ხაშურელმა მამაკაცმა მეზობლის ბიჭი სადისტურად მოკლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 „მიწამ მაქცია მკვლელად“ - ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება

 

ბათო ჯაფარიძე

 

თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად, უბედური შემთხვევების რიცხვმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმატა. საუბარი კონკრეტულად სარკინიგზო შემთხვევებზე მაქვს, მაგალითად, როცა ადამიანები ყურსასმენებით მოძრაობენ და მობილურ ტელეფონში მუსიკას უსმენენ, ლიანდაგზე მოძრაობისას, მატარებლის საყვირის ხმა არ ესმით. ასეთი გარდაცვალების შემთხვევები იყო, როგორც საქართველოში, ისე პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში.

 

„პენსიაზე გასვლამდე, არცთუ ბევრი მიკლდა, როცა ხარაგაულიდან გოგონა მოვიდა. კითხვა-კითხვით მომაგნო, კაბინეტში რომ შემოვიდა, ერთიანად ცახცახებდა, თითქოს ეშინოდა. მერე მითხრა, თქვენთან ერთმა კაცმა მომასწავლაო და ჩემი ძველი ნაცნობი და მეგობარი დამისახელა. ბოლოს ამოღერღა, ქმარი მომიკვდა და ადგილობრივმა პოლიციამ უბედურ შემთხვევად მონათლა, მე კი ვამბობ, რომ მოკლესო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ორიოდე კვირის წინ, ხარაგაულში, რკინიგზის ლიანდაგთან, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარეს და უბედურ შემთხვევად მოინათლეს. საბუთებით ყველაფერი წესრიგში იყო - ექსპერტიზაც და დასკვნებიც. გვამს აშკარად ეტყობოდა დაზიანების ნიშნები, რომელიც მატარებელთან შეჯახების შედეგად მიიღო და ექიმსაც დასკვნა ნამუსიანად ჰქონდა გაკეთებული. დაზიანება თავის ქალაზე, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია, რელსზე შეჯახების შედეგად იყო გამოწვეული. სწორედ იმ ადგილზე, სადაც დაზიანება იყო, ექსპერტმა რელსზე წასასმელი სპეციალური სითხის ნაწილაკებიც ნახა, რელსის კუთხის ანაბეჭდიც ანუ ყველაფერი ეს ეჭვს არ იწვევდა. საინტერესო იყო მემანქანის ჩვენებაც, რომელიც ამბობდა, რომ გზას ყურადღებით უყურებდა, ყველა სანათი მუშაობდა, მაგრამ ბიჭი, თითქოს, გვერდიდან შემოხტა. დარტყმის კვალი მატარებელსაც ეტყობოდა - ბიჭის სისხლით იყო მოსვრილი. საქმეში იდო ყურსასმენები, რომელიც გარდაცვლილს ეკეთა ანუ მუსიკას უსმენდა და სავარაუდოდ, მატარებლის ხმა ვერ გაიგო. შედეგად, გასაკვირი იყო, რატომ ამბობდა მეუღლე, რომ ქმარი მოუკლეს, თუმცა, როცა გამომძიებელმა მოუსმინა, ეჭვები მასაც გაუჩნდა.

„ჯერ ერთი, ჩემი ქმარი სახლში ღამით ბრუნდებოდა და აუცილებელი არ იყო, ლიანდაგზე მატარებლის ხმა გაეგონა, განათებას დაინახავდა. ესეც რომ არ იყოს, აგერ, ჩემი ქმრის ყურსასმენები. როცა ტელეფონი იყიდა, ყურსასმენები უჯრაში ჩადო, არ უყვარდა ხმარება, ერთხელაც არ გამოუყენებია და საიდან მოვიდა ის მეორე ყურსასმენი, არ ვიცი. ახალი, ხელუხლებელი ედო სახლში და იმის ფიქრი, რომ იყიდა, სისულელეა. ჩემი ქმარი მოკლეს და მკვდარი შეუგდეს მატარებელს“, -ამბობდა გოგონა.

მისივე თქმით, ყველაფერზე პოლიციის ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც ესაუბრა, გამომძიებელსაც, მაგრამ არავინ მოუსმინა და საბოლოოდ, ერთი კაცის რჩევით, ბატონ თენგიზთან მივიდა. გამოცდილმა გამომძიებელმა ხელმძღვანელობას ხარაგაულში მივლინება და საქმის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. გოგონას სტუმრობის მეორე დღეს, ხარაგაულში საგამოძიებო ჯგუფი თბილისიდან ჩავიდა, რამაც ადგილობრივი პოლიციის გაკვირვება გამოიწვია.

„რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა, არ მოგეწონოთ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და ამას მოწმობს, როგორც ნივთმტკიცებები, ისე ექსპერტიზის დასკვნები. მესმის, რომ გოგონა ამბობს, ყურსასმენები სახლში ჰქონდა და არ იყენებდაო, მაგრამ კაცია და გუნება, იქნებ, რაღაცის მოსმენა მოუნდა, იქნებ, ის ყურსასმენები იპოვა... მით უმეტეს, მათზე მხოლოდ მისი ანაბეჭდებია ანუ რეალური საფუძველი და მიზეზი, რომ ვიფიქროთ, თითქოს, ეს ყურსასმენები მიუგდეს, ტელეფონზე გაუკეთეს, არ გვაქვს, თანაც ვის რაში სჭირდებოდა ამ ბიჭის მოკვლა? ის ახალი ჩამოსულია რაიონში, მამა-პაპისეული სახლი გაარემონტა, აქ უნდა ვიცხოვრო, ქალაქი მომწყინდაო. ეს გოგოც, როგორც ვიცი, მისი მეგობარია და არა ცოლი“, - უთხრა დედაქალაქიდან ჩასულებს პოლიციის უფროსმა.

მართლაც, საფუძველი თითქოს არ იყო, მაგრამ გოგონამ ისიც თქვა, სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე, ხელი მოვაწერეთ, ჩუმად, უხმაუროდ, არავისთვის გვითქვამს და ამიტომ, ოფიციალური ცოლ-ქმარი ვართო. გამოძიებამ გაარკვია, რომ ბიჭს სახლი მემკვიდრეობით ერგო, თუმცა სოფელში ათი წლის განმავლობაში არ იყო ჩასული. მშობლები ავარიაში დაეღუპა, პაპამ გაზარდა და სახლიც პაპამ დაუტოვა, თუმცა ბიჭი დედაქალაქში ცხოვრობდა და რამდენიმე თვის შემდეგ გაუწია გულმა სოფლისკენ, საცოლეც დაითანხმა და ჩავიდა, სახლი გაარემონტა, მიწა დაამუშავა, მოკლედ, სოფლის ცხოვრებას შეუდგა.

„როცა აქ ჩამოვედით, ყველა მიწა და ნაკვეთი მოიკითხა. მეზობლებმა, რომლებიც ამუშავებდნენ, მარტივად დათმეს, შენია და კარგია, რომ ჩამოხვედიო. სახლის გარემონტებაშიც დაეხმარნენ და ვინმეს რომ ინტერესი ჰქონოდა, არ იკვეთებოდა. ან რა ინტერესი, აგერ, დაუმუშავებელი მიწები იმდენია, კიდევ ორ სოფელს ეყოფა. ამიტომ, ეჭვს ვერავისზე მივიტან. ისე, როცა პირველად ჩამოვედით, მეზობელმა გვითხრა, სახლს ხომ არ გაყიდითო და უარი რომ ვუთხარით, არც კი გაბრაზებულა. შვილებისთვის მინდა სახლი, ნაკვეთი კი მაქვს, მაგრამ აშენება მეზარება, აშენებულს ვეძებო“, - ამბობდა გოგო.

თბილისიდან ჩასულმა ჯგუფმა შემთხვევის ადგილი კიდევ ერთხელ დაათვალიერა. საეჭვო კვლავ ვერაფერი ნახა, თუმცა გამომძიებლის ყურადღება ბეტონის ფილებმა მიიპყრო, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს, პირდაპირ ლიანდაგის გვერდზე ეწყო. ზედა ფილას რამდენიმე ადგილზე მუქი ლაქა ეტყობოდა და ადგილობრივებმა იქვე აუხსნეს, სისხლის ლაქებია, შეჯახება, სავარაუდოდ, ამ ადგილზე მოხდა და სისხლი შეეშხეფაო, მაგრამ თბილისელმა ექსპერტმა თავი გადააქნია, შეუძლებელია ასე მომხდარიყო, ლაქებს ისეთი ფორმა აქვს, რომ სისხლი ზემოდან ქვემოთ დაეწვეთა და არა - გვერდიდანო. ეს პირველი მტკიცებულება იყო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და პირველი ვერსია საეჭვო გახდა. ამან ჩასულებს მეტი აზარტი მისცა და ჯგუფის უფროსმა ახლომდებარე ტერიტორიის ნახევარკილომეტრიან რადიუსში დათვალიერების ბრძანება გასცა.

შედეგი ამანაც გამოიღო - შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 300 მეტრში, ერთ-ერთმა თანამშრომელმა რელსის მცირე ზომის გადანაჭრელი იპოვა, რომელსაც სისხლი ეცხო.

„მივხვდი, რომ მკვლელობის იარაღს მივაგენით. მკვლელმა რელსის ნაჭერი ჩაარტყა მსხვერპლს თავში, შემდეგ მატარებელს დაელოდა და სწორედ იმ ბეტონის ფილებიდან შეუგდო სხეული. ამიტომაც იყო, მემანქანე რომ ამბობდა, გზაზე არაფერი ჩანდა და ბიჭი, თითქოს, მოულოდნელად შემოხტაო. ისიც ადვილი მისახვედრი გახლდათ, რომ მკვლელმა არ იცოდა, გარდაცვლილი ყურსასმენებს რომ არ იყენებდა ანუ მას კარგად არ იცნობდა. საქმე სასწრაფო წესით გადაკვალიფიცირდა, მაგრამ ადგილობრივ სამართალდამცავებს ვუთხარი, რომ ეს არ უნდა გაეხმაურებინათ, რადგან მკვლელი დაფრთხებოდა და შესაძლებელი იყო, არსებული ნივთმტკიცებებიც გაექრო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

რელსის ნაჭერი დედაქალაქში გადააგზავნეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნაც მოვიდა - გარდაცვლილის გარდა, რელსზე კიდევ ერთი ადამიანის სისხლი იყო, სავარაუდოდ, მკვლელის, რომელმაც ხელი გადაჭრილი რელსის ბასრ კუთხეზე დაიზიანა. რაც მთავარია, რელსი ახალი გადაჭრილი იყო, ასეთი მყარი მეტალის გადაჭრა ხარაგაულში ადვილი არ უნდა ყოფილიყო და ახლა მოსაძებნი იყო, ვის შეიძლებოდა, გადაეჭრა რელსი. ამაში დედაქალაქიდან ჩასულებს ადგილობრივი პოლიცია დაეხმარა და ერთ-ერთ მცირე საამქროში მიიყვანა.

„ეს რელსი ჯართში ჩააბარა ვიღაცამ, მერე მე ვიყიდე იაფად და ნაწილ-ნაწილ ვჭრი. ყიდულობენ, სახლში მიაქვთ, ზოგი ლურსმნის გასასწორებლად იყენებს, ზოგი სხვა მეტალის გასაბრტყელებლად. გექნებათ ნანახი სახლებში რელსის პატარა ნაჭრები“,-თქვა მუშამ და ისიც დააყოლა, დაახლოებით, ოცამდე ნაჭერი მაქვს გაყიდული და ყველას ნამდვილად ვერ გავიხსენებო. გამომძიებლებმა მკვლელობის იარაღი უჩვენეს, ის არ იყო დიდი ზომის, ხელში ადვილად დასაჭერი გახლდათ, ასეთს სახლისთვის არავინ იყიდდა და მოაჭრევინებდა. მუშამ დეტალი მაშინვე იცნო - „ასეთი პატარა ნაწილი პირველად მოვჭერი, ვიცი ის კაცი, ვინც არის და სადაც ცხოვრობს, ვკითხე კიდეც, რად გინდა ასეთი მცირე ზომა, ვერაფერში გამოიყენებ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა“, - დაამატა მუშამ და...

ის მეზობელი დაასახელა, რომელმაც გარდაცვლილს სახლის გაყიდვა შესთავაზა. ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავეს. გამოძიებას მტკიცებულება ჰქონდა და სისხლის ჯგუფიც თუ დაემთხვეოდა, სასამართლოსთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდებოდა. სისხლის ჯგუფი დაემთხვა და როცა დაკავებულს წინ რელსის ნაჭერი დაუდეს, ფერი დაკარგა.

„ყველაფერი დალაგებული მქონდა, ის სახლი უნდა მეყიდა, მიწებიც, შვილები სოფლიდან წასვლას არ აპირებდნენ. მოულოდნელად, ეს ლაწირაკი დამადგა, სოფელში გადმოვედი, აგერ, ცოლსაც მოვიყვანო. ვკითხე, ჯერ მოგეყვანა, მერე ჩამოგეყვანა-მეთქი და ხელის მოწერა რა პრობლემააო. მივხვდი, უნდა მემოქმედა, სანამ ხელს მოაწერდა, მანამდე უნდა მექნა საქნელი. ყველაფერი გავთვალე, უფრო სწორედ, ასე მეგონა. დანაშაულს არ ვინანიებ იმიტომ, რომ დავიღალე, მთელი ცხოვრება მიწას ვუყურებ და ბოლოს მაინც არაფერი შემრჩა, მიწამ მაქცია მკვლელად“, - დაასრულა მოყოლა დაკავებულმა...