედით და ბინის კარი შევამტვრიეთ, რადგან შიგნიდან არავინ გააღო. მისაღებ ოთახში, სისხლის გუბეში 50 წლამდე მამაკაცი იწვა, გვერდით პისტოლეტი ეგდო, საფეთქელთან კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა უჩანდა. ყველაფერი თვითმკვლელობაზე მიუთითებდა და იმის გათვალისწინებით, რომ კარიც ჩვენ შევამტვრიეთ, ეს ვერსია ეჭვს არ იწვევდა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა სახლი დაათვალიერეს, ექსპერტმა საკეტი შეამოწმა და დაადასტურა, რომ გასაღებით იყო გაღებული ანუ ვიღაცას რომ „ატმიჩკით“ გაეღო და შემდეგ დაეკეტა, გამორიცხული იყო. ცოლი ლამის ზედ დააკვდა ქმარს და საქმე დასახურად იყო განწირული, როგორც სუიციდი, მაგრამ გამომძიებლებს მოსვენებას სამი მეზობლის ჩვენება არ აძლევდა. ისინი, ვინც გასროლის ხმა გაიგეს, ამტკიცებდნენ, რომ გასროლა ორი იყო და მილიციის თანამშრომლებმა ვერც მეორე მასრა იპოვეს, ვერც - მეორე ნატყვიარი. ვერსია, რომ ტყვია, შესაძლოა, ფანჯარაში გავარდა, გამორიცხული გახლდათ - ფანჯრები დახურული იყო. ამასობაში, ექსპერტიზამ კიდევ ერთი დასკვნა დადო - გასროლა გარდაცვლილმა განახორციელა, სასხლეტზე მისი თითის ანაბეჭდია და ხელზეც დენთის კვალი აღენიშნებაო.

ძალოვნებს სხვა გზა, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ, საქმე უნდა დახურულიყო. მით უმეტეს, რომ სამსახურში გარდაცვლილს დადებითად ახასიათებდნენ.

„მსხვერპლი ექიმად მუშაობდა და უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა. ისიც მოვიკითხეთ, ხომ არ უმკურნალა ვინმეს ისეთს, რომელიც შემდეგ ან გარდაიცვალა, ან დაინვალიდდა... ასეთს ვერავის მივაგენით. კაცს დიდი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. წლების წინ, სიმსივნით ცოლი გარდაეცვალა, შემდეგ ერთადერთი შვილი - ბიჭი გზაზე გადადიოდა და მოტოციკლეტი შეეჯახა. მამაკაცს სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ გაუძლო, შემდეგ კი მომავალი მეუღლე გაიცნი, რომელიც ორ ბიჭს მარტო ზრდიდა, ცოლად მოიყვანა და ბიჭებსაც შვილებივით ექცეოდა. უფრო მეტიც, ცოლი ახალი დაბრუნებული იყო ბულგარეთიდან, სადაც კაცმა დასასვენებლად გაუშვა, თავად კი პაციენტებს ვერ მოსწყდა ანუ ოჯახს საპრეტენზიო არაფერი ჰქონდა და იმის მიუხედავად, რომ უფროსი გერი ქურდობისთვის იყო ნასამართლევი, მასზე მეტი სამართალდარღვევა არ ირიცხებოდა. მამინაცვალმა იმდენი ქნა, ციხიდან გათავისუფლებული გერი სამუშაოდ მოაწყო და ცხოვრების გზაზე დააყენა.

„სწორედ მაშინ, როცა ვფიქრობდით, რა მიმართულებით წავსულიყავით, ჩემთან ერთი ახალგაზრდა ოპერი მოვიდა და აღელვებულმა მითხრა, იმ კაცს თავი არ მოუკლავსო. რა თქმა უნდა, ეჭვი ჩვენც გვქონდა, მაგრამ ასე დაბეჯითებით ვერ ვამბობდით. ამან კი, თევზაობა მიყვარს და იმ კაცის სახლში ჩხრეკა რომ ჩავატარეთ, ანკესის ჯოხებს კოჭა შებრუნებული ეყენა, ასე კოჭას მხოლოდ ცაციები აყენებენ, მერე სამსახურში მივედი იმ კაცთან და ყველამ დამიდასტურა, რომ მემარცხენე იყოო. ნასროლი კი მარჯვენა ხელით ჰქონდა, რაც ცაციას შემთხვევაში, გამორიცხული გახლდათ ანუ ისე გამოდიოდა, რომ მკვლელი ან კარგად არ იცნობდა მსხვერპლს, ან ვერ მოიფიქრა, რომ სამართალდამცავები ამას ყურადღებას მიაქცევდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ყველაფერ ამას ისიც ემთხვეოდა, რომ მეზობლები, რომლებმაც სროლის ხმა გაიგონეს, ჯიუტად ამტკიცებდნენ, ორი გასროლა იყოო. შეუძლებელია, მიღებული ჭრილობის შემდეგ გარდაცვლის გაესროლა ანუ მეორე გასროლა მკვლელს რაღაცისთვის დასჭირდა, მაგრამ რისთვის და რაც მთავარია, სად იყო ტყვიის მასრა ან გულა, რომელსაც გამადიდებელი შუშით ძებნის მიუხედავად, სამართალდამცავებმა, უბრალოდ, ვერ მიაგნეს? ის, რომ მოკლულს ცოლსა და გერებზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, ყველა ამტკიცებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ მარჩენალისა და ოჯახის მოსიყვარულე უფროსის გარდაცვალება ხელს არ აძლევდათ. სახლიდან არაფერი არ იყო წაღებული და ეს მაშინ, როცა ორი ათასი მანეთი იქვე იდო, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხად ითვლებოდა. ყველაფერი შურისძიებაზე მიუთითებდა, მაგრამ შურისმაძიებელიც რომ არ ჩანდა?

„როცა საქმე ადგილიდან არ იძვრის და არც ეჭვმიტანილი გყავს, ქალი უნდა ეძებო. ჰო, ის საბედისწერო ქალი, რომელიც ყველა მამაკაცის ცხოვრებაშია და ჩვენც ქალის ძებნა დავიწყეთ, რაც იოლი ნამდვილად არ იყო. ვერცერთი მეგობარი და თანამშრომელი ვერ იხსენებდა, რომ გარდაცვლილს ვინმესთვის ორაზროვანი კომპლიმენტი ეთქვა ან რაიმე სასიყვარულო ისტორიაში ყოფილიყო გახვეული. ის იყო ოჯახის ერთგული, მოსიყვარულე მეუღლე და რადგანაც მის ირგვლივ ცოლის გარდა სხვა ქალი, უბრალოდ, არ არსებობდა, ცოლის გარემოცვის შესწავლა დავიწყეთ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გამოძიებისთვის ცნობილი იყო, რომ ქმრის სიკვდილამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, ქალი სამოგზაუროდ იყო იმ საგზურით, რომელიც ქმარმა სპეციალურად მისთვის შეიძინა. დაკითხეს ყველა, ვინც იმ მოგზაურობაში იყო, ხომ არ შეუმჩნევიათ ქალისთვის რაიმე საეჭვო, თუმცა ვერავინ ვერაფერი გაიხსენა, მაგრამ... როგორც წესი, საბჭოთა კავშირიდან წასულ ექსკურსიებს მუდმივად ახლდა უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ვალდებული იყო, ყველაფერი სცოდნოდა. სწორედ მან უთხრა სამართალდამცავებს, ქალი სასტუმროს საღამო ხანს ტოვებდა და ვიღაც ფერადკანიანთან ერთად, მთელი ღამე პლაჟზე იმყოფებოდა. ის ფერადკანიანი რიგითი დამსვენებელი იყო და ამიტომ, უშიშროების თანაამშრომელი არ ღელავდა. მით უმეტეს, სიბნელეში, რამდენჯერმე მათ საუბარს მოუსმინა და საეჭვო არაფერი იყო - მათ რიგითი საკურორტო რომანი ჰქონდათ. გამომძიებლებმა ამჯერად არა მხოლოდ გარდაცვლილის ბინის, არამედ, მისი გერის სახლის გაჩხრეკვაც გადაწყვიტეს. გერი, რომელიც ნასამართლევი იყო, ცალკე ცხოვრობდა და სწორედ მისი ბინის ჩხრეკისას იპოვეს ტყვიის ცარიელი მასრა, რომელიც მას სპორტულის ჯიბეში ჰქონდა, ჯიბე გახეული იყო და მასრა სარჩულს ეჭირა. რაღა თქმა უნდა, გერი დააკავეს და იმის მიუხედავად, რომ პირველ დღეს ის მყარად იყო და ჩვენებას არ იძლეოდა, მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც უთხრეს, დედაშენი ალაპარაკდა და ხელს სწორედ შენ გადებსო.

„როცა დედა ბულგარეთიდან დაბრუნდა, შემთხვევით, მამინაცვალმა მის ნივთებში ვიღაც შავკანიანთან გადაღებული ფოტო იპოვა. ის ფოტო მეც ვნახე, დედა და ის კაცი, ლამის შიშვლები, ერთმანეთზე იწვნენ და კოცნიდნენ. მამამ განქორწინება გადაწყვიტა, დედას კი არ უნდოდა დაეკარგა, როგორც სამოთახიანი ბინა, ისე მარჩენალი და რაც მთავარია, მამინაცვლის ანგარიშზე არსებული 25 ათასი მანეთი. ამიტომ, მე მითხრა, თუ მოკლავ, 5 ათას მანეთს მოგცემ და უკეთეს ბინაში იცხოვრებო. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ ცოლი მეორე ბავშვზეა ორსულად, მე კი ერთოთახიანში ვარ და გაფართოების შანსი, უახლოესი 10 წლის მანძილზე, არ მაქვს, ამიტომაც დავთანხმდი. გეგმა დედამ მოიფიქრა და სახლის გასაღებიც მან მომცა. როცა დავაკაკუნე, მამინაცვალმა კარი გააღო. რა თქმა უნდა, არ ელოდა თავდასხმას, ოთახში რომ შევიდა, უპრობლემოდ მივუახლოვდი და საფეთქელში მიბჯენით ვესროლე. მეორე გასროლა კი იმ ტყვიით განვახორციელე, რომელსაც გულა არ ჰქონდა, მხოლოდ დენთი. პისტოლეტი მამინაცვალს ხელში დავაჭერინე და გამოვკარი. ამით შეიქმნა ილუზია, თითქოს, თავი მოიკლა, რადგან ხელზე დენთის კვალი ჰქონდა, მასრა კი წამოვიღე. მეგონა, მასრა გზაში დავკარგე და თავიც დავიმშვიდე, რომ ვერ იპოვეთ. გამოსვლისას, კარი დედაჩემის მიერ მოცემული გასაღებით დავკეტე და შემდეგ დავუბრუნე“, - განაცხადა გერმა.

რა თქმა უნდა, სასწრაფო წესით დააკავეს გარდაცვლილის მეუღლეც. იმის მიუხედავად, რომ მან ყველაფერი უარყო, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და მას, როგორც შემკვეთს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გერს კი 15 წელი მისცეს. ციხე ორივემ ვადაზე ადრე დატოვა, რადგან მომხდარიდან 6-7 წელში, საქართველოში, ციხიდან გამოსვლა ძალიან მარტივი იყო.